Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტერმინატორი“ მიდის


არნოლდ შვარცენეგერი
არნოლდ შვარცენეგერი
მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე ცნობილი გუბერნატორი თანამდებობას ეთხოვება: ჰოლივუდის ვარსკვლავს, კულტურიზმში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ არნოლდ შვარცენეგგერს მთელს მსოფლიოში იცნობდნენ, როცა ის ამ შვიდი წლის წინ კალიფორნიის შტატის გუბერნატორად აირჩიეს. შესაბამისად, გამორჩეულად დიდი იყო მის მიმართ მედიის ყურადღება და ასეა ახლაც, როცა შვარცენეგერს გუბერნატორობის ვადა ამოეწურა.

არნოლდ შვარცენეგერის კარიერის დღევანდელ დღეს არ შეიძლება არ გაგახსენდეს ერთი-ორი ციტატა მისი ყველაზე გახმაურებული ფილმიდან - ფილმიდან ტერმინატორი, რომელმაც შეერთებულ შტატებში ავსტრიიდან ემიგრირებული კულტურისტი ნამდვილ სუპერვარსკვლავად აქცია. ერთ-ერთ ეპიზოდში შვარცენეგერის მიერ განსახიერებული პერსონაჟი ესპანურად ამბობს ნახვამდის. უნდა ვივარაუდოთ, რომ ტერმინატორის ფრაზა „Hasta la vista, baby“ უფრო მკაფიოდ აღბეჭდილი რჩება ბევრის მეხსიერებაში, ვიდრე გუბერნატორ შვარცენეგერის პოლიტიკური მოღვაწეობა... მის მხარდამჭერთა რაოდენობა ამ დროისთვის, დაახლოებით, 23 პროცენტს შეადგენს.

არადა, ყველაფერი გაცილებით მეტი ენთუზიაზმით დაიწყო. 2003 წლის არჩევნებში შვარცენეგერმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, იოლად დაამარცხა დემოკრატი კონკურენტი, ხოლო საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას, პირობა დადო, რომ ითანამშრომლებდა შტატის საკანონმდებლო ორგანოსთან.

„ვიცი, რომ თქვენს შორის არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მე და ეს საკანონმდებლო ორგანო ვერსაოდეს შევთანხმდებით ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე. მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შევხვედრივარ ხალხს, რომელიც გასაოცრად რეაგირებდა გასაოცარ გამოწვევებზე. პრეზიდენტი კენედი როგორც იტყოდა, „მე ვარ იდეალისტი ილუზიების გარეშე“, განაცხადა შვარცენეგერმა საინაუგურაციო გამოსვლაში. მას კენედი, რასაკვირველია, შემთხვევით არ უხსენებია. ციტატა იყო მინიშნება კენედებთან - ამერიკელი დემოკრატების უაღრესად გავლენიან პოლიტიკურ კლანთან - შვარცენეგერის კავშირზე. ამ უკანასკნელის მეუღლე, მარია შრაივერია კენედების მრავალრიცხოვანი კლანის წარმომადგენელი.

თუმცა, კლანი კლანად - კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე შვარცენეგერი მოვიდა დაპირებით, რომ მოაწესრიგებდა ბიუჯეტს, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია შეერთებულ შტატებში, ეკონომიკის მოცულობითა და მოსახლეობის რაოდენობით, უდიდეს შტატში. არადა, ახლა, როცა შვარცენეგერი მიდის, კალიფორნიის ბიუჯეტის დეფიციტი 28 მილიარდ დოლარს შეადგენს, ეკონომიკური დაღმასვლა კი გრძელდება. ახალ გუბერნატორს, დემოკრატ ჯერი ბრაუნს, ნამდვილად არ მოელის იოლი ამოცანები.

თუმცა, მისმა სახელგანთქმულმა წინამორბედმა გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. მათ შორის იყო კანონები გარემოს დაცვის ხელშესაწყობად, კალიფორნიაში განახლებადი ენერგიით სარგებლობისათვის პირობების შესაქმნელად. ეჭვი არ არის, რომ შვარცენეგერმა თაყვანისმცემლების მთელი არმია მოიპოვა კანონით, რომელიც ითვალისწინებს მცირე რაოდენობით მარიხუანის მფლობელთათვის განკუთვნილი სასჯელის შემსუბუქებას. მართალია, კალიფორნიის გუბერნატორის პოპულარობა, მთლიანობაში, კლების გზას ადგა, მაგრამ შვარცენეგერი მსოფლიოში კარგად ახსოვთ და ვარსკვლავის ამ სტატუსს ის იოლად იყენებდა საერთაშორისო სარბიელზე ყურადღების მისაპყრობად - იქნებოდა ეს 2009 წელს კოპენჰაგენში, კლიმატურ ცვლილებებზე გაეროს კონფერენციის დროს, თუ შარშან რუსეთში, როცა მოსკოვის მახლობლად მდებარე სკოლკოვოს ეწვია, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ამბიციური გეგმების მხარდასაჭერად. „ვიცი, რომ რუსეთის ტექნიკა და უაღრესად ნოვატორული აზროვნება, კალიფორნიელებთან ერთად, ვფიქრობ, შეძლებს აქ დიდი საოცრებისა და დიდი სამრეწველო ბუმის მიღწევას“, განაცხადა არნოლდ შვარცენეგერმა რუსეთში.

შვარცენეგერზე საუბრისას ხშირად იხსენებენ ხოლმე რონალდ რეიგანს. ისიც, როგორც ცნობილია, კინომსახიობი იყო (უნდა ითქვას, შვარცენეგერზე გაცილებით ნაკლებად ცნობილი) და ისიც კალიფორნიის გუბერნატორად აირჩიეს. მოგვიანებით რეიგანი, მოგეხსენებათ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა. შვარცენეგერს რაც შეეხება, მას ნათქვამი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სიამოვნებით ცდიდა ბედს საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, შეერთებული შტატების კონსტიტუციით, იმიგრანტებს არ ეძლევათ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა...

ვინ იცის, მომავალში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, ახლა კი შვარცენეგერს, როგორც მან, გაზეთ „ლოს ანჯელეს ტაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ბევრი გეგმა აქვს, მათ შორის წიგნების წერა და არც ის არის გამორიცხული, რომ ისევ ჰოლივუდს დაუბრუნდეს.

ასეა თუ ისე, 63 წლის არნოლდ შვარცენეგერი ჯერ კიდევ მეტისმეტად აქტიური და ამბიციური კაცი ჩანს საიმისოდ, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეს სარბიელს - იქნება ეს დიდი პოლიტიკა, თუ დიდი კინო.
XS
SM
MD
LG