Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ახალ ტერიტორიულ მოწყობაზე გადადის


რუსეთის 20 აგლომერაციის პროექტი
რუსეთის 20 აგლომერაციის პროექტი
რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ადმინისტრაციას მომზადებული აქვს რუსეთის ტერიტორიული მოწყობის ახალი გეგმა, რომელზეც რუსეთის ლიდერი, როგორც ვარაუდობენ, ფედერალური კრებისადმი ყოველწლიურ მიმართვაში გაამახვილებს ყურადღებას. ზოგიერთი ანალიტიკოსი სუბიექტების გამსხვილებას აუცილებლად მიიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ქვეყნის რუკის შეცვლა შესაძლოა იყოს წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილი, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეეცდება დაუმტკიცოს ამომრჩეველს, რომ ქვეყანა რაღაც ნათელისა და დიადისაკენ ისწრაფვის.

რუსულ გაზეთ „ვედემოსტის“ ხელთ ჩაუვარდა ჯერჯერობით სავარაუდო დოკუმენტის შინაარსი, რომელშიც დასაბუთებულია რუსეთის მასშტაბური ტერიტორიული გადანაწილების იდეა. რუსეთის დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა არასრულფასოვანია, ნათქვამია დოკუმენტში. დღევანდელი რუსეთის ქალაქების 90 პროცენტი ეგრეთ წოდებული „მცირე ქალაქებია“, რომლებსაც ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით განვითარების პერესპექტივა არა აქვთ. ამიტომ რესურსების თავმოყრა საჭიროა დიდ ცენტრებში - ე.წ. აგლომერაციებში. რუსეთის ადმინისტრაციაში უარს ამბობენ კომენტარზე, მართლაც იქნება თუ არა შესაბამისი თავი რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვაში. თუმცა პოლიტიკური ექსპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორის ევგენი მინჩენკოს აზრით, რუსეთის შესაძლო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმისათვის საფუძველი არსებობს.

„უკვე ცხადია, რომ დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა არ შეესაბამება რეალობას. დღეისათვის არსებობს, მაგალითად, დიდი მოსკოვი, რომელიც აერთიანებს მოსკოვის გარეუბანს. ეს არის ერთიანი სატრანსპორტო სისტემა, შრომითი რესურსების ერთიანი სივრცე. თუმცა რადგან არ არსებობს ერთიანი კოორდინაციის ცენტრი, ამიტომ ჩვენ ვაწყდებით პრობლემებს. ანალოგიური ვითარებაა პრაქტიკულად ყველა ქალაქში, სადაც მილიონი მოსახლეობაა. თანაც, აგლომერატების შექმნისათვის არსებობს როგორც მმართველობითი, ისე პოლიტიკური ლოგიკა. კერძოდ, ეს ნიშნავს ადგილობრივ თვითმმართველობაზე კონტროლის გაძლიერებას.“

ამ იდეის მეცნიერული შეფასება უჭირს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სოციალური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელს სერგეი არტობოლევსკის, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს იდეა „თვითშემოქმედების“ ნაყოფია:

„სიამოვნებით შევხვდებოდი ამ იდეის შემქმნელებს და რამდენიმე შეკითხვას დავუსვამდი. ეს ყველაფერი, გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან გაუთვლელი და ძალიან უცნაურია. ამ იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ შეიქმნება რამდენიმე აგლომერაცია. სინამდვილეში, იზრდება მხოლოდ მოსკოვი, კიდევ ცოტათი - სანკტ-პეტერბურგი. დანარჩენები კი მინუსში იქნებიან.“

აღსანიშნავია, რომ რუსეთში უშედეგოდ დასრულდა ჯერჯერობით ერთადერთი მცდელობა შექმნილიყო ასეთი აგლომერაცია აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკისა და მისი თანამგზავრი ქალაქების- ანგარსკისა და შელეხოვოს - შემადგენლობაში. ირკუტსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრ ტიშანინი ამ იდეის გულმხურვალე მიმდევარი იყო და დიდი რესურსი შეალია ასეთი გაერთიანების დეტალური გეგმის შექმნას. ამიტომ გაზეთ „ვედომოსტიში“ გამოთქმულია ვარაუდი, რომ აღნიშნულ ინიციატივას, რომლის ჩამოყალიბებასაც თავის ყოველწლიურ მიმართვაში დმიტრი მედვედევი შეეცდება, უპირატესად წინასაარჩევნო ხასიათი ექნება. იმ დროს, როდესაც რუსეთში სერიოზულ წინასაარჩევნო კამპანიაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ასეთ შორსმიმავალ ელექტორალურ აზრს ვერ ხედავს რუსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ გადაწერაში „პოლიტიკური ანალიტიკის“ ცენტრის პრეზიდენტი მიხაილ ტულსკი. სამაგიეროდ, ანალიტიკოსი კარგად ხედავს პოლიტიკურ რისკს:

„რეგიონების წინა შემცირება 89-დან 83-მდე გონივრულად გამოიყურებოდა. აქ კი სიტუაცია აბსურდამდე მიდის. 20 მსხვილი ტერიტორიის შექმნა - ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს შექმნა რაღაც ვეებერთელა მომავლის სახელმწიფოების პირველსახე. მოსახლეობა ამ დიდი რეგიონების ფარგლებში დაიწყებს საკუთარი თავის გააზრებას. და როგორც კი ქვეყანას შეექმნება პრობლემები... 80 რეგიონად დაყოფა საკმაოდ რთულია, აი, 20-ად კი, - ცალკე ციმბირი, ცალკე შორეული აღმოსავლეთი, ცალკე ჩრდილოეთ კავკასია, - სამწუხაროდ, სრულიად შესაძლებელია.“

რუსი პოლიტოლოგი ევგენი მინჩენკო მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტი შეეცდება იმის დემონსტრირებას, რომ „ქვეყანა არ იმყოფება უძრაობის ხანაში, არამედ რაღაც დიდი და უკეთესი მომავლისკენ მიემართება.“ რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ყოველწლიური მიმართვით ფედერალური კრების წინაშე, სავარაუდოდ, 22 ნოემბერს გამოვა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG