Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი პოლიტიკური „უძრაობის“ საფრთხეზე საუბრობს


რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქვეყანაში მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ დომინაცია და პოლიტიკური კონკურენციის არარსებობა „უძრაობას“ გამოიწვევს. გავრცელებულ ვიდეო-ბლოგში პრეზიდენტი ამბობს, რომ შექმნილი ვითარება როგორც პოლიტიკურ ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას უქმნის საფრთხეს. „საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების გარკვეული პერიოდიდან გაჩნდა ერთგვარი უძრაობის სიმპტომები. წარმოიშვა საფრთხე, რომ სტაბილურობა სტაგნაციის გამომწვევ ფაქტორად გადაიქცევა. ასეთი უძრაობა კი ერთნაირად დამღუპველია როგორ მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური ძალებისთვის“, - განაცხადა მედვედევმა. „ედინაია რასიას“ - რომელსაც სათავეში ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და მედვედევის წინამორბედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უდგას - პარლამენტში დიდი უპირატესობა შექმნიდან, 2001 წლიდან აქვს. მედვედევის დღევანდელი განცხადება წინ უსწრებს პარლამენტის ორივე პალატის წინაშე მის მნიშვნელოვან გამოსვლას, რომელიც სამშაბათს არის დაგეგმილი - და რომლითაც, როგორც ვარაუდობენ, გაირკვევა, აპირებს თუ არა ის პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ კენჭისყრას 2012 წელს. ამ არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა პუტინსაც აქვს.
XS
SM
MD
LG