Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ისევ ისვრიან


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ქორწილებში და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებზე იარაღიდან სროლის აკრძალვას მოითხოვს. მან ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ოპერატიულ თათბირზე შეკრიბა და მათი მუშაობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, დიდ პრობლემად რჩება მოსახლეობაში დაურეგისტრირებელი უკანონო იარაღის არსებობა. ხშირად კი სწორედ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები იწყებენ ხოლმე უმისამართო სროლას. მან შენიშვნა მისცა უშიშროების მინისტრს ბორის ატოევს, რომლის თანამშრომლებიც ერთ-ერთი ქორწილის დროს ჰაერში დიდხანს ისროდნენ. კოკოითის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა სროლებისგან გადაიღალა და მან შეიარაღებულ პირებს უკანონო იარაღის ჩაბარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ადგილობრივი კანონმდებლობით, დარეგისტრირებული იარაღის შენახვა დაშვებულია, მაგრამ აგვისტოს ომის დროს, როცა კოკოითიმ საკუთარ მთავრობასთან ერთად ცხინვალი დატოვა და ჯავაში გადავიდა, ცხინვალელებმა იარაღის საწყობები გატეხეს. ამის შემდეგ დიდძალი იარაღი რიგითი მოქალაქეების ხელში აღმოჩნდა. ისიც ცნობილია, რომ ომის დამთავრების შემდეგ ცხინვალიდან უკანონო იარაღით დატვირთული, ჩრდილო კავკასიისკენ მიმავალი ორი სატვირთო მანქანა რუსმა მესაზღვრეებმა როკის გვირაბთან დააკავეს. იარაღის ამოღების პირველი კამპანია კოკოითიმ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, იმ დროს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით ცნობილი ოპოზიციონერი და უფლებადამცველი ფატიმა მარგიევა დააკავეს. ოსმა და რუსმა უფლებადამცველებმა მარგიევა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და მის გასათავისუფლებლად ბევრი იბრძოლეს. კოკოითის ხელისუფლება მეორე წელია ხალხში გაბნეული იარაღის ამოღებას ვერ ახერხებს. დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვალერი ვალიევი ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ყველა იმ უბანს, საიდანაც სროლის ხმა ისმის, ოსური და რუსული სპეცრაზმები ალყას შემორტყამენ და სპეცოპერაციას ჩაატარებენ.

გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ ხალხში უკანონო იარაღის დარიგებას თვითონ კოკოითის ხელისუფლებამ შეუწყო ხელი. მისი აზრით დე ფაქტო ლიდერს ახლა შიში აქვს, რომ ეს იარაღი ოპოზიციის ხელში არ აღმოჩნდეს. გარდა ამისა, იგი ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსაც ბოლომდე არ ენდობა, სადაც შემთხვევითი ხალხი ბლომად მუშაობს.

კოკოითს მოსახლეობიდან იარაღის ამოღება რომ უჭირს, ეს არაერთხელ განაცხადა; ჩატარდა მრავალი რეიდი და სპეცოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ. არადა, რამდენიმე წლის წინ ამ იარაღს მოხალისეებს თვითონ კოკოითი ურიგებდა.
XS
SM
MD
LG