Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასათბურე მეურნეობა ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს


სასათბურე მოურნეობის გახსნა მეჯვრისხევში
სასათბურე მოურნეობის გახსნა მეჯვრისხევში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გორის რაიონში იმყოფებოდა. დღეს მან სოფელ მეჯვრისხევში სასათბურე მეურნეობა გახსნა. ეს მეურნეობა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელშეწყობით 3 000 კვადრატულ მეტრზე მოეწყო. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სათემო ორგანიზაცია „აგრო ვიტა“, რომელიც 45 ოჯახს აერთიანებს. ამჟამად სათბურში 20 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

სასათბურე მეურნეობები გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ბოსტნეულის მოსაყვანად, არამედ ჩითილების გამოსაყვანადაც. პროექტის ფარგლებში რეგიონში მცხოვრებ 1 500 ოჯახს ორი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ დაურიგდება სათბურებში მოყვანილი 150 ძირი ჩითილი. „აგრო ვიტას“ წარმომადგენელი ნუგზარ ხარხელი ამბობს, რომ დროთა განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა გაიზრდება, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი ამბობს, რომ ასეთი სახის პროექტებით მისი ორგანიზაცია როგორც ადამიანების დასაქმებას, ისე მაღალხარისხიანი პროდუქციის მოყვანას უწყობს ხელს.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის, აზრით, ასეთი მეურნეობების არსებობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და რაიონში ბოსტნეული კულტურების გამრავლებას აადვილებს, საქართველოს მთავრობა კი ასეთი ნაბიჯებით აპირებს უმუშევრობასთან, ინფლაციასა და ფასების გაძვირებასთან ბრძოლას.
სოფლები ზერტი და მეჯვრისხევი ოკუპირებულ ღრომის ხეობას ესაზღვრება. ამ სოფლების მთავარი პრობლემა სარწყავი წყლისა და ბუნებრივი აირის არარსებობაა. ამიტომ სათბურთან შეკრებილმა მოსახლეობამ პარლამენტის თავმჯდომარეს სოფლის პრობლემების მოგვარება მოსთხოვა.

ვიზიტის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივი ფერმერის, ვალტერ მუნჯიშვილის, მეურნეობას ეწვია და ხეხილის სხვლის პროცესს დაესწრო.
XS
SM
MD
LG