Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის აქტიურდებიან


ქალთა პრობლემებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ქუთაისში ერთ-ერთი დიდი გამოცდილების მქონე კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმია“. როგორც ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სექტორის ხელმძღვანელი ემა კამკია ამბობს, 14 წლიანი მუშაობის მანძილზე ფონდი სხვადასხვა სახის მომსახურებით რამდენიმე ათას ბენეფიციარს დაეხმარა. ემა კამკიას ინფორმაციით, ყოველდღიურად ფონდის ცხელ ხაზზე სხვადასხვა პრობლემებით რამდენიმე ქალი რეკავს და დახმარებას ითხოვს. როგორც ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლები განმარტავენ, ბოლო დროს დახმარების მიღების მსურველთა რიცხვი გაიზარდა, რაც მათი ინფორმირებულობისა და საკუთარი უფლებების დაცვის სურვილითაა გამოწვეული.

ემა კამკიას თქმით, ყველაზე ხშირად დახმარებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ითხოვენ. ქალები, რომლებიც ძალადობას განიცდიან, თვლიან, რომ მხოლოდ იურიდიულ კონსულტაციებს საჭიროებენ და ხშირად უარს ამბობენ ფსიქოლოგის დახმარებაზე, რაც აუცილებელია, რადგან მსგავსი ძალადობის მსხვერპლთ ხშირად დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ცხოვრება ძლიერი ფსიქიკური სტრესის ქვეშ. ჩვენი ფსიქოლოგები მათ ბინაზე ემსახურებიან და გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებიან.

საინფორმაციო და საგანმანათლებლო ლიტერატურა, რომელსაც ფონდი პერმანენტულად გამოსცემს, ქალებს - და არა მარტო მათ - ეხმარება ახალი კანონმდებლობისა და საკანონმდებლო ინიციატივების გაცნობაში, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ფონდის საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელმა ლალი შენგელიამ.
იძულებით გადაადგილებულთა ინტეგრაციასა და ხელშეწყობას გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციის „მეწარმე ქალთა ფონდის“ საქმიანობა. როგორც ფონდის წარმომადგენლები განმარტავენ, ფონდი ცდილობს ქალებს საოჯახო მეურნეობაში, მცირე საწარმოებსა და ვაჭრობის სფეროში სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმაროს, რითაც მათ პრობლემებს შეამცირებს. როგორც პროექტის ასისტენტი დიანა ყურაშვილი ამბობს, გრანტები მცირე ბიზნესისათვის 100-დან 700 ლარამდე თანხით ფინანსდება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 90-მდე ქალია დასაქმებული.

საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის 4 წლის წინ შეიქმნა სხვადასხვა სფეროში მომუშავე ერთი თაობის ქალთა ასოციაცია „ქალები რეგიონების განვითარებისთვის“. ასოციაციასთან დაფუძნებულმა „ქალთა კლუბმა“ მეურვეობა სწორედ იმ პრობლემებზე აიღო, რომლებიც, მათი აზრით, ქალაქისა და რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოივანია. კლუბის პრეზიდენტის მაკა ხეცურიანის თქმით, კლუბის წევრებმა პრიორიტეტი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებას მიანიჭეს.
XS
SM
MD
LG