Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისელი მოსწავლეები კვების გაუმჯობესებას ითხოვენ


ქუთაისის #15 საჯარო სკოლა
ქუთაისის #15 საჯარო სკოლა
ქუთაისში მოქმედი 35 საბავშვო ბაღი მუნიციპალური თანადაფინანსებით ფუნქციონირებს. როგორც მერიის განათლების განყოფილებაში განმარტავენ, ყველა ბავშვის ერთჯერადი კვების თანხა 24 ლარით განისაზღვრება. თანხის ნაწილს, 8 ლარს, მშობელი იხდის, 16 ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან ნაზღაურდება. შეღავათებით სარგებლობენ მრავალშვილიანი, იძულებით გადაადგილებული და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის შვილები. განათლების განყოფილების ხელმძღვანელის მაია პაქსაძის თქმით, იანვრიდან ბავშვებს, ამ თანხის ფარგლებში, ორჯერადი კვება ექნებათ.

ინგა შველიძის 5 წლის შვილი უკვე მე-3 წელია ბაღში დადის. დედის თქმით, მშობლებმა იციან თავიანთი შვილების ყოველდღიური მენიუ. ინგა შველიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ჯანსაღი პროდუქტებით იკვებება.
მშობლები მიიჩნევენ, რომ გადასახადი მუნიციპალურ ბაღებში ხელმისაწვდომია და ბავშვის კვება 8 ლარად მათთვის მისაღებია. ქუთაისის ცენტრალურ უბნებში ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა კერძო ბაგა-ბაღები. ჩვენი რესპონდენტების თქმით, კერძო ბაღებში გადასახადი 80-დან 120 ლარამდე მერყეობს, რაც არ არის ხელმისაწვდომი ბევრი ოჯახისთვის.

საკვები პროდუქტების მრავალფეროვნებითა და ხარისხით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები. მშობლების აზრით, სკოლაში ბუფეტის არსებობა აუცილებელია, თუმცა მიაჩნიათ, რომ საკვები ყოველდღიურად უნდა მოწმდებოდეს. მოსწავლეებისა და მშობლების თხოვნით, არ ვასახელებთ იმ სკოლებს, რომლების მიმართაც მათ შენიშვნები აქვთ.

ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ინფორმაციით, ქალაქის 45 საჯარო სკოლაში ბუფეტის ფართი იჯარითაა გაცემული და მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს სანიტარული ნორმები და კვების ობიექტი მოამარაგოს ხარისხიანი პროდუქტით. ჩვენ შევეცადეთ გავსაუბრებოდით იმ სკოლების ბუფეტების მოიჯარეებს, რომელთა მიმართაც ჩვენს რესპონდენტებს შენიშვნები აქვთ. მათ კომენტარზე უარი განაცხადეს, პირად საუბარში კი განმარტავენ, რომ ბუფეტებში საკვები პროდუქტი ნორმების დაცვით მზადდება და ყველა საჭირო საბუთს ფლობენ.
XS
SM
MD
LG