Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სწავლა წიგნების გარეშე


პირველკლასელი
პირველკლასელი
წელს დევნილი ბავშვების დიდი ნაწილი წიგნების გარეშე დარჩა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის დევნილი ოჯახები, საიდანაც სკოლაში ორზე მეტი ბავშვი დადის, ზოგიერთმა დევნილმა ახალი წიგნების შეძენა საერთოდ ვერ შეძლო და ნათხოვარ სახელმძღვანელოებს ქსეროქსის აპარატზე იღებს, ნაწილმა კი მეორადი წიგნები შეიძინა. 4 შვილის დედას, მარიკა ჭოველიძეს, იმედი ჰქონდა, რომ სწავლის დაწყების წინ ხელისუფლება მის შვილებს ახალ წიგნებს გადასცემდა, მაგრამ ეს იმედი გაუცრუვდა.

მარიანა ჭულუხაძე თვითონ სტუდენტია, ჰყავს სამი შვილი და უმუშევარი მეუღლე. სახელმწიფოსგან წიგნებით დახმარებას მარიანაც ელოდა, მაგრამ, გასული წლისგან განსხვავებით, მისი შვილებისთვის წელს წიგნები არავის მიუცია. ჭულუხაძეების ოჯახმა პურის ფული მოიკლო და ბაშვებს სახელმძღვანელოები მაინც შეუძინა. მათი ოჯახის შემოსავალი სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული და სულზე 24 ლარს იღებს.

დევნილები ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილს დაახვედრეს წიგნები სკოლაში, ეს იმ ოჯახების შვილები არიან, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში 57 ათას ქულაზე ნაკლები ჰქონდათ.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხორბალაძე აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველებს განაცხადი სკოლებში წიგნების მიღების თაობაზე 12 სექტემბრამდე უნდა წარედგინათ. მისი თქმით, წელს ახალი წიგნი ყველა იმ ოჯახის შვილმა მიიღო, ვისაც მძიმე სოციალური პირობები ჰქონდა და ცალკე დევნილებისთვის ეს საჩუქარი გათვალისწინებული არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა დევნილის სტატუსი სოციალურად დაუცველის სტატუსთან არის გათანაბრებული, გადამწყვეტი მნიშვნელობა სარეიტინგო ქულას მიენიჭა. ყველაზე გაჭირვებულებმა წიგნები კი მიიღეს, მაგრამ არანაკლებ გაჭირვებულებმა სახელმძღვანელოების შეძენა ან საერთოდ ვერ შეძლეს, ან შვილების განათლებისთვის პურის ფული მოიკლეს.
XS
SM
MD
LG