რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი მუშაობს ევროკავშირთან და ნატოსთან „სრულფასოვანი“ ურთიერთობის დამყარებაზე. ამის შესახებ მედვედევმა განაცხადა ვარშავაში, პოლონელ კოლეგა ბრონისლავ კომოროვსკისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არც ევროკავშირის წევრია და არც ნატოსი, ვმუშაობთ ამ ორივე ორგანიზაციასთან სრულფასოვანი ურთიერთობის დასამყარებლად. და იმედი მაქვს, რომ ამ დიალოგში ჩვენი პოლონელი ამხანაგების ჩართვა ხელს შეუწყობს სხვადასხვა საკითხის მოგვარებას“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მედვედევმა დღეს დაიწყო ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, ვარშავასთან მოსკოვის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. კომოროვსკისთან შეხვედრამ, მისი თქმით, „ნდობის ატმოსფეროში“ ჩაიარა. მოლაპარაკებების მთავარ თემებად სახელდება ენერგეტიკა, სავაჭრო ურთიერთობები და უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, რუსეთის დაგეგმილი თანამშრომლობა ნატოსთან, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთისა და რუსეთის პრეზიდენტები დაესწრნენ ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროებში რამდენიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას. გარდა ამისა, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ერთად უხელმძღვანელებენ მუშაობას პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკისა და, რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად, მასთან ერთად დაღუპული პოლონელების მემორიალის შექმნაზე. 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარმა ავიაკატასტროფამ 96 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მედვედევის განცხადებით, რუსეთი „სრულფასოვან“ ურთიერთობას დაამყარებს ნატოსთან და ევროკავშირთან
ყველაზე პოპულარული
1