Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიანების უდიდესი ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს


25 დეკემბერს კათოლიკეები და მსოფლიოს სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენელთა უმრავლესობა ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო რიტუალები შუაღამისას დაიწყო. რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში მსახურებას რომის პაპი, ბენედიქტე მეთექვსმეტე გაუძღვა. ბოლო წლების ფონზე გამორჩეული ხალხმრავლობით და მხიარულებით აღინიშნება შობა იესო ქრისტეს დაბადების ადგილად მიჩნეულ ქალაქ ბეთლემში. დასავლეთის სანაპიროს ამ ბიბლიურ ქალაქში პარასკევს ათი ათასობით ტურისტი ჩავიდა . ოფიციალური მონაცემებით, 2000 წლის შემდეგ შობაზე ბეთლემში ამდენი ტურისტი არასოდეს ყოფილა. წლევანდელ ხალხმრავლობას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი - მათ შორის უჩვეულოდ თბილმა ამინდმა, ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობაში პაუზამ და დასავლეთის სანაპიროს ეკონომიკურმა აღმავლობამ. შუაღამის დადგომისას მოედანზე უამრავი წითელი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი საშობაო სანთელი ენთო. უწინ ბეთლემში შობის აღსანიშნავად ათი ათასობით ტურისტი ჩადიოდა მთელი მსოფლიოდან - თუმცა მომლოცველთა რაოდენობა მკვეთრად დაეცა 2000 წლიდან, პალესტინელთა მეორე ამბოხების პარალელურად. ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათი ვარაუდით წლევანდელ სადღესასწაულო სეზონზე - რომელიც ორი კვირა გასტანს - ბეთლემს დაახლოებით 90,000 ადამიანი ეწვევა. შარშან ეს მონაცემი 70,000 იყო. თუმცა, ცხადია, ძალადობამ თავისი კვალი დატოვა. ბეთლემში შესვლის წინ ხალხს მასიურ რკინის კარიბჭეში უწევს გავლა. ეს კარიბჭე იერუსალიმსა და ბეთლემს შორის გამყოფის ფუნქციას ასრულებს და ის ისრაელმა ააგო, ბოლო ათწლეულში პალესტინელთა მხრიდან გახშირებული თავდასხმების ფონზე.
XS
SM
MD
LG