Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი განხეთქილებები ბოსნიაში


ბოსნია-ჰერცეგოვინაში კვირას, 3 ოქტომბერს გამართული არჩევნები რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარი კენჭისყრა იყო: ელექტორატს უნდა განესაზღვრა არა მარტო მმართველი სამკაციანი პრეზიდიუმის შემადგენლობა, არამედ აერჩია ცენტრალური პარლამენტისა და რამდენიმე რეგიონული პარლამენტის წევრები, ისევე როგორც ბოსნიელ სერბთა ადმინისტრაციული ერთეულის პრეზიდენტი.

თუმცა, ყურადღება არჩევნების, უწინარეს ყოვლისა, იმ შედეგისადმი არის მიპყრობილი, რომელიც ბოსნიის მმართველი სამწევრიანი პრეზიდიუმის შემადგენლობას განსაზღვრავს. სრული წინასწარი შედეგები საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ დავასკვნათ: ბოსნია-ჰერცეგოვინამ ვერც ამჯერად შეძლო ეთნიკური ნიშნით განხეთქილების გადალახვა. სამწევრიან პრეზიდიუმში ბოსნიელი სერბების წარმომადგენლისთვის განკუთვნილი ადგილი კვლავ ნებოისა რადმანოვიჩს ერგო - კაცს, რომელიც ბოსნიისაგან ეთნიკური სერბების ადმინისტრაციული ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას გამოყოფას ემხრობა.

რაც შეეხება პრეზიდიუმის დანარჩენ ორ მანდატს - ისინი ბოსნიის მთლიანობისა და ზომიერი კურსის მომხრე პოლიტიკოსებმა მოიპოვეს: ბოსნიელმა ხორვატმა ჟელიკო კომსიჩმა და ბოსნიელმა მუსულმანმა ბაკირ იზეტბეგოვიჩმა. ეს უკანასკნელი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ყოფილ პრეზიდენტ ალია იზეტბეგოვიჩის ვაჟიშვილი, ოპტიმისტურ შეფასებებს აკეთებს:

„მოვახდენთ, ჩემი აზრით, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ვითარების სტაბილიზაციას და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მოქალაქეებს მივცემთ უკეთეს მომავალს, რაც გულისხმობს მშვიდობასა და უკეთეს პირობებს ეკონომიკის განვითარებისთვის“.

დამაიმედებელი იყო პრეზიდიუმის ხორვატი წევრის, ჟელკო კომსიჩის განცხადებაც:

„ჩვენ ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ და რა საქმე გველოდება. ვიცით, რა ვითარებაა ქვეყანაში და ვიცით, წინ რა რთული ბრძოლა გველის. დარწმუნებული იყავით, რომ იმედს არ გაგიცრუებთ“.

მაგრამ რაც უნდა ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ ხორვატი და ბოსნიელი ლიდერები კვირას ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ბოსნიელი სერბების წარმომადგენლად პრეზიდიუმში ისევ რადმანოვიჩის არჩევა, ჩვენი რადიოს კორესპონდენტების შეფასებით, მოასწავებს, რომ პოლიტიკურ პროცესს კვლავაც დაემჩნევა ეთნიკური ნიშნით დაპირისპირება.

ანალოგიური ტენდენცია გამოავლინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებმაც: მუსულმანებისა და ხორვატებისთვის განკუთვნილი მანდატები, უმეტესწილად, ზომიერი კურსის მომხრე კანდიდატებს ერგოთ, მაშინ როცა ბოსნიელ სერბი ამომრჩევლები ნაციონალისტური და სეპარატისტული მისწრაფებების მომხრე პარტიის - დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა ალიანსის - ერთგული დარჩნენ. რეპუბლიკა სრპსკაშიც - ბოსნიელი სერბების ადმინისტრაციულ ერთეულში - ნაციონალისტი პრეზიდენტი აირჩიეს: მილორად დოდიკი, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს სეპარატისტული მოწოდებებით გამოდიოდა. არჩევნების დღეს მან „აბსურდული სახელმწიფო“ უწოდა ბოსნიას და დაადასტურა, რომ სურს, ამ „აბსურდს“ მშვიდობიანად ჩამოაშოროს სერბთა ტერიტორიები.

ასე დასრულდა არჩევნები ბოსნია-ჰერცეგოვინაში - რიგით მეექვსე საყოველთაო კენჭისყრა 1992-95 წლების ომის შემდეგ. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ეუთოს სამეთვალყურეო მისია, მთლიანობაში დადებით შეფასებას გამოთქვამს - რომ ბოლო საყოველთო არჩევნებით ბოსნიაში „პროგრესი“ გაგრძელდა და კენჭისყრა, ზოგადად, ეუთოსა და ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ჩატარდა. რაც შეეხება ევროკავშირის მოთხოვნებს მასში გაწევრიანების პოტენციური კანდიდატი ქვეყნისაგან - ეს არის, უწინარეს ყოვლისა, უფრო ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების ჩამოყალიბება სარაევოში. ორშაბათს შეერთებულმა შტატებმაც მოუწოდა ბოსნიელ სერბებს, მუსულმანებსა და ხორვატებს, განახორციელონ რეფორმები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ხელშესაწყობად და გამონახონ საერთო პოზიცია, ქვეყნის ყველა მოქალაქის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. თუმცა, საერთო პოზიციის გამონახვა იოლი არ უნდა იყოს ბოსნიელი სერბების ლიდერთან, რომელიც ალბათ, ძნელად თუ დაყაბულდება იმის რეფორმას, რაც „აბსურდად“ მიაჩნია.
XS
SM
MD
LG