Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 19 ოქტომბერი 2010.


რუსმა მათემატიკოსმა გრიგორი პერელმანმა ახლა უკვე საბოლოოდ განაცხადა უარი ერთი მილიონი დოლარის მიღებაზე. 2000 წელს ამერიკულმა კლეის ინსტიტუტმა გადაწყვიტა დეკადის პრემია რუსი მათემატიკოსისათვის მიენიჭებინა სივრცესა და ფორმების გეომეტრიულ სტრუქტურაში გარღვევებისთვის. პერელმანის აზრით, რომელმაც კონტაქტები გაწყვიტა საკუთარ პროფესიასა და მათემატიკურ კონიუნქტურასთან, კოლეგებთან, სისტემა უსამართლოდ და გაუაზრებლად მოქმედებს. პერელმანი არ დადის კონფერენციებზე, მიღებებზე, უარს ამბობს ოქროს მედლებზე. რაც შეეხება ერთ მილიონ დოლარს, პერელმანს მიაჩნია, რომ ის მას არ იმსახურებს და მისი აღმოჩენა არაფრითაა უფრო დიდი, ვიდრე ამერიკელი მათემატოკოსის რიჩარდ ჰამილტონის გარღვევები. Pპრემია, როგორც აღვნიშნეთ, არა ჰამილტონს, არამედ პერელმანს გადაეცა. ინტერფაქსი აქვეყნებს ამერიკელი და რუსი მეცნიერების ციტატებს, სადაც ნათქვამია, მწვერვალზე ყველა ვერ ძლებსო, მაგრამ ასევე ლაპარაკია ადამიანზე, რომელიც საკუთარი თავისა და საქმის ერთგული რჩება. ერთ-ერთი ვერსიით, ერთი მილიონი დოლარი შემწეობის ფონდებს გადაეცემა.

ისტორია ნომერი ორი ტენდენციაზეა, მოდერნიზაციის ტენდენციაზე რუსეთში. სტატიის ავტორი კვლევითი პოსტინდუსტრიული ცენტრის დირექტორი ვლადისლავ ინოზემცევია. “იზვესტიაში” გამოქვეყნებულ სტატიაში ინოზემცევი ჰყვება, თუ როგორ კვდება ინოვაციისა და მოდერნიზების იდეები, მედვედევის დაჟინების მიუხედავად. ვინ უნდა იყვნენ მოდერნიზაციის “პრარაბებიო”? - კითხულობს ავტორი და იქვე გამორიცხავს სამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ, მორჩილებას მიჩვეულ ჩინოვნიკებს და, პირველ რიგში, მათ, ვინც პოლიტიკურ სიბრტყეში ბიზნესშემოსავლები გაიჩინა. საინტერესოა, რომ ინოზემცევი დადებით კონტექსტში მოიხსენიებს მათ, ვისაც საბჭოთა სისტემაში ფუნდამენტური განათლება აქვს მიღებული. ინოზემცევის აზრით, საბჭოთა განათლების სისტემა დღევანდელთან შედარებით გაცილებით სისტემური და თანმიმდევრული იყო. ინოზემცევი ასევე ახსენებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს 90-იან წლებში, და მათი დაბრუნების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. სხვაგვარად, მარტო ჩვენ, მოდერნიზებას კონკურენტულ მსოფლიოში ვერ შევძლებთო.

მესამე ისტორია. ალექსეი დევოჩენკო - არტისტი, მსახიობი – “ნოვაია გაზეტაში” ბლოგს წერს, სადაც აღნიშნავს, რომ პრობლემების ძირი რუსეთში არა შიში, არამედ სიზარმაცეა - ერთი ადგილის აწევა და ხმის ამოღება ეზარებათო, აღნიშნავს ავტორი. დევოჩენკო საუბრობს არტისტების სახელმწიფოსთან მეგობრულ ურთიერთობებზე, პრემიებსა და სარგებელზე, რომელსაც არტისტები სახელმწიფოსგან იღებენ, რაც, მისი აზრით, პრობლემის ძირია. ჩვენი მოწყობა და სისტემა კუჭის ცენტრალიზაციას ქმნისო, ანუ ყველა გზა კუჭზე გადის და ამის მიზეზი მონური აზროვნების საუკუნოვანი ტრადიციააო, მორჩილების ტრადიცია: მაინც ისე გადაწყვეტენ, როგორც უნდათ – მე, უბრალოდ, შევეგუები და იქნებ ამ პროცესში სარგებელიც დამრჩესო. ავტორს მიაჩნია, რომ მცირე გარღვევები არის და ამის დასტურად, ბუნებრივია, შევჩუკის მაგალითი მოჰყავს... თუმცა, მთლიანობაში, მისი აზრით, მხოლოდ სასწაულს შეუძლია ათიათასობით და ასიათასობით ადამიანის გამოყვანა თუნდაც ხოდორკოვსკის დასაცავად ან პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG