Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაყენებული ლუჟკოვი მედვედევს ბრძოლას უცხადებს


თანამდებობიდან გადაყენებული მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი პირობას დებს, რომ კანონიერი მეთოდებით დაუპირისპირდება რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, რომელსაც რეპრესიის ატმოსფეროსა და შიშის დანერგვაში სდებს ბრალს. თუმცა, როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები წერენ, ფედერალურმა საგამოძიებო ორგანოებმა უკვე დაიწყეს მოსკოვის ხელმძღვანელობის კორუფციული საქმიანობის დამადასტურებელი ფაქტების შეგროვება.

მოსკოვის გავლენიან მერს, რომელიც 18 წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადააყენა რუსეთის პრეზიდენტმა, ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა ყოფილ მერთან დაახლოებულმა რუსმა მომღერალმა იოსიფ კობზონმა ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ ლუჟკოვი შეეცდება მისი თანამდებობიდან გადაყენება სასამართლოში გაასაჩივროს. დღესვე ყოველკვირეულ ოპოზიციურ გამოცემა „ნიუ ტაიმსში“ გამოქვეყნდა იური ლუჟკოვის წერილი, რომელიც თითქოსდა მოსკოვის ყოფილმა მერმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს 27 სექტემბერს ჩააბარა. „ხელისუფლება თავისი მოქმედებით ხელს უწყობს რუსეთში რეპრესიებისა და შიშის დანერგვას საკუთარი აზრის გამოთქმის გამო, რაც რუსეთში 1937 წლიდან არსებობს“,- სწერს ყოფილი მერი რუსეთის პრეზიდენტს და მედვედევს მის მიმართ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში ადანაშაულებს.

დღესვე რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ საგამოძიებო სტრუქტურებმა უკვე აღძრეს საქმე მოსკოვის მთავრობის კორუფციული საქმიანობის შესასწავლად. კრემლის ასეთ რეაქციას წინასწარმეტყველებდა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვი,რომელიც მოსკოვის ყოფილი მერის მკაცრ კრიტიკოსად ითვლება:

„ერთადერთი სერიოზული პრეტენზია ლუჟკოვის მიმართ ეს არის დაუსრულებელი და უკიდეგანო კორუფცია მოსკოვში. ამიტომ მედვედევი იძულებული იქნება მსვლელობა მისცეს სისხლის სამართლის საქმეს. თუკი იგი ასე არ მოიქცა, ლუჟკოვის სახით მიიღებს ძლიერ პოლიტიკურ მძიმეწონოსანს, რომელიც თავის ირგვლივ გააერთიანებს გაბრაზებულ მოხელეებს და ბიზნესმენებს და შეძლებს, მაგალითად, კონკურენცია გაუწიოს მედვედევ-პუტინის ტანდემს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ანუ გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი.“

თუ რა გეგემები აქვს იური ლუჟკოვს, გარდა სასამართლოში ჩივილისა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ზემოხსენებული იოსიფ კობზონი „ინტერფაქსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ლუჟკოვი აუცილებლად აქტიურად იმუშავებს. „იქნება ეს პოლიტიკური მოღვაწეობა თუ სამეურნეო სფერო, ამას მომავალი გვიჩვენებს“,-აცხადებს მოსკოვის ყოფილ მერთან ძალზე დაახლოებული რუსი მომღერალი.

სამშაბათსვე გახდა ცნობილი, რომ ლუჟკოვი პოლიტიკურ მოღვაწეობას აღარ გააგრძელებს მმართველ „ედინაია როსიაში“, რომელმაც, ყოფილი მერის თქმით, არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ის „ცილისწამებისაგან დაეცვა“. პასუხად კონსტანტინ კოსაჩევმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ გადაყენებამდე იური ლუჟკოვმა თავადვე მიიყვანა საქმე:

„სავსებით ვაღიარებ რა მის დამსახურებას ქალაქის, სახელმწიფოსა და პარტიის წინაშე, სამწუხაროდ, ბოლო ხანს მას გაუჩნდა აბსოლუტური უცოდველობის განცდა, იმის რწმენა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისი სტრატეგია და ტაქტიკაა სწორი. ასეთი პოზიცია, ადრე თუ გვიან, კონფლიქტით მთავრდება, რაც მოხდა კიდეც.“

18 წლიანი მმართველობის განმავლობაში ლუჟკოვმა ბევრი მტერი გაიჩინა, რომლებიც მისი წასვლით გახარებულები არიან. კრიტიკოსები ხშირად ჩიოდნენ, რომ ლუჟკოვმა მოსკოვი გადააქცია საფეოდალოდ, ანგრევდა ისტორიულ შენობებს და არალეგალურად უწყობდა ხელს თავისი ცოლის, ელენა ბატურინას, ბიზნესს, რომელიც ყვაოდა ექსკლუზიური ტენდერების წყალობით მიღებული შემოსავლებით. თუმცა ლუჟკოვს ჰყავს მადლიერი ადამიანებიც, განსაკუთრებით პენსიონერები, მასწავლებლები და ქარხნის მუშები, რომლებსაც ყოფილმა მერმა ხელფასები გაუზარდა. ამ ყველაფერს ლუჟკოვი ახერხებდა მოსკოვის მზარდი ბიუჯეტით, რომელიც წელიწადში 36.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მისი გადაყენებით მოსკოვის მსუყე ბიუჯეტს ახალი პატრონი გამოუჩნდება, როგორც ვარაუდობენ, პუტინისა და მედვედევის გარემოცვიდან. მათ შორის ყველაზე რეალურ კანდიდატად რუსეთის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი სობიანინი სახელდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG