Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა დაიწყო ”სტრატეგიული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან”


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გახსნა ვაშინგტონის პირველი „სტრატეგიული დიალოგი“ სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებათა წარმომადგენლებთან და აშშ-ის დახმარება აღუთქვა ადამიანის უფლებების დამცველებს. 20 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციით გათვალისწინებული დისკუსიის დაწყებამდე, კლინტონმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი მნიშვნელოვნად ზრდის მათი საქმიანობის დაფინანსებას. ეს დაფინანსება, კლინტონის განმარტებით, უნდა მოხმარდეს „სამოქალაქო საზოგადოებისთვის შექმნილ საფრთხეებზე რეაგირებას - დახმარების გაწევას ადამიანის უფლებების დამცველებისთვის, რომლებიც დააპატიმრეს, აქტივისტებისთვის, რომლებსაც დევნიათ და ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც ცენზურა დაუწესეს“. კლინტონმა განაცხადა აგრეთვე, რომ საფუძველი ჩაეყარა „საერთაშორისო ფონდს“ მთავრობების მიერ რეპრესირებული არასამთავრობო ორგანიზაციების სწრაფად დასახმარებლად, რაც სამართლებრივ მხარდაჭერას და საკომუნიკაციო აღჭურვილობის მიწოდებასაც ითვალისწინებს. სამოქალაქო საზოგადოებასთან „სტრატეგიული დიალოგის“ ფონია ვაშინგტონისადმი კრიტიკა, რომ ის მხარს უჭერდა რეჟიმებს, რომლებიც ბოლოხანს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაამხეს ტუნისსა და ეგვიპტეში, და საკმარის დახმარებას არ უწევდა არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ ქვეყნებში.
XS
SM
MD
LG