Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი საბიუჯეტო ხარჯებს რეკორდულად ამცირებს


ლონდონი
ლონდონი
ბიუჯეტის გიგანტური დეფიციტის შესამცირებლად, ბრიტანეთის მთავრობა საზოგადოებრივი ხარჯების შემცირებას გეგმავს, რაც უდიდესი შემცირებაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ხუთწლიანი მკაცრი ეკონომიის პროგრამა ითვალისწინებს ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილის შემცირებას სახელმწიფო სექტორში, რაც მილიონობით ბრიტანელის შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს.

სახელმწიფო ხარჯების შემცირების პროგრამა, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა წარმოადგინა, მთლიანი შიდა შემოსავლის 11 პროცენტის მოცულობის სახელმწიფო ვალის 2 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს. შემცირების პროგრამით, რომელიც 2015 წლამდე გაგრძელდება, ბრიტანეთის მთავრობა 130 მილიარდი დოლარის დაზოგვას ვარაუდობს. იმავდროულად, გეგმა ითვალისწინებს გადასახადების გაზრდას, ცენტრალური და რეგიონალური ხელისუფლების სტრუქტურების დაფინანსების შემცირებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მთელი ტვირთი კი მთლიანად გადადის კერძო სექტორზე. ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან და კაბინეტის წევრებთან ერთად მივიდა პარლამენტში, 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბრიტანეთის საბიუჯეტო დეფიციტი გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს:

„ ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ წლები, როდესაც სულ უფრო და უფრო გაზრდილი ვალების აღება ხდებოდა. ჩვენ, როგორც ნებისმიერ გადახდისუნარიან ოჯახს, განზრახული გვაქვს, რასაც ვყიდულობთ, შეგვეძლოს მისი ყიდვა, შეგვეძლოს დანახარჯების მიღებული შემოსავლით გასტუმრება და აღარ ავკიდოთ ჩვენს შვილებს ახალ-ახალი პროცენტები იმ ვალებისა, რომელთა გადახდა ჩვენ თავადვე არ შეგვიძლია.“

გარდა სახსრების დაზოგვისა, მთავრობის პროგრამა სრულად ასახავს პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის რწმენას, რომ შექმნილი ვითარება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას შემცირდეს მთავრობის ჩარევა საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ ასპექტში. ასეთი მიდგომა იდელოგიურად ახლოსაა პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერის შეხედულებასთან. მან 1980-იან წლებში მიიღო მკვეთრი გადაწყვეტილება შეემცირებინა სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში. თუმცა დავიდ კამერონმა დიდი პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, რომ შემცირების პოლიტიკას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველ სფეროზე განავრცობს. მაგალითისათვის, ბავშვების სოციალური დახმარება დაახლოებით 12 მილიონ ოჯახს შეუწყდება. ლაპარაკია საშუალო კლასის ოჯახებზე, რომლებსაც სოლიდური შემოსავლები აქვთ. საზოგადოების უფრო ღარიბი ფენის წარმომადგენლები კი შეღავათებს კვლავ მიიღებენ.

საბოლოო ჯამში, ხარჯების შემცირების გეგმა არ შეეხება მხოლოდ ორ სფეროს - ჯანმრთელობის დაცვას და საერთაშორისო დახმარებას. ბრიტანეთის ოპოზიცია აკრიტიკებს მთავრობის შემცირების პროგრამას, რამაც, შესაძლოა, ბრიტანეთში კვლავ ეკონომიკური ვარდნა და უმუშევრობის ზრდა გამოიწვიოს. ბრიტანეთის მთავრობის ხარჯების შემცირების პროგრამა სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების ნახევარი მილიონით შემცირებასაც გამოიწვევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG