Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სახალხო გამოსვლა აღკვეთა


ახალგაზრდების აქცია ბაქოში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00
გადმოწერა

ახალგაზრდების აქცია ბაქოში

აზერბაიჯანში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც 11 მარტს ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქციის გამართვას აპირებდნენ. „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ მოუწოდა აზერბაიჯანს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიები და ნება დართოს აქტივისტებს, გამართონ სამშვიდობო დემონსტრაცია“.

პროდასავლურად და რეფორმისტულად განწყობილი ახალგაზრდები, რომლებიც სოციალური ქსლის საშუალებით გაერთიანდნენ, 11 მარტს ბაქოს ქუჩებში გამოვიდნენ ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქციის - „დიდი სახალხო დღის“ -ჩასატარებლად. მაკდონალდსის შენობის წინ თავშეყრილი ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა იყო „გადადგომა“ და „თავისუფლება“. კერძოდ, ისინი მოითხოვდენენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტების აინულა ფატულაევასა და ბახტიარ ჰაჯიევის, ასევე სულ ახლახან დაპატიმრებული ახალგაზრდა აქტივისტების დაიანატისა და ჯაბარის გათავისუფლებას. თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებდნენ არანაირ პროტესტს, პოლიციას უბრძანა დემონსტრაცია დაეშალა. 11 მარტს ბაქოს ქუჩებში მობილიზებულ პოლიციას არ გასჭირვებია ხელისუფლების ბრძანების პირნათლად შესრულება.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტის ინფორმაციით, პოლიცია ქუჩებსა და მეტროებში აჩერებდა და ჩხრეკდა ხალხს. რამდენიმე ახალგაზრდა აქტივისტი დააკავეს და პოლიციის მანქანებით წაიყვანეს უცნობი მიმართულებით.

დაკავებულთა შორის აღმოჩნდა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ფაიად ალიევი. პოლიციამ სცემა რადიო თავისუფლების აზერაბაიჯანული სამსახურის ფოტოგრაფს აბას ატილაის, რომელიც პოლიციელების მიერ აქტივისტების დაპატიმრებას იღებდა. თუმცა შემდეგ ფოტოგრაფს ბოდიში მოუხადეს და აუხსნეს, რომ მას „შეცდომით სცემეს“. პოლიციის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას ვერ დაუსახელა 11 მარტის აქციაში მონაწილეობის გამო დაკავებულთა რაოდენობა. თუმცა, ორგანიზატორთა თქმით, დაკავებულია სულ ცოტა 15 ადამიანი. მათ შორის, რამდენიმე ახალგაზრდა აქტივისტი დემონსტრაციის ჩატარებამდე დააკავეს, საპროტესტო მსვლელობის ჩატარების ბრალდებით. თავად აქტივისტები იუწყებიან, რომ დაკავებულია 15-ზე მეტი ადამიანი. ახლო აღმოსავლეთში დაწყებული მასობრივი გამოსვლების გავლენით, ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა ჯერ სოციალური ქსლის საშუალებით გამოხატეს ამბოხებულთა მიმართ სოლიდარობა, შემდეგ კი გადაწყვიტეს „დიდი სახალხო დღე“ ჩაეტარებინათ. აქციაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა ფეისბუკის საშუალებით 4 100 კაცმა დააფიქსირა. ევროკავშირმა და „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ მოუწოდა აზერბაიჯანს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიები და ნება დართოს აქტივისტებს, გამართონ სამშვიდობო დემონსტრაცია.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG