საბჭოთა კავშირის უკანასკნელ ლიდერს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ მიხაილ გორბაჩოვს დღეს 80 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, მას რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა: ანდრია პირველწოდებულის ორდენი. დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, მიხაილ გორბაჩოვი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა არ უნდა წამოაყენოს თავისი კანდიდატურა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და, შესაბამისად, არ უნდა დაბრუნდეს პრეზიდენტის პოსტზე. ინტერვიუში, რომელიც ყოველკვირეულმა გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიმ“ გამოაქვეყნა, გორბაჩოვი ამბობს, რომ პუტინის ადგილზე რომ იყოს, არ წამოაყენებდა თავის კანდიდატურას. პრემიერ-მინისტრ პუტინს, რომელიც უკვე ორი ვადით იყო რუსეთის პრეზიდენტი, მინიშნებული აქვს, რომ შესაძლოა, ჩაერთოს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ყველაზე პოპულარული
1