Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: აშშ-თვის „სპუტნიკის“ მომენტი მეორდება


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა გამოდის მოწოდებით, მეტი ინვესტიცია გაკეთდეს სამეცნიერო კვლევის, განათლების სფეროებში და ინფრასტრუქტურაში, რათა გაიზარდოს შეერთებული შტატების - მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის ქვეყნის - კონკურენტუნარიანობა. ობამა ამ მოწოდებით გამოვიდა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ წლიურ მოხსენებაში. მისი შეფასებით, შეერთებული შტატებისთვის მეორდება „სპუტნიკის“ მომენტი. ამით ობამამ მიანიშნა 50-ანი წლების კონკურენციაზე საბჭოთა კავშირთან, კოსმოსის კვლევის სფეროში. „ნახევარი საუკუნის წინ, როცა საბჭოთა კავშირმა გვაჯობა კოსმოსში „სპუტნიკად“ წოდებული თანამგზავრის გაშვებით, წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ ვაჯობებდით მას მთვარეზე პირველობით. ასეთი კვლევა ჯერ არ არსებობდა. NASA (კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტო) არც კი არსებობდა. მაგრამ უკეთეს კვლევასა და განათლებაში ინვესტირების შედეგად, არათუ ვაჯობეთ საბჭოთა კავშირს, არამედ გზა გავუხსენით ინოვაციის ტალღას, რომელმაც მრეწველობის ახალი დარგები და მილიონობით სამუშაო ადგილი შექმნა. დღეს ჩვენი თაობისთვის დადგა „სპუტნიკის“ მომენტი“, - განაცხადა ობამამ. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მან თქვა, რომ ერაყის ომი დასასრულს უახლოვდება და რომ ივლისში დაიწყება ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი. ობამამ მიუთითა აგრთვე „გადატვირთვაზე“ რუსეთთან ურთიერთობაში და კავშირების განმტკიცებაზე აზიის სახელმწიფოებთან.
XS
SM
MD
LG