Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ძალები თალიბების საყრდენ ყანდაარს წარმატებით უტევენ


ნატოს და ავღანეთის არმიის დანაყოფებმა რკალი შეკრეს და აძლიერებენ შეტევას თალიბ მეამბოხეებზე, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ყანდაარზე, რომელიც თალიბანის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პუნქტია. კოალიციური ჯარების ახალი სარდლობის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ოპერაცია, სახელწოდებით „დრაკონის ბრძოლა“, ორი დღეა მიმდინარეობს. იგი მეამბოხეთა ყველა წინააღმდეგობის კერის განადგურებას ისახავს მიზნად.

ნატოსა და ავღანეთის არმიის 8000 ჯარისკაცი, ავიაცია და მძიმე საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს ფართომასშტაბიან ოპერაციაში, რომელიც, ქალაქ ყანდაარის გარდა, მიმდებარე რაიონებს - არღანდაბს, ჟერეისა და ფანჯვაისაც მოიცავს. ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მომდევნო დღეებში მოელიან მძიმე ბრძოლებს, რადგან თალიბები ყველაფერს იღონებენ მთავარი ციტადელის შესანარჩუნებლად. რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურთან საუბარში ჟერეის რაიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბდულ კარიმ ულისმალმა ოპერაცია დაახასიათა როგორც ფართომასშტაბიანი, რომელიც რაიონის ყველაზე უფრო დაშორებულ სოფლებსაც მოიცავს:

„ოპერაცია ორი დღეა მიმდინარეობს. ჟერეის რაიონში ჯარებმა ოპერაცია სანზარაის სოფლიდან დაიწყეს და წინ მიიწევენ. ჩემი შეფასებით, ისინი აპირებენ დაიკავონ რაიონის ის ნაწილი, სადაც მტერი აქტიურია.“

ოპერაცია „დრაკონის ბრძოლა“ ყველაზე დიდია მას შემდეგ, რაც გენერალმა დევიდ პეტრეუსმა ავღანეთში ნატოსა და შეერთებული შტატების ძალების სარდლის პოსტი დაიკავა მიმდინარე წლის ივლისში. კონტროლის დამყარება ყანდაარზე, რომელიც 2001 წლამდე თალიბების რეჟიმის დედაქალაქად ითვლებოდა, აძლიერებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ძალისხმევას, მნიშვნელოვნად შეასუსტოს მეამბოხეთა წინააღმდეგობა ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანამდე, რაც მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება.გერმანელმა ბრიგადის გენერალმა იოზეფ ბლოცმა, ნატოს ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ალიანსის სარდლობა მძიმე ბრძოლებს ელის:

„ეს არის ყველაზე მძლავრი სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს გაწმინდოს თალიბანის სპეციფიკური თავდაცვითი ზღუდეები ქალაქ ყანდაარსა და მის გარშემო მდებარე რაიონებში, როგორიცაა ფანჯვაი, ჟერეი და არღანდაბი. ეს არის მძლავრი სახმელეთო ოპერაცია, ცხადია, საჰაერო ძალების მხარდაჭერით, და იგი მიზნად ისახავს ამ არეალში განლაგებული თალიბანის თავდაცვითი ზღუდეების განადგურებას.“

ნატოს სარდლობის თქმით, თავდაცვით პოზიციებზე მყოფი მეამბოხეები ძირითადად, მსუბუქ შეიარაღებას და ყუმბარსატყორცნებს იყენებენ. თუმცა ორდღიანი ოპერაციის განმავლობაში ნატოსა და ავღანეთის არმიის არც ერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. გაცილებით უფრო სისხლისმღვრელი იყო ბრძოლები ყანდაარის მეზობლად მდებარე ჰოსტის პროვინციაში, სადაც, ნატოს ინფორმაციით, პარასკევს 30 მეამბოხე დახოცეს. შეტაკება მოხდა ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ჰილმენდში გასულ უქმეზე. კვირას იქ ნატოს ორი სამხედრო დაიღუპა თვითნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად. ასევე ცნობილი გახდა, რომ მეამბოხეებმა კვირას ავღანეთში ბრიტანეთის მოქალაქე, მასთან ერთად კი ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენელი გაიტაცეს. კუნარის პროვინცია, სადაც ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლები გაიტაცეს, პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG