Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილელი მაღაროელების მიწისქვეშა ტყვეობა დასრულდა


სპეციალური კაფსულა, რომლის მეშვეობითაც მაღაროელები მიწის ზემოთ ამოიყვანეს
სპეციალური კაფსულა, რომლის მეშვეობითაც მაღაროელები მიწის ზემოთ ამოიყვანეს
22-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ მაშველებმა მიწის ზემოთ ამოიყვანეს ყველა ჩილელი მაღაროელი, რომლებიც მილოცვებს მთელი მსოფლიოდან იღებენ. 33 მაღაროელი 700 მეტრის სიღრმეში სან ჰოსეს მაღაროს ერთ-ერთ გვირაბში იყო გამოკეტილი, საიდანაც მათი ევაკუაცია სპეციალური კაფსულის საშუალებით მხოლოდ 69-ე დღეს მოხერხდა.

22-საათიანი სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ მიწისქვეშა მაღარო დატოვა ექვსმა მაშველმა, რომლებმაც ჯერ კიდევ მაღაროში გაშალეს ბანერი წარწერით: „მისია შესრულებულია“; მიწის ზემოთ კი ამ დროს უკვე საყოველთაო ზეიმი იყო დაწყებული.

უამრავი ადამიანი იყო ჩილეს ჩრდილოეთ ატაკამას რაიონში, სადაც სან ჰოსეს ოქროსა და ნახშირის მაღარო მდებარეობს. უამრავი ადამიანი საყვირების ხმაურით, სიხარულის ცრემლებითა და აღტაცებული შეძახილებით ხვდებოდა მიწის ზედაპირზე მაშველი კაფსულის ყველა გამოჩენას, რომელსაც ყოველ 40 წუთში თითო მაღაროელი ამოჰყავდა; მათ შორის იყო ერთ-ერთი მაღაროელის, დარიო სევოვიას, ნათესავი - მარია სესილია როჰო, რომელმაც თავისი სიხარული ასე გამოხატა:

„ეს ძალიან ემოციურია. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველა გადარჩა. ისინი კვლავ თავისუფლები არიან, ისინი ხელახლა დაიბადნენ“.

33 ჩილელი მაღაროელი მიწის სიღრმეში 5 აგვისტოდან აღმოჩნდა გამომწყვდეული, მაღაროში მომხდარი ავარიის შემდეგ. მაშველებმა მხოლოდ 17 დღის შემდეგ მოახერხეს მიწის გაბურღვა და მაღაროელებისათვის პატარა ხვრელებით დაიწყეს საკვებისა და წყლის მიწოდება. მიწისქვეშა ტყვეობაში მყოფი მაღაროელები მთელი 65 დღის განმავლობაში იყვნენ ჩილეს, ლათინური ამერიკის ქვეყნებისა და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სატელევიზო მიმართვაში განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციით, რაც ჩილელი ხალხის ერთიანობის დასტური იყო, გადაწყდა იმ ადამიანების ბედი, რომლებმაც მთელი მსოფლიო აღაფრთოვანეს. მიწის ზედაპირზე მაღაროელების ამოყვანის ოპერაციას თვალს ადევნებდა ბოლივიის ლიდერი ევო მორალესი, ხოლო ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინერამ განაცხადა, რომ 33-მა მაღაროელმა „ერთგულების, თანადგომისა და გუნდური მუშაობის“ მაგალითი გვიჩვენა:

„ეს მაღაროელები არ არიან ის მაღაროელები, რომლებიც 5 აგვისტოს აღმოჩნდნენ ჩაკეტილები. ისინი ამოვიდნენ უფრო გაძლიერებულნი და ჩვენ გაკვეთილი გვიჩვენეს. მაგრამ აღარც ჩილეა იგივე. ვფიქრობ, რომ დღეს ჩილეს უფრო აფასებენ და პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში“.

თუმცა მიწის ზემოთ ამოყვანის შემდეგ მაღაროელები სამკურნალოდ კოპიაპოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზოგიერთ მათგანს კბილის პრობლემა აქვს, ზოგიერთი კი დიდხანს მტვერსა და სიბნელეში ყოფნის გამო მხედველობის პრობლემას უჩივის, ერთ მაღაროელს კი ფილტვების ანთება დაუდგინეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმენმა სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ თითოეული მაღაროელი 10 ათასი დოლარით დაასაჩუქრა, ფირმა „Applem” მათ iPod-ები გადასცა; ევროპულმა საფეხბურთო კლუბებმა „რეალმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი ჩილელი მაღაროელები საკუთარ მატჩებზე მიიწვიეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG