Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასაპარლამენტო ოპოზიცია 2011 წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს


პარლამენტის პარალელურად 2011 წლის ბიუჯეტს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც სწავლობენ. პირველი შენიშვნები ირაკლი ალასანიას პარტია ”თავისუფალმა დემოკრატებმა” წარმოადგინეს. მათი დასკვნა არ ემთხვევა ლიბერალური ეკონომიკის მომხრე ექსპერტებისა და ხელისუფლების აზრს, რომ ბიუჯეტის პროექტი უფრო მეტად შეესაბამება არსებულ ეკონომიკურ რეალობას, ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტი, რომელიც 2010 წლის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა. ალასანიას გუნდი აცხადებს, რომ 31 მილიონი ლარით შემცირებულ ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილი ზედმეტად ოპტიმისტურია და ამ ბიუჯეტს სეკვესტრი არ ასცდება. რაც მთავარია, მკაცრი კრიტიკის საგანი განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში ხარჯების შემცირება და სახელმწიფო პროგრამების შეჩერებაა.

მილიონ რვაასი ათასი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქე და დღეში თითოეულ მათგანზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მხოლოდ 72 თეთრი!.. - ირაკლი ალასანია სახელმწიფოს ამგვარ პოლიტიკას ცინიზმად მიიჩნევს. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესწავლის შემდეგ, ის თავისი გუნდის სახელით ბიუჯეტის ახალ პროექტში ჩადებულ სავალალო ტენდენციებზე ლაპარაკობს, და აცხადებს, რომ სახელმწიფომ მოიხსნა პასუხისმგებლობა, ქვეყნის მოქალაქეების სოციალური პრობლემები გადაწყვიტოს:

”ჯანდაცვის სფეროში ჩვენი სახელმწიფო აღარ აფინანსებს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა 5-დან 60 წლამდე ჩვენი მოქალაქეების გადაუდებელი გარანტირებული სამედიცინო მომსახურება; გულის, ონკოლოგიური და სხვა დაავადებების მხარდამჭერი პროგრამები; განათლების სფეროში მცირდება ქართული ენის მხარდამჭერი პროექტის დაფინანსება. შემოთავაზებული პროექტი ვერ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ სოციალურ პრობლემებს. ამას ემატება გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები, 10 მილიარდ ლარამდე გაზრდილი საგარეო და საშინაო ვალი და, რაც მთავარია, სხვა ხარჯებში ჩადებული 900 მილიონი ლარი“, - რომლის ხარჯვის პროცესის გამჭვირვალობაში ალასანიას ეჭვი ეპარება.

ალასანიას გუნდის წევრი დავით ონოფრიშვილი ხელისუფლების კიდევ ერთ შეუსრულებელ დაპირებას - პენსიების გაზრდას 100 დოლარამდე - იხსენებს და ამბობს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს დაპირება არ შესრულდება:

”ბიუჯეტით არ იგეგმება პენსიების გაზრდა. არადა, დაპირება იყო, რომ საშუალო პენსია ლარში 100 დოლარის ეკვივალენტი იქნებოდა, რაც 180 ლარია, ხოლო დღეს რეალური პენსია არის 70-80 ლარი. თუ გადავხედავთ 2011 წლის ბიუჯეტს, მასში არის უახლოესი 4 წლის პროგნოზი, 2014 წლამდე, და იქ არსად წერია, რომ პენსია გაიზრდება ”.

ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით მთავრობა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და პარლამენტს გარკვეულ დროს სთხოვს. ამ ინფორმაციას ადასტურებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი მაგდა ანიკაშვილი, რომელიც იქვე შენიშნავს, რომ ახალი ბიუჯეტი დეკემბრის დასაწყისში უნდა დამტკიცდეს და, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია მთავრობის გაურკვეველი პოზიცია:

”ჯერ ეს დადასტურებული ამბავი არ არის, მაგრამ კულუარებში ძალიან აქტიურად ლაპარაკობენ, რომ გაუქმდება ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები ჯანდაცვის სფეროში, როგორიცაა გადაუდებელი დახმარების პროგრამა, - ინდივიდუალურ განცხადებებს რომ აფინანსებდა, - გულის ქირურგია, ონკოლოგია, დიაბეტით დაავადებულთა პროგრამები. ამბობენ, რომ ამ თანხას დაზღვევაში გადაისვრიან, თუმცა როგორ და რა ფორმით, ჯერ არ ვიცით”.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ჯანდაცვის სფეროში ხარჯების შემცირების ფაქტს უარყოფს, თუმცა ამბობს, ზოგიერთმა პროგრამამ, შესაძლოა, უბრალოდ სახე იცვალოს, რაც პროგრამების გაჩერებას არ ნიშნავსო. გიგი წერეთელიც ადასტურებს, რომ ეს პროგრამები, შესაძლოა, გახდეს სადაზღვევო პროგრამის ნაწილი და ხალხმა ეს სერვისი ვაუჩერული სისტემით მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის ინფორმაციით, 2011 წლის ბიუჯეტი შეადგენს 6 მილიარდ 960 მილიონ ლარს, 2010 წლის ბიუჯეტი კი 6 მილიარდ 990 მილიონი ლარი გახლდათ. ამ განსხვავების მიუხედავად, ბაინდურაშვილი აცხადებდა,რომ პრიორიტეტული სფეროების დაფინანსება იზრდება.

შედარებისთვის გეტყვით, რომ 2010 წელს განათლების საერთო ბიუჯეტი 561,7 მილიონი ლარი იყო, წლევანდელ პროექტში ჩადებულია 554 მილიონი. 2010-ში ჯანდაცვას ჰქონდა 1,599.2 მილიონი ლარი, ახალ პროექტში დევს 1,604,689.8 ლარი.

თავისუფალი დემოკრატები, რომლებიც ბიუჯეტის ახალ პროექტს ოპოზიციური სპექტრიდან პირველები გამოეხმაურნენ, პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწოდებენ, მისი გუნდის ეკონომიკურმა ბირთვმა მათთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ ღია დებატებში.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG