Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ღონღაძის მკვლელობიდან ათი წელი გავიდა


გიორგი ღონღაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია კიევში
გიორგი ღონღაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია კიევში
როცა ქვეყანაში მოკლული ჟურნალისტის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია იმართება, ადვილი საფიქრებელია, რომ ამ ჟურნალისტისადმი ბევრს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. გიორგი ღონღაძე უკრაინელი ჟურნალისტი იყო, ქართული წარმოშობის, იქ მომუშავე. გამოსცემდა „უკრაინსკა პრავდას“, ინტერნეტის გზით. ის ათი წლის წინ, სექტემბრის შუა რიცხვებში, გაუჩინარდა. ახლა უკრაინაში, რომლის სამართალდამცველებმა დღემდე ვერ მოახერხეს სიმართლე გაერკვიათ მისი მკვლელობის გარშემო, ღონღაძეს იხსნებენ და მის საქმესთან ამ ქვეყნის სახეს აკავშირებენ. მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორია სიუმარი ამბობს:

„ის, რომ უკრაინამ ათი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, რა დაემართა ღონღაძეს, დიაგნოზია მთელი სახელმწიფოსთვის, იმის დიაგნოზია, შეუძლია თუ არა უკრაინას იყოს სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო.“

2010 წლის 16 სექტემბერს კიევში გიორგი ღონღაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. ათი წლის წინ, ამ დღეს, ის კიევის ცენტრში ტაქსში ჩაჯდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ტაქსის მძღოლი მოსყიდული იყო. მანქანაში მილიციელებიც ისხდნენ. როგორც გამოძიების მასალებში წაიკითხავთ, - ამ ვერსიის სიმართლეზე ვერაფერს გეტყვით, - ერთი დღის შემდეგ ოთხმა პიროვნებამ, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის იური კრავჩენკოს ბრძანებით, მოკლა ღონღაძე. უშუალო მკვლელის გვარია, ამავე გამოძიების თანახმად, პუკაჩი, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის თანახმად ედება ბრალი:

„ხელისუფლების ან თანამდებობრივ უფლებამოსილებათა გადაჭარბება, რასაც ახლდა ძალადობა, - ესაა ერთი. შემდეგ: ხელისუფლების და სამსახურებრივ უფლებამოსილებათა გადაჭარბება, რამაც მძიმე დანაშაული გამოიწვია. დაბოლოს, განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ადამიანთა ჯგუფის მიერ შეკვეთით.“

პუკაჩს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. დანარჩენი სამი პირი უკვე გაასამართლეს და მათ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. საქმის მასალებში ასევე წერია, რომ პუკაჩი დაინტერესებული იყო სამსახურებრივი კარიერით და არ სურდა შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელთან საქმის გაფუჭება. ამიტომაც დაეთანხმა ის ბრძანებას. მილიციის გენერალმა თვითონ დაახრჩო მსხვერპლი-ჟურნალისტი. მან რამდენიმე დღეში გვამს თავი მოჰკვეთა და თავი და სხეული სხვადასხვა ადგილას დამარხა. პუკაჩის განცხადება, რომ მას მოკვლა უბრძანა კრავჩენკომ, მინისტრმა, არ იყო მოულოდნელი. ყოფილი მინისტრი, თავის აგარაკზე ორი ტყვიით მოკლული, 2005 წელს იპოვეს. საქმეც ესაა: როგორც კვლევითი ცენტრის -„უკრაინის ბარომეტრის“ - ხელმძღვანელი ვიქტორ ნებოჟენკო ამბობს, როცა უკვე გარდაცვლილს სდებ ბრალს, სხვა შეკითხვები იხსნება. ახლა დანიშნავენ სასამართლოს და ყველა კმაყოფილი დარჩება, რადგან მთავარი დამნაშავე კრავჩენკო იქნება, ამბობს ის. შეიძლება კრავჩენკო მართლა იყო დამკვეთი, მაგრამ მთავარი თუ არა, ეს არავინ იცის. აი, რას ამბობს უკრაინის სახალხო დეპუტატი, მილიციის გენერალი ჰენადი მოსკალი:

„ორჯერ ვიყავი კრავჩენკოს მოადგილე და, დამიჯერეთ, მას რომ კაბინეტში შეეკვეთა ვინმესთვის მკვლელობა, ამის დაჯერება არ შემიძლია. როგორც სტანისლავსკი ამბობდა, არ მჯერა.“

ასევე არ სჯერა იმისა, რომ პრეზიდენტ კუჩმას შეკვეთილი იყო მკვლელობა, უკრაინის გორშენინის სახელობის მართვის ინსტიტუტის დირექტორს ვლადიმირ ფესენკოს, რომელიც, კუჩმას ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავს, რომ მას ასეთი ბრძანება გაეცა. ფესენკო ამბობს, პრეზიდენტმა კუჩმამ იქნებ გამოხატა კიდეც თავისი დამოკიდებულება ღონღაძის მიმართ, მაგრამ ბრძანებას ვერ გასცემდაო. მისი ვერსიით, ღონღაძის საქმით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა სურდათ. მისი აზრით, ღონღაძის საქმე „კასეტების სკანდალთან“ კავშირში უნდა განვიხილოთ. კასეტებს რაც შეეხება: 2000 წელს გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერები, ეგრეთ წოდებული „მელნიჩენკოს ფირები“. ეს ჩანაწერები პრეზიდენტ კუჩმას კაბინეტში გააკეთა მისმა მცველმა ნიკოლაი მელნიჩენკომ. ერთ-ერთ ფრაგმენტში განიხილავენ ღონღაძეზე ფიზიკური ანგარიშსწორების გზებს. ჩანაწერზე ისმის ხმები, რომლებიც ჰგავს კუჩმასა და მისი ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელის ვლადიმირ ლიტვინის ხმებს.
კუჩმად მიჩნეული ხმა ამბობს, მიხედეთ, როგორც გსურთ ისე იმოქმედეთო. სხვათა შორის, დღევანდელ უკრაინაში ზოგიერთი მოქალაქე ფიქრობს, რომ ღონღაძის მკვლელობა კუჩმას ნახელავი უნდა იყოს:

„როცა ვამბობთ „კრავჩენკო“, ვგულისხმობთ კუჩმას. ეს საქმე გაჭიანურდა და შემდეგ რაღაცას მიაგნეს, რათა საქმე დახურულად გამოეცხადებინათ“, ამბობს ერთი კიეველი მოქალაქე.

„მერნიჩენკოს ფირზე“ ერთ-ერთი მოსაუბრე, როგორც ითქვა, ლიტვინადაა მიჩნეული. ლიტვინი ახლა უმაღლესი რადის თავმჯდომარეა. მან ახლახან კიდევ ერთხელ მისცა ჩვენება გამოძიებას. საქმე ისაა, რომ მკვლელად მიჩნეული პუკაჩის თანახმად, მკვლელობის ბრძანების გამცემმა კრავჩენკომ ის პირადად წარუდგინა ლიტვინს, როგორც ღონღაძის საქმის აღმასრულებელი. კრავჩენკოს უთქვამს ლიტვინისთვის, პრეზიდენტს გადაეცით, მის ყოველგვარ ბრძანებას შევასრულებთო. თუმცა მიმომხილველთა ნაწილის აზით, ლიტვინი იმდენად სჭირდება ამ ეტაპზე მმართველ „რეგიონების პარტიას“, რომ მას ხელს არ ახლებენ.
ითქვა, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზნითაც შეიძლებოდა ვინმეს სდომებოდა ღონღაძის მკვლელობის გამოყენება. აი, რას ამბობს ვოლოდიმირ ჩირიმისი, ერთ-ერთი კოორდინატორი მოძრაობისა „უკრაინა კუჩმას გარეშე“:

„ღონღაძის საქმე იყო ანთებული ასანთი, რომელიც დენთის კასრთან მიიტანეს. მაშინ, 10 წლის წინ, სოციალური დაპირისპირება იმდენად გამწვავდა უკრაინაში, რომ ხალხს მხოლოდ საბაბიღა სჭირდებოდა.“

თუმცა ღონღაძის ქვრივის ადვოკატი, ვალენტინა ტილიჩენკო, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ამბობს, მკვლელობის მოტივი მაინც დაუდგენელიაო:

„გამოძიებამ ვერ დაადგინა, რა იყო კრავჩენკოს მოტივი. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.“

უკრაინაში ხალხი სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ სიმართლე გაირკვევა ოდესმე:

მოქალაქე (მამაკაცი) - „არ მჯერა. ეს მხოლოდ პოლიტიკური თამაშია. ნამდვილ დამნაშავეებს ვერასოდეს ვიხილავთ.“

თუმცა არის ასეთი მოსაზრებაც:

მოქალაქე (ქალი) - „მე ამ ვერსიისა და იმისა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, მჯერა.“

დღესდღეობით საქმის მასალებს ეცნობიან დაზარალებულები, მათთან ერთად კი, მკვლელობაში მთავარი ბრალდებული პუკაჩი. 8 ოქტომბერს მასალები სასამართლოს უნდა გადაეცეს. მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ, უკრაინელი ჟურნალისტები მოელიან, რომ თუკი სასამართლო ღია იქნა, მან შეიძლება საბოლოო სიმართლე ვერ გაარკვიოს, მაგრამ შეიძლება დაასრულოს ამ საქმესთან დაკავშირებული ზოგიერთი პოლიტიკოსის კარიერა. თუმცა პოლიტოლოგების ნაწილი ამ მხრივაც სკეპტიკურადაა განწყობილი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG