Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ რობაქიძის ორი წიგნი ტირანებზე


გამომცემლობა “არტანუჯმა” დალი ფანჯიკიძისა და ნანა გოგოლაშვილის მიერ თარგმნილი გრიგოლ რობაქიძის ორი ტექსტი - “ადოლფ ჰიტლერი” და “მუსოლინი” - გამოსცა ცალკე წიგნებად.

90-იანი წლების დასაწყისში ლამის ლეგენდები დადიოდა გრიგოლ რობაქიძის ზოგიერთ ტექსტზე, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, ორი ყველაზე უცნაური წიგნიც იგულისხმებოდა: “ადოლფ ჰიტლერი – უცხოელი მწერლის თვალით” და “მუსოლინი – მზიურნიშნეული” - რობაქიძის ესეისტური დითირამბები, რომელიც მან XX საუკუნის ორ ყველაზე ცნობილ დიქტატორს მიუძღვნა.

გრიგოლ რობაქიძე საქართველოდან სწორედ დიქტატურას და ტოტალიტარულ რეჟიმს გაექცა, მაგრამ მოგვიანებით თავად მოექცა მის ხიბლში, ამჯერად უკვე ევროპაში, და შექმნა წიგნები, რომლებიც დღემდე ზოგისთვის გაუგებარია, სხვებისთვის კი მისი შემოქმედების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის გაკვირვებას იწვევს რობაქიძის ეს გადაწყვეტილება, წიგნები მიეძღვნა მუსოლინისა და ჰიტლერისთვის:

“რობაქიძესთან დაკავშირებით როდესაც ვსაუბრობთ, ჩემთვის, მართალი გითხრათ, ძალიან უცნაური არის ის, რომ ადამიანს, რომელიც საბჭოური ტოტალიტარული რეჟიმისადმი უაღრესად კრიტიკულად იყო განწყობილი, აქვს მთელი თავი დაწერილი სტალინზე “ჩაკლულ სულში”, რომელიც შემდეგში ცალკეც დაიბეჭდა მისი ესეების ტომში, სახელწოდებით “დემონი და მითოსი”, სადაც სტალინი წარმოდგენილია როგორც აჰრიმანული სული... აქ რობაქიძე კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს სწორედ ამ პერსონის კულტს, პიროვნების კულტს და ამბობს, რომ ამაში არის რაღაც დამანგრეველი სული – და როდესაც სტალინისადმი კაცი ასე კრიტიკულად არის განწყობილი, ცხადია, გიკვირს, რატომ მოსწონდა მას ჰიტლერი და მუსოლინი”.

ასეთი სიმპათიების გამოვლენა იმ პერიოდში საკმაოდ ხშირი იყო, ორ მსოფლიო ომს შორის მოქცეული ორი ათწლეული სწორედ ამ თვალსაზრისით იყო ნიშნეული:

“პირველ მსოფლიო ომსა და მეორე მსოფლიო ომს შორის, ეტყობა, ისეთი ეპოქა იყო, რომ ასეთი გატაცება ამ “დიადი ადამიანებით” ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს განსაკუთრებით ამ პერიოდისათვისაა დამახასიათებელი. მანამდეც, რასაკვირველია, შუა საუკუნეებში და ანტიკურ ეპოქაში მსგავსი რამ, ცხადია, იყო... მაგალითად, XIX საუკუნეში არ იყო ასეთი ტენდენცია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ პირველმა მსოფლიო ომმა - მართლაც, საშინელმა და სისხლისმღვრელმა ომმა - გამოიწვია საზოგადოებაში ისეთი აზრი, რომ საჭიროა ძლიერი პერსონები. ამიტომაც არის, რომ ხდება აღზევება ისეთი ადამიანების, როგორიც იყო მუსოლინი, ჰიტლერი და, საბოლოო ჯამში, ეს აღფრთოვანებაც სტალინით არა მხოლოდ პროპაგანდის შედეგია, არამედ საზოგადოებაში ასეთი ძლიერი ხელისა და წესრიგის დამამყარებლის საჭიროების დანახვისაც”.
დიქტატორებით აღფრთოვანება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ან საბჭოური მოვლენა. არამედ დასავლეთშიც, სრულიად დემოკრატიულ ქვეყნებშიაც იყვნენ მწერლები, რომლებიც ამ ძლიერი პიროვნებებით იყვნენ აღფრთოვანებულები...

მსგავსი მაგალითები სხვა ეპოქებიდანაც არაერთი ვიცით, სხვა დროშიც ბევრი იყო ამგვარი თაყვანისცემა და ანტიკურობიდან მოყოლებული დღემდე ზოგიერთი მწერალი - უფრო ფართოდ კი, ხელოვანი - რატომღაც საჭიროდ მიიჩნევს ხოლმე კონკრეტულ ლიდერში, ძალაუფლების მატარებელ პერსონაში იმედი და შთაგონების წყარო დაინახოს. შეუძლებელია ამ თემაზე საუბრისას ეზრა პაუნდი და კნუტ ჰამსუნი არ გაგახსენდეს. ლაშა ბაქრაძემაც სწორედ ეს ავტორები დაიმოწმა ჩვენთან საუბრისას:

“დიქტატორებით აღფრთოვანება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ან საბჭოური მოვლენა. არამედ დასავლეთშიც, სრულიად დემოკრატიულ ქვეყნებშიაც იყვნენ მწერლები, რომლებიც ამ ძლიერი პიროვნებებით იყვნენ აღფრთოვანებულები. ჰიტლერით და მუსოლინით აღფრთოვანებული იყვნენ ისეთი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ავტორები, როგორც ეზრა პაუნდი ან კნუტ ჰამსუნი. ამის გამო მათ ომის დამთავრების მერე პასუხიც კი მოსთხოვეს. ასეთივე დიდი აღფრთოვანება იყო სტალინის გარშემოც. მთელი დასავლეთის მწერლები აქ დადიოდნენ და, ერთეული გამონაკლისების გარდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც დითირამბებს უწერდნენ სტალინს, რომელიც რაღაც ახალს აშენებდა. ეს იყო მათთვის სრულიად ახლებური სამყაროს ხედვა”.

გრიგოლ რობაქიძისთვის ასეთი სიახლის მატარებელი მუსოლინი და ჰიტლერი იყო. ამ უკანასკნელის შესახებ იგი მისთვის დამახასიათებელი - ლამის კომიზმამდე მისული - მაღალფარდოვნებით წერდა: “დიახ, ჰიტლერი მართლაც ახალი ადამიანია, უფრო ზუსტად: ადამიანის ახალი ხატი. მის სტიქიაში მარად სასიკეთო ინტერფერენციის სახით შემოქმედებითად იძვრის ცალკეულ ადამიანსა და პირველმდგენს შორის დაძაბულობის შემქმნელი ცეზურა”.

რობაქიძის ენა ცალკე საკითხია, ეს ფენომენი კარგადაა შესასწავლი და პირველ საინტერესო დაკვირვებებს ერთ-ერთი წიგნის ქართულად მთარგმნელის, დალი ფანჯიკიძის, ბოლოსიტყვაობაშიც შეხვდებით, სადაც იგი მწერლის ენობრივ ექსპერიმენტებს “ქართულში გერმანული ხატებისა და სიტყვათქმნადობის დამკვიდრების მცდელობად” აღიქვამს. დალი ფანჯიკიძისა და ნანა გოგოლაშვილისთვისაც, ცხადია, გრიგოლ რობაქიძის ესეების ენობრივი თავისებურებები იყო ამოსავალი თარგმანზე მუშაობისას. სწორედ ამიტომაც, ქართული თარგმანი გაჯერებულია ტერმინოლოგიური “მზიურნიშნეულობით”. ორივე წიგნში ბევრია „თაურხატები“ და „თაურდროები“. აქ სხვა უცნაურ კომპოზიტებსაც შეხვდებით - პირველთაური, თაურმცენარე, მგეობა, პირველმდგენი, შინაგან შემკვრივებული მთლიანობა, ქვაშიშობილი, მზმელი, სხეულმოვლენილი და სხვა... თუმცა კი, რა თქმა უნდა, მთავარი ცნებები გრიგოლ რობაქიძისთვის, ესაა – რასა, ხალხი, სისხლი, მიწა. სადღაა ადამიანი? ამაზე პასუხი მარტივია: აქ მხოლოდ ერთი ადამიანია, დიადი ზეკაცი, გმირი, ვისაც წიგნი ეძღვნება და ვისი სახელებიც მითიურ რუნებშია ამოტვიფრული ან კიდევ სადმე სხვა რომელიმე იდუმალ ტექსტებში.

ლაშა ბაქრაძის აზრით, გრიგოლ რობაქიძის ეს ტექსტები არანაირ განსაკუთრებულ ლიტერატურულ ღირებულებას არ წარმოადგენს:

“ამავე დროს ეს ორივე წიგნი, შეიძლება ითქვას, მდარე დონის ლიტერატურაა. არც ერთი წიგნი არ წარმოადგენს ლიტერატურის თვალსაზრისით რაიმე ღირებულებას, თორემ იმავე დიქტატორებზე ბევრი საინტერესო წიგნიც დაწერილა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ რობაქიძე შემდეგში, ომის მომდევნო წლებში, ცდილობდა რაღაცნაირად გაენეიტრალებინა ეს წიგნები და ეთქვა, რომ ეს არის რაღაც ეზოთერული ხედვა და არ ეხება კონკრეტულად რომელიღაც პიროვნებებს, მან ეს ვერ მოახერხა და ვერც მოახერხებდა, რადგანაც ყველასათვის ცხადი იყო, რომ ჰიტლერზე და მუსოლინიზე ასე წერა, როგორც მას აქვს დაწერილი, მიუღებელი იყო - და მიუღებელი იყო არა მხოლოდ ომის შემდეგ, როდესაც ყველაფერი გამოჩნდა, არამედ მანამდეც - განათლებული კულტურული მწერლისგან”.

XX საუკუნის დასაწყისის განათლება და კულტურა კი რობაქიძის ამ წიგნებში ჩანს - რუსული ვერცხლის საუკუნე ვლადიმირ სოლოვიოვისა და ვიაჩესლავ ივანოვის სიმბოლისტური ფილოსოფიით, ნიცშესა და ეზოთერული აზროვნების უცნაური ნაზავი, ავტოციტატები. ერთი სიტყვით, გრიგოლ რობაქიძე თავისი ტრადიციული მარაგით მიუდგა საკითხს, თუმცა ბევრისთვის მაინც გამოცანად დარჩა, რამ აიძულა მწერალი ეს ტექსტები დაეწერა. ასეა ლაშა ბაქრაძისთვისაც:

“რობაქიძეს არ ჰქონდა აუცილებლობა იმისა, რომ ასეთი წიგნი დაეწერა, განსხვავებით, მაგალითად, საბჭოთა კავშირში დარჩენილი მწერლებისაგან, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, სხვანაირ გამოსავალს ვერ ხედავდნენ, რომ არ დაეწერათ “ბავშვობა და ყრმობა”, “ბელადი” და სხვა, მსგავსი სახელწოდების წიგნები, რომელიც მათ ფიზიკურად გადაარჩენდა. რობაქიძეს კი ასეთი აუცილებლობა არ ჰქონია, ანუ მან ეს ორივე წიგნი შეკვეთის გარეშე, გულახდილად დაწერა, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა”.

დაბოლოს, ერთი უცნაური დეტალი. “ჰიტლერში” რობაქიძე ასევე ძალზე გულახდილად აღწერს ეპიზოდს, როდესაც იგი ბერლინიდან იენაში მგზავრობისას დახვრეტილ თბილისელ მეგობრებზე წუხდა. სცენა იმით მთავრდება, რომ მის მწუხარებას მხოლოდ პატარა გოგონასთან ერთად ფიურერის სურათების თვალიერებამ უშველა. ბოლოს კი დასძენს: “აი, ასე, უმცირეს დეტალებში მჟღავნდება ფიურერის ზემოქმედების ძალა”.

გრიგოლ რობაქიძის პროზა დღესაც საკმაოდ დიდ ზემოქმედებას ახდენს ბევრ ჩვენს თანამედროვეზე. სწორედ ამიტომ, კარგად უნდა გვახსოვდეს ისიც, რაც თავად რობაქიძეზე ახდენდა დიდ ზემოქმედებას.
XS
SM
MD
LG