Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როზა ოტუნბაევა: ყირგიზეთი ვითარების დალაგების პროცესშია


ყირგიზეთის პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა
ყირგიზეთის პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა
ყირგიზეთის ოპოზიციის ლიდერი როზა ოტუნბაევა ხელისუფლებაში გადატრიალების შემდეგ მოვიდა - აპრილში პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის ხელისუფლება ჩამოაგდეს. მას მერე ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა, სისხლიანი ეთნიკური დაპირისპირებისა და წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სასამართლო პროცესების ჩათვლით. რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ოტუნბაევამ, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, განაცხადა, რომ ქვეყანაში ამჟამად ვითარების დალაგების პროცესი მიმდინარეობს. გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს ინტერვიუდან:

რადიო თავისუფლება: როგორ აღწერდით 2010 წლის 7 აპრილს? ეს მართლა „რევოლუცია“ იყო? და თუ ასეა, მიაღწია თუ არა მან თავის მიზნებს?

როზა ოტუნბაევა: 2005 წელს, ყოფილი პრეზიდენტის ასკარ აყაევის დამხობის შემდეგ, ვთვლიდით, რომ მართლაც რევოლუცია მოვახდინეთ. კორუფციის წინააღმდეგ მტკიცე ნებით ავჯანყდით. სამწუხაროდ, ეს რევოლუცია მოგვპარეს. ბაკიევის რეჟიმს მისგან ერთი მისხალიც კი არ შემორჩა. ბაკიევმა ეს თავისი პირადი ძალაუფლებისთვის და ოჯახის ინტერესებისთვის გამოიყენა. რაც შეეხება მიმდინარე წლის 7 აპრილს, ტერმინი „რევოლუცია“ ერთგვარად გაცვდა. მე ვიტყოდი, რომ ახლა ვითარების დალაგების პროცესში ვართ. ვალაგებთ საზოგადოებას და დემოკრატიისკენ მივდივართ.

რადიო თავისუფლება: რატომ მოხდა, რომ მათ, ვინც თავს რევოლუციურ ძალად და საპარლამენტო დემოკრატიის მესვეურებად წარმოაჩენდნენ, ვერ შეძლეს 2010 წლის 10 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება?

როზა ოტუნბაევა: ჩვენ პოლიტიკურ ამბიციებსა და რეალობას შორის არსებული განსხვავების მოწმენი გავხდით. ჯგუფი, რომელიც რევოლუციის დროს ერთად იდგა, არჩევნების პერიოდში დაიშალა. მათ ვერ შეძლეს ერთიან ძალად ქცევა და წინასაარჩევნო ქმედებების ორგანიზება. ისინი თავიანთ ოპონენტებს სუსტ ძალად მიიჩნევდნენ, რომლებსაც მათთვის პრობლემების შექმნა არ შეეძლოთ, და თვლიდნენ, რომ ხალხი მხარს მხოლოდ მათ დაუჭერდა. ამგვარი მოსაზრებების გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეული.

რადიო თავისუფლება: ყირგიზეთის ზოგიერთი ოფიციალური წარმომადგენელი ამბობდა, რომ მათ წინასწარ იცოდნენ ივნისში სისხლიანი ეთნიკური დაპირისპირების დაწყების საფრთხის შესახებ. რატომ ვერ შეძლო თქვენმა მთავრობამ ამის დროულად აღკვეთა?

როზა ოტუნბაევა: ივნისის მოვლენების მთავარი მიზეზი ადგილობრივი კრიმინალური ელემენტების მიერ მოწყობილი ამბოხება იყო. იმ დროს ძალაუფლების ვაკუუმი არსებობდა. ბაკიევის მთავრობა გაქცეული იყო, დროებითი მთავრობა კი ფორმირების პროცესში იმყოფებოდა. სამხრეთში ბაკიევის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა - მათ, ვისაც მისი დაბრუნება სურდათ - ახალ მთავრობას წინააღმდეგობა გაუწიეს. კრიმინალურმა ელემენტებმა ბევრი იმუშავეს ბაკიევისა და თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ ვერ შევძელით კრიმინალის დროულად აღკვეთა, იმიტომ რომ პოლიციასა და უშიშროების სტრუქტურებში იმ დროს ჯერ კიდევ ძველი რეჟიმის ერთგული ხალხი მუშაობდა. მათი ნაწილის სხვა რეგიონებში გადანაწილება მოგვიხდა - ამას კი დრო დასჭირდა.

რადიო თავისუფლება: სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდით. აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ყირგიზეთში არსებულ ვითარებას. ამასვე აკეთებს რუსეთიც. როგორ აბალანსებთ აშშ-ისა და რუსეთის გავლენებს ქვეყანაზე?

როზა ოტუნბაევა: აპრილის მოვლენებიდან დღემდე რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს და პრემიერ-მინისტრ პუტინს ხუთჯერ თუ ექვსჯერ შევხვდი - როგორც პირისპირ, ისე სამიტების დროს. ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით უსაფრთხოების ერთობლივი ხელშეკრულების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის, ეუთოსა და სხვა ორგანიზაციების შეხვედრებზე. ჩვენი მიღწევები რუსეთთან ჩვენს ტრადიციულ ურთიერთობასაც უკავშირდება. რუსეთში ამჟამად ყირგიზეთის დაახლოებით 300,000 მოქალაქე ცხოვრობს. პირადად მე მოსკოვში რვა წლის განმავლობაში ვსწავლობდი, სადოქტოროზე მუშაობის პერიოდში. ამიტომ მაქვს ახლო კავშირები ამ ქვეყანასთან. ამერიკას რაც შეეხება, ის ოკეანის მეორე მხარეზე მდებარეობს. რა იქნება ცუდი იმაში, თუკი ეს ქვეყანა, ჩვენი დახმარების სურვილით, თვალს ადევნებს ყირგიზეთს და ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას? მე ვეწინააღმდეგები პოლიტიკოსებისთვის იარლიყების მიკერებას - მათ „პრო-ამერიკელებად“ და „პრორუსულებად“ დაყოფას. მე ყირგიზეთის მთავრობისა და სახელმწიფოს ინტერესებს ვიცავ. როგორც თქვენც შენიშნეთ, მიმდინარე წელს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ამერიკელებმა ჩვენ 200 ქვეყანას შორის განსაკუთრებული ყურადღება დაგვითმეს. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს განვითარებას აფასებენ და სურთ, რომ ყირგიზეთში დემოკრატიამ გაიმარჯვოს.
XS
SM
MD
LG