Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლამარას წერილები“ ლიტერატურის მუზეუმში


ამ დღეებში, თბილისში, ლიტერატურის მუზეუმის დიდ დარბაზში ძალზე საინტერესო წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. უფრო სწორედ, ეს იყო მუზეუმისთვის უკვე ტრადიციული „ახალი წიგნის კითხვის საღამო“, რომელსაც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე უძღვებოდა. ამჯერად წარმოგვიდგინეს გერმანელი მწერალი და ფსიქოთერაპევტი ჰელგა კურცხალია და მისი წიგნი „ლამარას წერილები“.

ჰელგა კურცხალიამ ჯერ გოეთეს ინსტიტუტში – გერმანელი და ქართველი მწერლების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – წაიკითხა ამონარიდი თავისი წიგნიდან „იქ“, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ განსხვავებული ეთნიკური, სოციალური ჯგუფების შესახებ გვიამბობს. როგორც თვითონ აღნიშნა, ესაა წიგნი გეოგრაფიულ და მენტალურ საზღვრებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, გერმანულ იდენტურობაზე... მოგვიანებით კი, ლიტერატურის მუზეუმში თავისი მეორე წიგნის პრეზენტაციაზე გვითხრა, რომ არა იმდენად ქართულ-გერმანული ურთიერთობები, რამდენადაც სწორედ იდენტურობის პრობლემები აინტერესებს.

მაგრამ თავად ჰელგა კურცხალია ამბობს, რომ პრინციპში ეს წიგნიც იდენტურობის პრობლემაზეა: თუკი „იქ“ გვიჩვენებდა, როგორ ხედავენ გერმანელები თავიანთ ქვეყანას, „ლამარას წერილებში“ საუბარია იმაზე, როგორ ხედავს ქართველი ქალი გერმანიას და როგორ ხედავენ მისი გერმანელი ნათესავები საქართველოს. დიახ, ნათესავები. „ლამარას წერილები“ ხომ ეგრეთ წოდებული „წერილების რომანია“ – მთელი წიგნი შედგება წერილებისგან, რომლებიც იგზავნებოდა ბერლინიდან თბილისში და პირიქით. წერილებს რეალური საფუძველი აქვს
ე.ი. დოკუმენტური ფონი – გერმანელ ფსიქოთერაპევტს და მწერალს ჰელგა კურცხალიას ქართველი მეუღლე ჰყავს..ლამარა, წიგნის პერსონაჟი, მისი დედამთილის სახეა.. ჰელგა კურცხალია ცოტა ხნით ცხოვრობდა საქართველოში, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, 80-იანი წლების მეორე ნახევარი და 90-იანი წლების დასაწყისი ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც გერმანიის, ისე საქართველოსთვის

1984 წლიდან 90-იანი წლების პირველ ნახევრამდე... წიგნში, რომელიც გერმანიაში იყიდება და შესაძლოა, მალე ქართულადაც ითარგმნოს, ქრონოლოგია ზუსტადაა დაცული. ისტორია ფონია, მაგრამ ისტორიას ადამიანები ქმნიან. სხვაგვარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანელმა მწერალმა ქალმა დაწერა წიგნი კომუნიზმის დამხობაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად შეარყია ადამიანების ცნობიერება. განსხვავებულად გერმანიაში და განსხვავებულად საქართველოში. მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG