Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონმა კოსოვოთი დაასრულა ბალკანეთში ვიზიტი


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კოსოვოში შეხვედრით ამთავრებს მოგზაურობას ბალკანეთში. პრიშტინაში ჩასვლამდე კლინტონი არწმუნებდა სერბიის პრეზიდენტს ბორის ტადიჩს, კოსოვოსთან მოლაპარაკება დაეწყო. ბოლო კვირების განმავლობაში კოსოვოში კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სერბები და ალბანელები, რის გამოც ნატოს სამშვიდობო ძალების სარდლობას უსაფრთხოების ზომების გაძლიერება მოუხდა.

12 ოქტომბერს - მაშინ, როცა ჰილარი კლინტონი ბელგრადში იმყოფებოდა - სერბიის სააპელაციო სასამართლომ საპატიმროდან გაათავისუფლა სამი სერბი ყოფილი პოლიციელი, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ კოსოვოს ომის დროს ჩადენილი უმძიმესი სამხედრო დანაშაულის გამო. მანამდე სერბიის სამხედრო სასამართლომ ოთხ ყოფილ პოლიციელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 49 ეთნიკური ალბანელის მკვლელობისათვის, რაც 1999 წლის მარტში სოფელ სუჰა რეკაში მოხდა. მათგან სამი პირი გათავისუფლდა, ერთის მიმართ კი საქმე ხელახალ ძიებაში დაბრუნდა. როგორც ვარაუდობენ, სერბიის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია კოსოვოში, სადაც ცოტა ხნის წინ რამდენიმე შეტაკება მოხდა სერბიული უმცირესობის წარმომადგენლებსა და უმრავლესობაში მყოფ ალბანელებს შორის.

ამ ვითარებაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 12 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მოუწოდა სერბიის პრეზიდენტს ბორის ტადიჩს, დაიწყოს დიალოგი პრიშტინასთან. „დიალოგი სასარგებლო იქნება გრძელვადიანი ურთიერთობებისათვის და იმისთვისაც, რომ სერბებმა და კოსოვოელებმა მოაგვარონ პრაქტიკული, ყოველდღიური პრობლემებიო“, - განაცხადა სერბიაში მყოფმა ჰილარი კლინტონმა. იმავე მესიჯით ჩავიდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პრიშტინაში, სადაც კოსოვოს პრეზიდენტს იაკუბ კრასნიჩს შეხვდა:

„ეს - სერბია-კოსოვოს მოლაპარაკებები - არის შესაძლებლობა, მოგვარდეს სასწრაფოდ გადასაჭრელი პრაქტიკული საკითხები, მათ შორის, მიღწეული იქნეს პროგრესი ურთიერთსასარგებლო მიზნების განხორციელების თვალსაზრისით, მაგალითად, ვაჭრობისა და მოგზაურობის განვითარებაში.“

პრიშტინასთან ურთიერთობის მოწესრიგება უმთავრესი პრობლემაა, რაც სერბიას რეალურ შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული იმედები. კოსოვოს სერბიასთან დიალოგის დაწყების სურვილი აქვს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მომავალ წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
12 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა ჟურნალისტებს უთხრა, სერბია პატივს სცემს ეთნიკური ალბანელების უფლებას კოსოვოში, მაგრამ არასოდეს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობასო, მაშინ როცა ჰილარი კლინტონმა პრიშტინაში ყოფნის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს კოსოვოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საკითხზე მსჯელობას დასრულებულად მიიჩნევს.

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა მას შემდეგ, რაც ავტონომიურმა რესპუბლიკამ 2008 წელს სერბიისაგან გამოყოფა გამოაცხადა. ივლისის ბოლოს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG