Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ოპოზიცია გმობს პრაღაში ყოფილი მინისტრის დაპატიმრებას


ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის ყოფილი მინისტრის დაპატიმრება წინააღმდეგობრივი ფაქტია, რომელიც შეკითხვებს აჩენს უკრაინის ახალი პრომოსკოვური მთავრობის მიმართ. კიევი აცხადებს, რომ ამ პირის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, და იულია ტიმოშენკოს პერიოდის მთავრობის სხვა წევრების დაპატიმრება კორუფციასთან ბრძოლის ნაწილია. ეგრეთ წოდებული ნარინჯისფერი რევოლუციის მომხრეები კი თვლიან, რომ ეს კამპანია პოლიტიკურ ოპონენტებზე იერიშია.

ბოჰდან დანილიშინი, რომელიც იულია ტიმოშენკოს მთავრობაში 2007 წლიდან ეკონომიკის მინისტრი იყო, ბოლოა უკანასკნელ პერიოდში დაპატიმრებულ უკრაინის ყოფილ ოფიციალურ პირთა სიაში. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ ბრალად დასდო დანილიშინს, რომელიც დაკავებულთა შორის უმაღლესი რანგისაა, ორ მილიონამდე დოლარის გაფლანგვა. მთავრობის აზრით, ეს კორუფციასთან ბრძოლის ნაწილია, ტიმოშენკოს მომხრები და სხვა ოპოზიციურად განწყობილი პირები კი მიიჩნევენ, რომ ეს ბრძოლაა ტიმოშენკოსთან. დანილიშინი პრაღაში დააკავეს. ის აქ ჩამოვიდა გერმანიიდან, სადაც, როგორც მისი დამცველები ამბობენ, სამკურნალოდ იყო გაზაფხულზე თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ. დანილიშინის დამცველმა სტეპან უკრაინეცმა, რომელიც დანილიშინს ახლდა დაკავებისას, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი კლიენტი დათანხმდა უკრაინელ გამომძიებლებს პრაღაში, უკრაინის საელჩოში, შეხვედროდა. მისი თქმით, ამის ნაცვლად, ყოფილი მინისტრი აიძულეს გარეთ გასულიყო, სადაც მას ჩეხეთის პოლიცია ელოდა, რომელმაც დააკავა:

„მისთვის არ წარუდგენიათ სისხლის სამართლის ბრალდება, არც რაიმე დოკუმენტი დაპატიმრების თაობაზე. პროკურატურის ქმედება სრულიად უკანონო იყო, მათ უკრაინის კანონი დაარღვიეს.“

ეს ფაქტია, რომელიც მთელ ამბავს ბურუსში ხვევს. საქმე ისაა, რომ უკრაინის საელჩო არა მხოლოდ უარყოფს, რომ უკანონობა ჩიდინა, არამედ უფრო მეტიც, მისმა წარმომადგენელმა, ანდრიი მოტორნიმ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დანილიშინი არასოდეს მისულა საელჩოში და იქ მას არც არავინ ელოდა. ადვოკატი უკრაინეცი კი მათ გვარებსაც ასახელებს, ვინც დაკითხა იქ ექს-მინისტრი. უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა იური ბოიჩენკომ გვითხრა, რომ პრაღაში მათ გამომძიებლები არ გაუგზავნიათ - ვერ გეტყვით, იქ რამ მოხდა, ინტერპოლს ელაპარაკეთო, გვითხრა ბოიჩენკომ.

დანილიშინი ახლა პრაღაშია, ციხეში. უკრაინეცი იმედოვნებს, რომ მას გირაოთი გაუშვებენ. მანვე განაცხადა, რომ ყოფილი მინისტრი თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს.

ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება უარზეა განმარტება მისცეს ჟურნალისტებს. იუსტიციის სამინისტროს ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია მხოლოდ, რომ ყოფილი მინისტრი დააკავეს და უკრაინული მხარე ჩეხურ მხარეს დაპირდა, რომ ექტრადიციის შესახებ მოთხოვნას გამოგზავნის.

კიევში ტიმოშენკოს მომხრეები უარყოფენ კორუფციის ბრალდებას და გმობენ ყოფილი მინისტრის დაპატიმრებას. მათი აზრით, ეს მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. პარლამენტში ტიმოშენკოს პოლიტიკური ბლოკის წევრმა სერგეი სობოლევმა გვითხრა, რომ დანილიშინის დაპატიმრება პოლიტიკური შეკვეთაა:

„რაც უკრაინაში ხდება, მცდელობაა ამ „პატიოსანი“ მთავრობისა, აჩვენოს, რომ კორუფციას ებრძვის.“

სობოლევის თანახმად, ახალმა მთავრობამ უფრო მეტად დაარღვია კანონი, ვიდრე ამას დანილიშინისთვის წაყენებული ბრალდება გულისხმობს.

დანილიშინის დაკავება მოჰყვა აშშ-ის სააუდიტო ფირმების მიერ ტიმოშენკოს პერიოდის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, მაშინ ფართოდ იყო გავრცელებული კორუფცია. ასეთ ფონზე, უკრაინის ახლანდელი მთავრობის კრიტიკოსების თანახმად, იანუკოვიჩმა არა მხოლოდ მოახერხა ოპოზიციის გარიყვა, არამედ სამართლებრივი სისტემის კონტროლსაც იწყებს და ზეწოლას ახდენს ჟურნალისტებზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, კორუფცია უკრაინის ახლანდელ მთავრობასაც ახასიათებს და ახასიათებდა წინასაც, მაგრამ პოლიტიკური კვლევების ცენტრის - პენტას -თანამშრომლის ვოლოდიმირ ფესენკოს თქმით, ამისდა მიუხედავად, დანილიშინის დაპატიმრებას მაინც პოლიტიკური სარჩული აქვს. მისივე ვარაუდით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ბოლო არ იქნება, ვისაც სამართლადამცველები დააპატიმრებენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG