Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟან-ლუკ გოდარი - 80


ჟან-ლუკ გოდარი და ფრანსუა ტრიუფო
ჟან-ლუკ გოდარი და ფრანსუა ტრიუფო
3 დეკემბერს დიდ ფრანგ კინორეჟისორს, თანამედროვე კინოხელოვნების ცოცხალ კლასიკოსს, ახლა უკვე საპატიო ამერიკული ”ოსკარის” ლაურეატს ჟან-ლუკ გოდარს დაბადების 80 წელი შეუსრულდა.

კინომცოდნეებს ყოველთვის უჭირდათ იმის დამტკიცება, რომ გოდარი გენიალურია: მისი შემოქმედება, მისი ფილმები არ გაძლევს ამის საშუალებას; გოდარი არ ექვემდაბარება სიტყვას. თავადაც, როცა ფილმის ქებას იწყებს (გაგახსენებთ, რომ პირველი პროფესიით გოდარიც კინომცოდნეა), ამბობს ხოლმე ”სუფთა კინო”... რაც იმას ნიშნავს, რომ საუბრობს კინოსახეებით მდიდარ ფილმებზე - იმ კინოზე, რომელსაც ვერ მოჰყვები, ვერ ახსნი, რატომ იმოქმედა, რატომ შეძრა მაყურებელი.

1982 წელს გოდარის უმცროსმა კოლეგამ ვიმ ვენდერსმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ოთახი 666“ - კანის კინოფესტივალზე სასტუმროს ერთ ოთახში დაამონტაჟა კამერა და სთხოვა ათ რეჟისორს გამოეთქვათ მოსაზრება თანამედროვე კინოზე. როგორც მოსალოდნელი იყო, გოდარმა ფილმის აღქმის შესახებ დაიწყო საუბარი - როგორ შეცვალა აღქმა და, შესაბამისად, კინოს ენა ტელევიზიამ. გოდარი სწორედ ამ ფილმში ამბობს:

”რაც დრო გადის, ფილმები სატელევიზიო სერიალებს ემსგავსებიან. სატელევიზიო ესთეტიკა მთლიანად ჩაენაცვლა კინოს ესთეტიკას. ასე ჩაიგდო ხელში კინო მმართველმა კლასმა. არსებითად ამაში არაფერია გასაკვირი. რემბრანდტის მხატვრობაც მეფეებისა და პრინცების დაკვეთა იყო. მოცარტის მუსიკაც მეფეებმა და პრინცებმა შეუკვეთეს”.

დაკვეთა... გოდარი ამართლებს დაკვეთას, თუმცა თავად ყოველთვის გაურბოდა ამას. ”მე უნდა გადავიღო არა პოლიტიკური ფილმი, არამედ ფილმი გადავიღო პოლიტიკურად”, - გამოაცხადა მან ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში, როცა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის - ”უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” - წარმატების შემდეგ ფრანგული ”ახალი ტალღის” ერთ-ერთმა ლიდერმა საბოლოოდ გადაწყვიტა კინოკრიტიკოსის პროფესია კინორეჟისორის პროფესიისთვის შეეთავსებინა.

გოდარი ამბობდა, რომ დიდი და ძლიერი კინო მმართველმა კლასებმა თავიანთი მიზნის მისაღწევად გამოიყენეს. თხრობის ის სტილი, რომელიც კლასიკურმა კინომ დანერგა, ადამიანთა მოტყუებისთვის არის შექმნილი - ადამიანებს ილუზიებს უქმნიან და ოცნების ფაბრიკის პროდუქტს აზიარებენ. ამიტომ რეჟისორებმა უნდა იფიქრონ ახალ კინოენაზე, რომელიც დისტანციას შეუქმნის მაყურებელს ეკრანთან და პოლიტიკურად უფრო აქტიურს გახდის. ისე, როგორც ეს ბრეხტის თეატრშია. მისი თქმით:

”ტელევიზიას ახლა რეკლამა აფინანსებს. რეკლამის სამყარო კი ძლიერი სახეების სამყაროა. აქ გამოსახულებასთან შედარებით სიტყვას ნაკლები მნიშვნელობა აქვს... ამიტომაცაა, რომ ეს სატელევიზიო ესთეტიკა ეიზენშტეინს ემსგავსება... მის ”პოტიომკინს”. უბრალოდ, ”პოტიომკინი” საათ-ნახევარი გრძელდება”.

გოდარს არაერთხელ მიუმართავს რუსული ავანგარდისთვის. ოღონდ ფრანგი კინორეჟისორის იდეალი იყო არა ეიზენშტეინი, არამედ ძიგა ვირტოვი - თავად რუსი კინოავანგარდისტების მიერ მარგინალიზებული რეჟისორი, რომელსაც სწამდა, რომ მისი ფილმები ადამიანთა ხედვას უკეთესს გახდიდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ”თვალს აუხელდა” და ისეთ დეტალებს დაანახვებდა სამყაროში, რასაც ჩვეულებრივი თვალი ყურადღებას არ აქცევს.

გოდარიც ამისათვის იღვწოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ამ რევოლუციურ პათოსზე უარი თქვა. საფრანგეთიდან შვეიცარიაში გადასახლდა და გამოაცხადა, რომ 60-იან წლებში ხუმრობდა, როცა ამბობდა მარქსისტი ვარო (ხანდახან მაოისტიც ვარო, ამბობდა). ეს კი თქვა, მაგრამ წელს დაასრულა მუშაობა თავის ახალ ფილმზე, რომელსაც ”სოციალიზმი” ჰქვია. როგორც ამბობს, ეს მისი ბოლო ფილმი იქნება. თუმცა ყველა დროის ერთ-ერთი გენიალური კინორეჟისორისა და გენიალური პროვოკატორის ნათქვამს დიდი ხანია სერიოზულად არ აღიქვამენ. მის თაყვანისმცემლებს იმედი აქვთ, რომ ახლა უკვე 80 წლის გოდარი აუცილებლად დაუბრუნდება გადასაღებ მოედანს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG