Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში ბირთვულმა ავარიამ „სერიოზულის“ საფეხურს მიაღწია


ფუკუსიმის ატომური სადგური
ფუკუსიმის ატომური სადგური
ბირთვული ავარიების საერთაშორისო სკალის მიხედვით, იაპონიაში ფუკუსიმის ატომურ სადგურზე პირველი რეაქტორის მდგომარეობა „სერიოზულ ავარიად“ შეაფასა ამ ქვეყნის ბირთვული უსაფრთხოების უწყებამ. რეაქტორზე სპეციალისტები თავგანწირვით ცდილობენ გააცივონ აგრეგატები, რომელთა აფეთქებას ჯერ არნახული კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს. ამის ფონზე იაპონია ცდილობს გაუმკლავდეს საერთო ვითარებას: გამანადგურებელმა მიწისძვრამ და შემდეგ ცუნამიმ ნახევარი მილიონი ადამიანი დატოვა უსახლკაროდ.
ბირთვული რეაქტორების მქონე სახელმწიფოები გაერთიანებული არიან ხელშეკრულებით, რომელიც მათ ავალდებულებს ატომური ავარიის შემთხვევაში გარე სამყაროს ამცნონ, რა მოხდა. ამავე შეთანხმებით ბირთვული ავარიების რვასაფეხურიანი სკალაა შემუშავებული. იაპონიის ბირთვული უსაფრთხოების უწყებამ, ამ სკალის მიხედვით, მეხუთე საფეხურის ავარიად შეაფასა ამ ეტაპზე ფუკუსიმის სადგურის პირველი რეაქტორის ვითარება. სხვადასხვანაირი მდგომარეობაა დანარჩენ ხუთ რეაქტორზე. ჩერნობილის კატასტროფა მეშვიდე საფეხურისა იყო. აშშ-ში 1979 წელს „თრი აილენდზე“ მომხდარი ავარია ასევე მეხუთე საფეხურისა იყო.

საქმე გვაქვს უკიდურესად სერიოზულ შემთხვევასთან. საერთაშორისო თანამეგობრობა განსაკუთრებითაა შეშფოთებული ამ მოვლენებით ...
„სერიოზული ავარია“ ზოგადად გულისხმობს რადიაციის შეზღუდულ გაჟონვას, რასაც კატასტროფის შესაბამისი დაცვის ზომები სჭირდება, ასევე რეაქტორის და რადიოლოგიური ბარიერის მძიმე დაზიანებას. ფუკუსიმაზე სპეციალისტები ცდილობენ როგორმე წყლის საშუალებით გააცივონ გადახურებული რეაქტორები. სხვა შემთხვევაში მოსალოდნელია ბირთვული მასალების დნობის დაწყება, რაც უკიდურეს კატასტროფას მოასწავებს. ამ დროს მიწისძვრით და ცუნამით დაზარალებულ არეალებში მაშველები განაგრძობენ მუშაობას. დახოცილია ექვსი ათასზე მეტი, დაკარგულად ითვლება ათი ათასი ადამიანი.

ფუკუსიმის ექვს რეაქტორზე ამჟამად სამასი ადამიანია დაკავებული. მათ ნორმის ზემოთ მრავალჯერ გაზრდილ რადიაციულ ვითარებაში უწევთ მუშაობა. ისინი ცდილობენ ელექტრონის მიწოდების აღდგენას, რათა გამაცივებელი სისტემა აამუშაონ. მათი ამოცანაა რადიაციის მასიური გაჟონვა არ მოხდეს. სააგენტო „კიოდოს“ თანახმად, რადიაციული ფონი გაიზარდა სადგურის გარშემო 30-კილომერტიან ზონაშიც, საიდანაც ხალხი ევაკუირებული არ იყო. იაპონიამ მიმართა აშშ-ს, რათა რეაქტორების სტაბილიზებაში დაეხმაროს. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო მომხდარს უკიდურესად სერიოზულ შემთხვევად აფასებს:

„საქმე გვაქვს უკიდურესად სერიოზულ შემთხვევასთან. საერთაშორისო თანამეგობრობა განსაკუთრებითაა შეშფოთებული ამ მოვლენებით. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მათთან გასამკლავებლად.“

იაპონიის წარმომადგენელმა იუკიო ედანომ განაცხადა, რეაქტორებში ელექტროგაყვანილობის აღდგენა დააჩქარებს გასაკეთებელსო. მთავრობა თვლის, რომ იქ მუშაობა დროსთან შეჯიბრია. მაგრამ ბირთვული ექსპერტი ჯონ პრაისი, რომელიც ატომური უსაფრთხოების სფეროში მუშაობდა, ახლა კი ავსტრალიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში საქმიანობს, ამბობს, დენის აღდგენამ შეიძლება ბევრი ვერც ვერაფერი მოიტანოს, რადგან სხვა პრობლემებიც არის რეაქტორებშიო. პრაისის შეფასებით, ფუკუსიმაზე კონტროლი სრულად არ არის დაკარგული, მაგრამ კონტროლის აღდგენა ჯერ ვერ ხერხდება.

იაპონიის დედაქალაქს, რომელიც ბირთვული სადგურიდან 220 კილომეტრშია და სადაც რადიაციული ფონი ამ ეტაპზე ოდნავაა ამაღლებული, ტოვებენ უცხოელები და ქალაქის მოსახლეობა. აზიის სხვა ქვეყნებში, სადაც ხალხი იაპონიიდან ჩადის, მგზავრების რადიაქტიური შემოწმება ხდება.

იაპონიის მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ მომავალში საერთაშორისო თანამეგობრობას უკეთ მიაწვდის ინფორმაციას რეაქტორებზე მდგომარეობის შესახებ.

სენდაის აეროპორტი, რომელიც ცუნამის წყალმა დაფარა, ნაწილობრივ - საგანგაშო ფრენებისთვის - აღადგინეს. იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალში, რომელმაც გამანადგურებელი მიწისძვრა და ცუნამი გადაიტანა, მაშველთა სამუშაოები გაძნელებულია, ჭირს სურსათით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მძიმე მგომარეობაში არიან ავადმყოფები და მოხუცები.

18 მარტს იაპონიაში დუმილის წუთით პატივი მიაგეს კატასტროფის შედეგად დაღუპულებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG