Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონის სოფლების დახმარება დაიწყო


ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში საქართველოს ხელისუფლებამ შეშის შეტანა დაიწყო. გორისა და ქარელის რაიონის 20 სოფელს დაეხმარებიან. თითოეული ოჯახი 2 კუბმეტრ შეშას და ერთ ტომარა ფქვილს მიიღებს. ცხინვალის მოსაზღვრე ქართულ სოფლებში აგვისტოს ომის შემდეგ მძიმე სოციალური მდგომარეობა შეიქმნა, რადგან კოკოითის ხელისუფლებამ სარწყავი არხები ჩაკეტა. ერგნეთი, ნიქოზი, ხვითი, დიცი – ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც დიდი ხანია სარწყავი წყალი თვალით არ უნახავთ. მეორე წელია ქართლელი გლეხები მოსავალს ვერ იღებენ და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. ზოგიერთი გლეხის მიწის ფართობი კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. გარდა ამისა, ოსურმა და რუსულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ქართული სოფლების მიმდებარე ტყეებიც დაიკავეს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა შესვლას ვეღარ ახერხებდა. ვინც რისკის ფასად შეშის დასამზადებლად ტყეში მაინც გადიოდა, მას ეგრეთ წოდებული რუსი მესაზღვრეები საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აკავებდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაკავებულთა გასათავისუფლებლად კი ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოლაპარაკებაში ხშირად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი ერეოდა ხოლმე. ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრება ყოველდღიურად აუტანელი ხდებოდა. ახალგაზრდობა სოფლებს ტოვებდა.

კონფლიქტის ზონის სოფლებში ზაფხულის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერები ჩადიოდნენ და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე ისმენდნენ. ოპოზიცია ხელისუფლებას პრობლემების მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა. დაახლოებით ერთი კვირის წინათ საქართველოს პრეზიდენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს - ასევე შიდა ქართლის გუბერნატორს - დაზარალებული სოფლების მოსახლეობის შეშითა და ფქვილით უზრუნველყოფა დაავალა. შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის თქმით, პრეზიდენტის დავალების შესრულება სოფელ არბოდან დაიწყო და თითოეულ ოჯახს 2 კუბმეტრი შეშა გადაეცა. გარდა ამისა, არსოშვილის ინფორმაციით, გაზაფხულზე უკვე სარწყავი წყლის პრობლემაც მოგვარდება.

ომის შედეგად დაზარალებული სოფლების დახმარება ზამთრის დადგომამდე გაგრძელდება. პირველ რიგში, დახმარებას იმ სოფლების მცხოვრებნი მიიღებენ, სადაც სარწყავი წყლის პრობლემაა.
XS
SM
MD
LG