Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით საქართველო სწორ გზას ადგას”


საქართველოს მთავრობამ გასული კვირა ქვეყნის დიპლომატიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მნიშვნელოვან პერიოდად შეაფასა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაზე, ევროკავშირის მაღალჩინოსნებსა და აშშ-ის პრეზიდენტთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრებსა და ნატოს ლისაბონის სამიტზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს განაცხადა, რომ გარკვეულ ძალებს საერთაშორისო პოლიტიკისგან საქართველოს ჩამოშორება არ გამოუვიდათ, რადგან ქვეყანა ”საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და წარმატებული თემაა”. ნატოს ლისაბონის სამიტს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გამეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის, განცხადებით, დადასტურდა, რომ ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით საქართველო სწორ გზას ადგას და ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამავე ბრიფინგზე კალანდაძე შეეხო საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ლისაბონში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველოში, რომელსაც სამომავლოდ ნატოს წევრობა შეუძლია, კვლავ არსებობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა, ნატო კი, პრობლემების იმპორტს არ აპირებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციით, ქვეყნის თვითმიზანს წარმოადგენს არა ნატოში გაწევრიანება, არამედ დემოკრატიული განვითარება და არის შემთხვევები, როდესაც ალიანსში გაწევრიანდნენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მქონე ქვეყნებიც.
XS
SM
MD
LG