Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფი ავიაციის გარეშეც უტევს


ლიბია
ლიბია
საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის სამხედრო შესაძლებლობებზე იერიშები მიაქვს, აცხადებს, რომ ქვეყნის სამხედრო ავიაცია და თავდაცვითი ძალები განადგურებულია. სამოქალაქო პირების დაცვის მიზნით კოალიცია განაგრძობს კადაფის მომხრე სახმელეთო ძალებზე იერიშებსაც. მიუხედავად ამისა, კვლავინდებურად გრძელდება სასტიკი ბრძლები კადაფის ლოიალურ სამხედრო ძალებსა და ამბოხებულებს შორის.
ეროვნული დიალოგის დასაწყებად და ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად საავიაციო იერიშები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს...

კოალიციის საავიაციო იერიშების მეხუთე დღეს აფეთქებებისა და ანტისაჰაერო თავდაცვითი ქვემეხების გამაყრუებელი ხმა ისმოდა ტრიპოლის ცაზე. გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციის ავიაციამ დაბომბა საწვავის საწყობი. თვითმხილველთა თქმით, დედაქალაქიდან აღმოსავლეთით მდებარე ტაჯურაში დიდი აფეთქება მოხდა სამხედრო ბაზაში. ლიბიის ოფიციალური „ჯანას“ საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, კოალიციის რეიდებს აღნიშნულ ქალაქში დიდი მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო პირთა შორის, რაზეც ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალედ კაიმმა შემდეგი განაცხადა:

„საავიაციო იერიშები, რაც დღეს ხდება, არ განასხვავებს სამოქალაქო და სამხედრო პირებს. ეროვნული დიალოგის დასაწყებად და ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად საავიაციო იერიშები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.“

ლიბიიდან მიღებული ცნობების თანახმად, კადაფის მომხრე სამხედრო ძალების ტანკებმა ალყა შემოარტყეს მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ მისრათის ჰოსპიტალს, ხოლო კადაფის ერთგული სნაიპერები განუკითხავად ისროდნენ. თუმცა თვითმხილველებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ კოალიციის საავიაციო შეტევების შედეგად, კადაფის ტანკები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.
ჰოსპიტლის დაბომბვა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ბარბაროსული და მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისათვის კადაფის რეჟიმი...

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟუპემ კოალიციის საავიაციო ოპერაციას, რომელიც „გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, „წარმატებული“ უწოდა:

„ლიბიის სამხედრო პოტენციალი დიდწილად განადგურებულია. სრულად ანდა სანახევროდ განადგურდა ანტისაჰაერო თავდაცვის ძალები. განადგურებულია ასევე ლიბიის ავიაცია, რომელსაც ძალიან ცოტა თვითმფრინავი და შვეულმფრენი დარჩა. მათ ჯერ კიდევ საკმარისად ჰყავთ ქვეითი ძალები და ქვემეხები. ჰოსპიტლის დაბომბვა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ბარბაროსული და მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისათვის კადაფის რეჟიმი. ასე რომ, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ საავიაციო იერიშებს.“

ლიბიაში შეერთებული შტატების სამხედრო მისიის სარდლობის ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ლიბიის არც ერთ საფრენ საშუალებას რეიდის განხორციელება არ უცდია. ხმელთაშუა ზღვაში მცურავ სამეთაურო გემ „მაუნტ უიტნის“ გემბანიდან ადმირალმა ჟერარ ჰუბერმა განაცხადა, რომ კოალიციის საავიაციო დარტყმები „ზეწოლას ახდენენ მუამარ კადაფის სახმელეთო ძალებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქალაქებს.“
ერთი მხრივ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, რომ ნატომ განახორციელოს მსგავსი ოპერაცია, მაშინ როცა, მეორე მხრივ, კოალიციური ძალები პარალელურ და დამოუკიდებელ ოპერაციას ახორციელებენ...

ჰუბერის თქმით, განვლილი 24 საათის განმავლობაში გაერთიანებულმა საავიაციო არმადამ 175 გაფრენა განახორციელა, რომელთაგან 113 ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ანგარიშზე მოდის. კოალიციის წამყვანი ქვეყნები - შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი - შეთანხმდნენ, რომ ლიბიაში ოპერაციის სარდლობა ნატომ იკისროს, თუმცა 28 სახელმწიფოსაგან შემდგარ კოალიციაში ამ საკითხში მნიშვნელოვანი უთანხმოებაა. განსაკუთრებით ეწინააღმდეგება შეტევითი ოპერაციის განხორციელების იდეას თურქეთი, რომლის პოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ოთხშაბათს ღიად გამოხატა:

„ერთი მხრივ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, რომ ნატომ განახორციელოს მსგავსი ოპერაცია, მაშინ როცა, მეორე მხრივ, კოალიციური ძალები პარალელურ და დამოუკიდებელ ოპერაციას ახორციელებენ.“

მიუხედავად ამისა, ნატოს გემებმა უკვე დაიწყეს პატრულირება ლიბიის სანაპიროსთან, რათა უზრუნველყონ გაეროს მიერ მუამარ კადაფის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს განხორციელება. აღნიშნულ საზღვაო ბლოკადაში თურქეთის სამხედრო გემებიც მონაწილეობენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG