Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელი თუ კონფუცი?


მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ლიუ სიაობო
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ლიუ სიაობო
10 დეკემბერს ოსლოში გაიმართება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვების ცერემონია - როგორც წინასწარვე ნათელია, ცერემონია ლაურეატის გარეშე ჩაივლის. ჩინელი დისიდენტი, ლიუ სიაობო, რომელსაც წლევანდელი პრემია მიენიჭა, ციხეში რჩება, მისი მეუღლე კი შიდაპატიმრობას იხდის. ოჯახის დანარჩენ წევრებს, უბრალოდ, არ ეძლევათ ჩინეთიდან გამგზავრების შესაძლებლობა, ისევე როგორც ათობით ჩინელ დისიდენტსა და ინტელექტუალს, რომლებზეც პეკინში ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა, ოსლოში ჩავიდნენ, ნობელის პრემიის ცერემონიაზე დასასწრებად. ჩინეთის ხელისუფლება სხვა ზომებსაც მიმართავს, მისი ოპონენტის დაჯილდოვებით გამოწვეული მძაფრი უკმაყოფილების გამოსახატავად.

რამდენად მწვავეა ჩინეთის უკმაყოფილება იმით, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია დისიდენტ ლიუ სიაობოს მიენიჭა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა სამშაბათს, საგარეო უწყების პრესმდივნის, ძიან იუს არცთუ დიპლომატიური ჟღერადობის განცხადებით: ლიუ სიაობოსთვის ნობელის პრემიის მინიჭება „უხამსობა“ არისო. „მინდა ვუთხრა ნობელის პრემიის კომიტეტს, რომ ის დგამს და ასრულებს ანტიჩინურ ფარსს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველასი, ვინც ლიუ სიაობოს საკითხით სარგებლობს ჩინეთის საშინაო საქმეებსა და სამართლებრივ უზენაესობაში ჩასარევად“, დასძინა საგარეო უწყების პრეს-მდივანმა.

ჩინეთის გაღიზიანებაზე ასევე მიუთითებს უპრეცედენტო კამპანია, რომლის მიზანიც იყო სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ჩამოცილება ნობელის პრემიით დაჯილდოვების ცერემონიიდან. კამპანიის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, 19 ქვეყნის წარმომადგენლებმა თქვეს უარი ცერემონიაში მონაწილეობაზე. ამ ქვეყნებს შორის არიან უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, სერბია, ერანი ერაყი, ავღანეთი, პაკისტანი...

„სამართლიანობა ყველასთვის ძვირფასია. საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალი წევრი არ ემხრობა ნორვეგიის კომიტეტის მცდარ გადაწყვეტილებას. ნორვეგიის კომიტეტი ვერაფრით შეცვლის იმ ფაქტს, რომ ლიუ სიაობო კრიმინალური ელემენტია“ - ეს განცხადებაც ჩინეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ძიან იუმ გააკეთა.

თუმცა პეკინი მკაცრი რიტორიკით და მოკავშირეების გადაბირებით არ შემოიფარგლება. ჩინეთში შემოიღეს ახალი პრემია, რომელიც ამ ქვეყნის უდიდესი ფილოსოფოსის სახელს ატარებს და მშვიდობის დარგში დამსახურებებზე პეკინის შეხედულების გამოხატვას ემსახურება: ეს არის კონფუცის სამშვიდობო პრემია, რომლის ლაურეატადაც ტაივანის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიენ ჩანი გამოცხადდა.

„რაც მეტი სამშვიდობა პრემია იქნება, მით უკეთესიო“, განაცხადა დღეს პეკინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კონფუცის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ძიან დიჟენმა, რომელსაც ერთ-ერთი შეკითხვა ნობელის პრემიის წლევანდელ ლაურენატზეც დაუსვეს. აი, მისი პასუხი:

„ჩვენ არ შეგვისწავლია ლიუ სიაობოს შეხედულებები და არ შეგვისწავლია ნობელის პრემიის გაცემის კრიტერიუმები. ყველას თავისი აზრი აქვს. როგორც უკვე განაცხადა თავმჯდომარემ, ჩინეთი მიისწრაფვის მშვიდობიანი თანაარსებობისაკენ და ემხრობა ადამიანების საერთო მიზნისთვის მუშაობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს მშვიდობას. რაც მეტი სამშვიდობო პრემიაა, მით უკეთესი“.

მაგრამ ჩინეთის ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, ნაკლებად ტოლერანტული დამოკიდებულება აქვთ, ყოველ შემთხვევაში, ნობელის პრემიისადმი. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, დღეს ჩინეთში რამდენიმე წამყვანი უცხოური მედიასაშუალების ვებსაიტები დაიბლოკა: მათ შორის არის CNN-ის, BBC-ისა და ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტები. 10 დეკემბერს ისინი აჩვენებენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ჩინელ დისიდენტ ლიუ სიაობოს დაჯილდოვების ცერემონიას აჩვენებენ. თუმცა, სიაობო წარმოდგენილი იქნება ცარიელი სავარძლით, სურათით და ტექსტებით, რომელსაც ნორვეგიელი მსახიობი, ლივ ულმანი წაიკითხავს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG