Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუბარაქის განცხადებას ობამა ეხმაურება


ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის განცხადებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა. ობამა აცხადებს, რომ ეგვიპტის ლიდერმა აღიარა, რომ ”სტატუს კვოს შენარჩუნება შეუძლებელია, საჭიროა ცვლილება”. ობამა დარწმუნებულია, რომ ეგვიპტის ხალხი იპოვნის კრიზისიდან გამოსავალს: ”მივმართავ ეგვიპტელ ხალხს და განსაკუთრებით ახალგაზრდობას. მსურს ვიყო მკაფიო: ჩვენ გვესმის თქვენი ხმა. მტკიცედ მწამს, რომ თქვენ განსაზღვრავთ თქვენს ბედისწერას და შეასრულებთ დაპირებას - შეუქმნით თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს უკეთეს მომავალს”, - განაცხადა ბარაკ ობამამ. 82 წლის ჰოსნი მუბარაქმა ეგვიპტის მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ არ წამოაყენებს თავის კანდიდატურას სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე: ”ჩემი უპირველესი პასუხისმგებლობა ახლა არის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაბრუნება ქვეყნისთვის, რომ ძალაუფლების გადაცემა მოხდეს მშვიდობიანად, ისეთ ატმოსფეროში, სადაც ეგვიპტე და ეგვიპტელები დაცული იქნებიან და ხელისუფლებაში მოვა ის, ვისაც აირჩევს ხალხი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. მთელი გულწრფელობით ვაცხადებ, მიმდინარე მოვლენებისგან დამოუკიდებლად, რომ მე არ ვაპირებ პრეზიდენტად კენჭისყრას. ეგვიპტისა და ეგვიპტელების სამსახურს ჩემი ცხოვრების საკმარისზე მეტი დრო დავუთმე და ახლა გადავწყვიტე დავასრულო ჩემი ვადა ქვეყნის საკეთილდღეოდ”. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მუჰამედ ელბარადეი მუბარაქის განცხადებას ”ხრიკს” უწოდებს.
XS
SM
MD
LG