Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევის შეფასებით, განვლილი წელი რუსეთისათვის წარმატებული იყო


დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი
დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტი
რუსეთის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ურთიერთობა იოლია, საპატიმროში მყოფ მიხაილ ხოდორკოვსკის ბედს სასამართლო გამოძიება გადაწყვეტს - ამ და სხვა თემებზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განვლილი წლის შემაჯამებელ ტელეინტერვიუში, რომელსაც ერთდროულად სამი სახელმწიფო ტელეკომპანიის ჟურნალისტები უძღვებოდნენ. მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ ამ დღეებში პირადად შეხვდა რუს ჯაშუშებს, რომლებიც, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო ინტერესებს იცავენ.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, 2010 წლის ყველაზე დიდი მიღწევა რუსეთისათვის ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და სტაბილური განვითარების ტემპების შენარჩუნებაა. მედვედევის თქმით, რუსეთი წინ მიიწევს „ სტარტის“ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხში, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა „მომდევნო ათწლეულების უსაფრთხოების ქვაკუთხედი უწოდა.“ მედვედევის თქმით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა არის ლიდერი, რომელმაც „მისი იმედები გაამართლა“:

როგორც პრეზიდენტი, მე ვფიქრობ შემდეგს: არც პრეზიდენტს და არც რომელიმე თანამდებობის პირს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში იმყოფება, არ აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი პოზიცია ან ამ საქმეზე ...
„პრეზიდენტ ობამასთან მუშაობა ჩემთვის იოლია. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგისმინოს და გაგიგოს, რომელიც არ იმყოფება რაღაც სტერეოტიპების გავლენის ქვეშ და - რაც, შესაძლოა, უმთავრესია პოლიტიკოსისათვის - რომელიც ასრულებს დაპირებას, იქნება ეს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღება, იქნება ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ატომის დარგში თანამშრომლობის შესახებ ერთ-ერთი უმთავრესი შეთანხმების რატიფიკაცია თუ მუშაობა საერთაშორისო საკითხებზე.“

რუსეთის პრეზიდენტმა ერთობლივ ტელეინტერვიუში ისაუბრა რუსეთის მოზარდებში გავრცელებულ ნარკომანიაზე. მედვედევის თანახმად, 160 ათასი სკოლის მოწაფე მოიხმარს ნარკოტიკს. რუსეთის ლიდერი შეეხო ასევე სასამართლო სისტემის პრობლემას, რომლის რეფორმირებასაც ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი საკითხი უწოდა. მაგნატ მიხაილ ხოდორკოვსკის ბედზე საუბრისას მედვედევმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა:

„როგორც პრეზიდენტი, მე ვფიქრობ შემდეგს: არც პრეზიდენტს და არც რომელიმე თანამდებობის პირს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში იმყოფება, არ აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი პოზიცია ან ამ საქმეზე, ან სხვა რომელიმე საქმეზე, ვიდრე არ იქნება გამოტანილი გამამართლებელი ანდა გამამტყუნებელი განაჩენი.“

დმიტრი მედვედევი ერთობლივ ტელეინტერვიუში გამოეხმაურა შეერთებულ შტატებში გამოაშკარავებული რუსი ჯაშუშების ისტორიას და განაცხადა, რომ რუსეთმა შეასრულა მასზე დაკისრებული ამოცანა და გაათავისუფლა გასაჭირში ჩავარდნილი რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესებს იცავდნენ:

„ამ ვითარებაში ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ჩვენი ხალხის გამოყვანა. და ეს ჩვენ გავაკეთეთ. და, პირველ ყოვლისა, შესაძლოა იმის გამო, რომ თავიდანვე განვაცხადე, ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან. და ეს არის ნორმალური. მეტიც, ცოტა ხნის წინ მათ საგარეო დაზვერვის იუბილეზე შევხვდი და ვუთხარი: იცით? ჩვენ მომავალშიც ასე მოვიქცევით, თუკი საგარეო დაზვერვის - ლეგალური თუ არალეგალური დაზვერვის -რომელიმე თანამშრომელი რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. რადგან ეს ხალხი ჩვენს ინტერესებს იცავს.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG