Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიკილიკსის მხარდამჭერებმა MasterCard-ის და შვეიცარიის ბანკის ვებსაიტებზე მიიტანეს იერიში


ჰაკერებმა დღეს საკრედიტო ბარათის ფირმის, MasterCard-ის ვებსაიტზე მიიტანეს იერიში და ის მწყობრიდან გამოიყვანეს. როგორც ვარაუდობენ, ეს შურისძიება იყო იმის გამო, რომ MasterCard-ი ვიკილიკსის ვებსაიტის სასარგებლოდ გადარიცხვებს ბლოკავს. როგორც იუწყებიან, MasterCard-ი ახლა თავისი ვებსაიტის აღდგენას ცდილობს, თუმცა უცნობია ამას რამდენი დრო დასჭირდება. ვებსაიტის ტექნიკური პრობლემები არ ახდენს გავლენას საკუთრივ კომპანიის საკრედიტო ბარათებით სარგებლობაზე. MasterCard-ი უკანასკნელია აშშ-ში განთავსებულ იმ ინტერნეტ-კომპანიებს შორის, რომლებმაც ბოლო დღეებში ვიკილიკსთან კავშირი გაწყვიტეს, აშშ-ის მთავრობის ზეწოლის ფონზე. მათ შორის არიან Visa, Amazon.com-ი, PayPal Inc.-ი და EveryDNS-ი. დღესვე, თავის ვებსაიტზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი დაადასტურა შვეიცარიის საფოსტო ბანკმა - რომელმაც რამდენიმე დღის წინ დახურა ვიკილიკსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის საბანკო ანგარიში. ამასთან, როგორც ვარაუდობენ, ასანჟის მხარდამჭერებმა წუხელ შვეციის პროკურატურის ვებსაიტზეც განახორციელეს შეტევა და ის მწყობრიდან გამოიყვანეს. ასანჟი გუშინ ბრიტანეთში დააკავეს და მას შვეციაში ექსტრადიცია ემუქრება, სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო. ასანჟი ბრალდებას უარყოფს. კიბერ-შეტევების განმახორციელებელი ჯგუფის - „ანონიმუსის“ - ორგანიზატორების თქმით, შეტევათა კამპანია შეეხება ყველას, ვინც ვიკილიკსის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.
XS
SM
MD
LG