Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეგენდები დინოზავრებზე, ანუ ქართული სიურრეალიზმი


მას შემდეგ, რაც საქართველოში აღარ ვცხოვრობ, ყველაზე ხშირი შეკითხვა, რომელსაც მისვამენ, არის – „როგორ ხედავ საქართველოს გარედან?“ თუმცა კი ვფიქრობ, რომ ამ შეკითხვამ ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად აზრი დაკარგა, რადგანაც ვირტუალური სივრციდან დანახული საქართველო თანაბრად ხელმისაწვდომია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებთათვის. განსხვავება კი ალბათ მხოლოდ აღქმაშია: ვირტუალური სამყაროდან აღქმული რეალური საქართველო სიურრეალურად გამოიყურება.

სიურრეალური „ზე-რეალურს“, „რეალობის მიღმა მყოფს“ ნიშნავს და მასში რეალობის იმგვარი გამოხატვა იგულისხმება, რომელიც არ შეიძლება იყოს რეალური, ნამდვილი. ესაა სინამდვილის ისეთი ფორმა, რომელსაც ვერ დაიჯერებ და დარწმუნებული ხარ, რომ ასეთი რამ სინამდვილეში არ არსებობს და შეუძლებელიც კია, რომ არსებობდეს. ხელოვნებაში სიურრეალიზმი არ-არსებულის, ფანტასტიურის სინამდვილეში გადმოტანას და ამით ისეთი სამყაროს შექმნას გულისხმობს, რომელიც ხილულ „სინამდვილეზე მეტია“ და ამიტომაც მისი რეალობასთან არაადეკვატურობის გამო არარეალურად გამოიყურება.

ასეთი სიურრეალიზმის განცდა ინტერნეტში ნანახი ვიდეომასალით მეუფლება ხოლმე, თუმცა „ზე-რეალური“ ამ მასალაში არა თავად ნანახის ფორმაა, არამედ უფრო შინაარსი, რომელიც ალბათ იმ სინამდვილეს ამჟღავნებს, რომელიც „გარედან უკეთ ჩანს“. თუმცა თავად შინაარსების ურთიერთშეუსაბამობა კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ასეთ აღქმას და ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, რომ სიურრეალიზმი საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაციაა, რომელშიც ქვეყანა ამჟამად იმყოფება. ასეთ სიურრეალისტურ სურათს საქართველოში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსის თანაარსებობაც ქმნის: ესაა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ სააკაშვილის სრულიად „ფუტურისტული“ სამშენებლო იდეები თუ ხელისუფლების ინსცენირებები, მეორე მხრივ კი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიზანმიმართული სწრაფვა ქვეყნის მაქსიმალური არქაიზაციისაკენ. აქედან პირველი ძირითადად გარეგნულ ნიშნებს მოიცავს, მეორე კი უფრო შინაარსებს.

ამ სიურრეალისტურ პანორამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა დინოზავრების თემას, რომელიც ბოლო დროს თანაბრად თამაშობს განსაკუთრებულ როლს როგორც პოლიტიკაში, ასევე თანამედროვე ქართულ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში: 2010 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ჯერ მარტვილის რაიონში აღმოჩენილი სავარაუდოდ დინოზავრის მორიგი ნაკვალევი მოინახულა, შემდეგ კი სათაფლიაში გახსნა განახლებული ნაკრძალი, რომელშიც უკვე „მექანიკური დინოზავრები“ ბინადრობენ. დეკემბერში კი სააკაშვილმა სათაფლიის გამოქვაბულში, პირდაპირ დინოზავრის ნაკვალევთან, ჩაატარა მთავრობის სხდომა, რომლის ნაწილიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმაში ამ ტურისტული ობიექტის პერსპექტივებს მიეძღვნა. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ პრეისტორიული დინოზავრები მალე საქართველოს მომავალი ეკონომიკური აღმავლობის სიმბოლოდ მოგვევლინებიან.

მაგრამ დინოზავრები არა მხოლოდ ქართულ ეკონომიკას მოევლინენ მხსნელად, არამედ თეოლოგიური წიაღსვლების ახალ იმპულსებს აწვდიან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც. ერთ ენაგაწაფულობით გამორჩეულ სამღვდელო პირს, დეკანოზ ლევან მათეშვილს, ნამდვილად სენსაციური აღმოჩენები ეკუთვნის ამ მიმართულებით: დინოზავრები პრეისტორიული არსებები კი არ არიან, არამედ ისინი ადამიანებთან ერთად „მოღვაწეობდნენ“. ამის არგუმენტად ღვთის მსახური ფსევდომეცნიერების – კრეაციონიზმის – ყველაზე ოდიოზურ „ფაქტებს“ იშველიებს, რომ დინოზავრები იგივე დრაკონები თუ გველეშაპები არიან. ამ აზრის განსავრცობად, ქართველი ღვთისმეტყველი საკუთარ ორიგინალურ აზრებსაც ამატებს, რომ დინოზავრების განადგურებაში განსაკუთრებული როლი ქრისტიან წმინდანებს, მაგალითად, დავით გარეჯელს ან წმინდა გიორგის მიუძღვით, რაც უკვე ჭეშმარიტად ახალი სიტყვაა პალეონტოლოგიაშიც და თეოლოგიაშიც: გამოდის, რომ დინოზავრები 65 მილიონი წლის წინ, სავარაუდოდ, დედამიწასთან მეტეორის შეჯახებამ კი არ გაანადგურა, როგორც ამას სიცრუის მქადაგებელი მეცნიერება გვასწავლის, არამედ ისინი ქრისტიანი წმინდანების მადლიან მახვილს ემსხვერპლნენ. თუმცა კი „მამაომ“ შთაგონებული მსმენელი იქვე გააფრთხილა კიდევაც, რომ გამორიცხული არც ისაა, რომ დინოზავრები ფარულად დღესაც ცხოვრობდნენ ტბებსა თუ მღვიმეებში. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მამა ლევანის ვარაუდები გამართლდა და ასე ფარულად და არალეგალურად მცხოვრებ დინოზავრთა ერთ-ერთი ბუდე საქართველოს მომავალი ეკონომიკური აღმავლობის ეპიცენტრ სათაფლიაშიც აღმოჩნდა და ერთხელაც იქ მისულ „მილონობით უცხოელ ტურისტს“ შესახრამუნებლად მშიერი დინოზავრი გამოეკიდა. უკანასკნელ იმედად ალბათ ისევ ეკლესიაღა თუ გვრჩება, რომელსაც დღესაც ეყოლება დინოზავრთმმუსვრელი მამები და ისინი თუ იხსნიან საქართველოს ეკონომიკას კატასტროფისაგან. ამიტომაც აუცილებელია სათაფლიის გამოქვაბულში დინოზავრებთან მებრძოლი წმინდანის სახელზე ერთი ეკლესიის აგება.

სავარაუდოა, რომ ასეთი საფრთხე არა მხოლოდ ეკლესიას აქვს გაცნობიერებული, არამედ საქართველოს პრეზიდენტსაც, რომელიც ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობს, ალბათ სწორედ მდიდარი უცხოელი ტურისტები რომ არ დააფრთხოს. მაგრამ, „ყოველივე დაფარული განცხადდება!“ სიურრეალიზმში, რომელიც ფსიქოანალიზის ზეგავლენით გაჩნდა, ხომ სწორედ დაფარული, ცნობიერებიდან განდევნილი თუ შეგნებულად შენიღბული საიდუმლოებები ცხადდება. ამიტომაც შემთხვევითი არ უნდა იყოს ის, რომ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალ შენობას პრეისტორიული ცხოველის, სავარაუდოდ დინოზავრის ფორმა ექნება. იქნებ სააკაშვილი ფარულად დინოზავრების, ანუ, თანამედროვე ქართული მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ენაზე, გველეშაპების თაყვანისმცემელია და სათაფლიის მახლობლად ახალი პარლამენტის შენობა სინამდვილეში ამ კულტის მსახურებას ისახავს მიზნად? იქნებ პრეზიდენტის ყველაზე მეტად სიურრეალისტური იდეაც, რომ იგი უშბას განათებას აპირებს, რომელიც მან, არც მეტი, არც ნაკლები, შობის დღესასწაულზე გაამხილა, სხვა არაფერია, თუ არა დინოზავრის საკულტო გამოსახულება?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG