Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში ყოფილი პრეზიდენტის, შირაკის, სასამართლო პროცესი დაიწყო


ჟაკ შირაკი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი
ჟაკ შირაკი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი
პარიზში დღეს დაწყებული სასამართლო პროცესი ომისშემდგომ საფრანგეთში პირველია, რომელზეც პასუხისგებაში მიცემული ყოფილი პრეზიდენტის საქმე უნდა გაირჩეს. ქვეყნის ყოფილ მეთაურს, ჟაკ შირაკს, ბრალად ედება ყალბი სამუშაო ადგილების შექმნა მერიის ფონდებით, იქ თავისი მომხრეების გაფორმება და თავისი პარტიის სასარგებლოდ მათი დასაქმება.

დღევანდელი სხდომა საპროცედურო ხასიათისაა, თვითონ მთავარი ბრალდებული, ყოფილი პრეზიდენტი, ახლა 78 წლის ჟაკ შირაკი, სასამართლოზე ხვალ მივა. ომის ბოლოს ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობის გამო გასამართლებული ფილიპ პეტენის შემდეგ, შირაკი პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც ბრალდებულის სკამზე იჯდება. მასთან ერთად საქმეში გადის კიდევ ცხრა პირი. ბრალდება - ის ორი საქმის შერწყმულ ვერსიას წარმოადგენს - უკავშირდება პარიზის მერად შირაკის მუშაობის პერიოდს (1977-1995 წწ.). უშუალოდ დანაშაულის დროა 92-95 წლები, როცა, პროკურატურის თანახმად, შირაკმა მერიაში შექმნა ყალბი სამუშაო ადგილები და იქ თავისი მომხრეები გააფორმა, რომლებსაც ქალაქის მუნიციპალიტეტის ფულს უხდიდა და საარჩევნო კამპანიაში ასაქმებდა საკუთარი პარტიის სასარგებლოდ. შირაკს 2007 წლამდე, როგორც პრეზიდენტს, იმუნიტეტი იცავდა. ახლა ის მოვალეა სასამართლოზე მივიდეს, თუმცა შანსი, რომ მას განაჩენს გამოუტანენ, მცირეა. თუ ბრალდება დაუმტკიცეს, შირაკს ათწლიანი ციხე და 150 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა მოელის. შირაკი ბრალდებას უარყოფს, აცხადებს, რომ ეს ხარჯები ქალაქის საბჭომ დაამტკიცა, დასაქმებული ადამიანები კი ქალაქის სამსახურში იყვნენ.

სასამართლო ოფიციალურად დაიწყო, მაგრამ შირაკის ასაკმა და მისმა პოპულარობამ შეიძლება თავისი გააკეთოს და ის სასჯელს გადაურჩეს. ხმები დადის მისი ავადმყოფობის შესახებაც, თუმცა შირაკის ცოლმა ეს ჭორები, რომ ყოფილ პრეზიდენტს ალცჰამერის დაავადება სჭირს, უარყო.

თვითონ შირაკიც მხნედ უპასუხებდა საფრანგეთის ტელევიზიით გამოჩენისას შეკითხვას, როგორ ბრძანდებითო. ძალიან კარგად ვარ, გმადლობთ, თქვენც გისურვებთ ასეთსავე ჯანმრთელობასო, უთხრა შირაკმა რეპორტიორს და დაამატა, იმდენად კარგად ვარ, რამდენადაც შესაძლებელიაო.

სასამართლო პროცესი შეიძლება დიდი ხნით გადაიდოს იმის გამოც, რომ შირაკის ყოფილი მრჩეველი, რემი შარდონი, ასევე ბრალდებული, პროტესტს გამოთქვამს, ორი სხვადასხვა ბრალდების წაყენება არაკონსტიტუციურიაო. კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატი კი თვლის, რომ საქმე ადრინდელ პერიოდს ეხება და არ შეიძლება მისი განხილვა ამდენი წლის შემდეგ. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შირაკს ეხმარება, ისაა, რომ მან და მისმა პარტიამ ქალაქის მუნიციპალიტეტს გადაუხადეს 2,2 მილიონი ევრო, ანუ თანხა, რომელიც დაახლოებით უდრის 90-იან წლების ბრალდების საქმეში აღნუსხულ ხარჯს. შედეგად, ქალაქმა თავისი საჩივარი სასამართლოდან უკან გაიტანა. ამას ისიც დაერთვის, რომ პარიზის პროკურორი, ჟან-კლოდ მარინი, გამოვიდა მოწოდებით, საქმე დავხუროთო. როგორც უნდა ჩაიაროს პროცესმა, ის შირაკის პოლიტიკური იმიჯისთვის, მისი საქველმოქმედო საქმიანობისთვის სამარცხვინო დარტყმაა. შირაკის ყოფნა ბრალდებულის სკამზე დისკომფორტს უქმნის ახლანდელ მმართველს, არაპოპულარულ ნიკოლა სარკოზის, რომელსაც ერთ დროს შირაკი მფარველობდა და რომელსაც გაისად არჩევნები მოელის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG