Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 1 თებერვალი 2011


ნავთობის ფასებმა რუსეთში მაქსიმალურ ისტორიულ ნიშნულს გადააჭარბა, გვამცნობს „ვედომოსტი“; პრეზიდენტი მედვედევი კი რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ინოვაციებს სთხოვს და დასჯით ემუქრება. კომპანიებს შორის, რომლებსაც პრეზიდენტი წარმოებაში ახალი, არატრადიციული მეთოდების გამოყენებას სთხოვს, მოხსენიებულია „როსნეფტი“ და აეროფლოტი. თუ ინოვაციას ხელს სერიოზულად არ მოჰკიდებთ, ხელმძღვანელებს თანამდებობებიდან გავათავისუფლებო, დამუქრებია კომპანიებს პრეზიდენტი.

„ვედომოსტიში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მედვედევს ინოვაციური გეგმების შემუშავებაზე ბრძანება გასული წლის დასაწყისში გაუცია. მიზანი რუსული პროდუქციის მსოფლიო ბაზართან ადაპტირება და მაღალი კონკურენტუნარიანობის მიღწევა ყოფილა. გასაგებია პრეზიდენტის სულსწრაფობა და სურვილი რუსულმა კომპანიებმა წარმატებას მიაღწიონ მსოფლიო ბაზარზეო, აღნიშნავს სტატიაში უმაღლესი ეკონომიკური სკოლის მეცნიერ-თანამშრომელი ევგენი იასინი, თუმცა, მისი თქმით, მსგავსი მეთოდებით და მართვის სტილით მსგავსი სურვილების ასრულება შეუძლებელია:

”ამას ათწლეულები სჭირდება. ინოვაციიის დამკვიდრებას კომპანიები ინდივიდუალურად უნდა ახერხებდნენ, გარედან ამ პროცესში ჩარევა ან ზევიდან ბრძანებების გაცემა კარგს არაფერს მოგვცემს”, - ამბობს იასინი „ვედომოსტის“ სტატიაში, სახელწოდებით „ინოვაციების მსხვერპლნი“.
საქართველომ ეთერში გაუშვა რუსულენოვანი ტელევიზიაო, წერს „ვედომოსტი“. გაზეთი პირველი კავკასიური არხის დირექტორს რობერტ პარსონს ციტირებს, რომელიც ამბობს, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ არხი პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურებოდესო. თუმცა პარსონსი იქვე აღნიშნავს, შესაძლოა არხის მაუწყებლობით რუსეთის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩესო, რადგან ჩვენ ინფორმაციული ვაკუუმი უნდა შევავსოთ და როცა ხელისუფლებები აკონტროლებენ მედიასივრცეს, მათ არ მოეწონებათ ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მცდელობაო.

„იზვესტია“ იმ ეთერზე წერს, რომლითაც გაიხსნა პირველი კავკასიური არხის მაუწყებლობა და ყურადღებას საქართველოს პრეზიდენტის სიტყვის რამდენიმე დეტალზე ამახვილებს. პირველი, გაზეთის თქმით,”ნოვატორული გონებამახვილობაა” ფრაზა, ინფლაციის გამომწვევი მიზეზი მსოფლიოს დიდ ქვეყნებში გაზრდილი მოხმარება არისო. გაზეთი ასევე ახსენებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლაში, სადაც მან რუსეთი ’ნიანგს’ შეადარა, რომელსაც უნდა გაექცეო და, ბოლოს, პრეზიდენტმა არ გასცა კონკრეტული პასუხი შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ქვეყნის მართვაში დარჩენას მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგო.

ზუსტად სამი სტრიქონი ეთმობა „ვედომოსტის“ გვერდზე ევროსასამართლოს მიერ საქართველოს მხარის მიერ ინიცირებული სარჩელის განხილვის დაწყებას. საქმე ეხება 2006 წელს ეთნიკური ქართველების მასობრივ დეპორტაციას რუსეთიდან.
დაბოლოს, „იზვესტიას“ მკითხველების გამოკითხვის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტს უთქვამს, რუსული კულტურა სისტემის შემქმნელია და მისი სისტემური მხარდაჭერა აუცილებელიაო. როგორ უნდა დავეხმაროთ რუსულ კულტურასო, კითხულობს გაზეთი. პასუხებს შორის, რომლის მონიშვნაც მკითხველს შეუძლია, მოცემულია: ა)რუსულ კულტურას არ სჭირდება შეყუდება, ის არსებობდა და იარსებებს; ბ) ფული წყვეტს ყველაფერს, მათ შორის - კულტურის სფეროში; გ) დასავლური პოპსა და კიტჩი ანადგურებს ჩვენს თვითმყოფადობას და ამას უნდა ვებრძოლოთ; დ)სკოლა უნდა ასწავლიდეს კულტურას. პუშკინი, დოსტოევსკი და ტოლსტოი. არ შეიძლება კულტურისა და ისტორიის სასკოლო საათების შემცირება; ე) რუსული კულტურა დღეს არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საბჭოთა კულტურა. გამოკითხვის მონაწილეთა 51 პროცენტი ფიქრობს, რომ გამოსავალი სკოლაა და სასკოლო სწავლება. 20-მდე პროცენტი ფიქრობს, რომ დასავლური პოპსა და კიტჩი რუსულ კუტურას პრობლემებს უქმნის. 15 პროცენტი ფიქრობს, რომ დღეს არ არსებობს რუსული კულტურა და არსებობს მხოლოდ საბჭოთა კულტურა. 10 პროცენტი ფიქრობს, რომ ფული წყვეტს ყველაფერს და მხოლოდ ხუთი პროცენტი ფიქრობს, რომ კულტურას დახმარება არ სჭირდება.
XS
SM
MD
LG