Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის დაბრუნდება ეუთოს მისია საქართველოში


საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებს შორის პირისპირ საუბრის ძირითადი თემა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო. დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ თვალსაზრისითაც, რომ ლიტვა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთოს სამომავლო თანამშრომლობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და იმას, თუ რა როლი უნდა შეასრულოს ეუთომ ამ ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისით. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ეუთოს მისიის დაბრუნების აუცილებლობა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდი. რა შანსი აქვს ლიტვას, რომ მისი თავმჯდომარეობის დროს ეუთოს მისიამ საქართველოში 2009 წლის ზაფხულში შეწყვეტილი მუშაობა განაახლოს?
ჩვენ ერთად გავატარეთ ორი ძალიან შინაარსიანი და საქმიანი დღე. თქვენ იცით, თუ რა დონის მოკავშირეა ლიტვა ჩვენთვის ევროპის მასშტაბით...

ლიტვის პრეზიდენტი, 55 წლის დალია გრიბაუსკაიტე, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება, სანამ 13 საათსა და 20 წუთზე ლიტვის სამხედრო ძალების თვითმფრინავით დატოვებდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, რამდენიმე წუთით წითელ ხალიჩაზე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თუმცა სანამ დალია გრიბაუსკაიტე რამდენიმე სიტყვას იტყოდა, საქართველოს პრეზიდენტმა დაახლოებით 1 წუთი მოანდომა ლიტვის პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტის შეჯამებას.

”ჩვენ ერთად გავატარეთ ორი ძალიან შინაარსიანი და საქმიანი დღე. თქვენ იცით, თუ რა დონის მოკავშირეა ლიტვა ჩვენთვის ევროპის მასშტაბით. მე ვფიქრობ, რომ ლიტვის რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი და თბილი ურთიერთობაა. ჩვენ მადლობლები ვართ, რადგან მას შემდეგ, რაც დალია გრიბაუსკაიტე პრეზიდენტი გახდა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში - განსაკუთრებით ევროკავშირში, ნატოში - ლიტვა ხმალამოღებული იბრძვის იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები იქნეს დაცული და საქართველომ გააგრძელოს ინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებსა და ნატოში”, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ჩვენ მხარს ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ საქართველოს ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისათვის, ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის...

ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა ლიტვის პრეზიდენტი საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეუთოს მისიის დაბრუნების საკითხზე საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ლიტვა 2011 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა და დასახულ პრიორიტეტებს შორის საქართველოც სახელდება. ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება, ხელისუფლების მხრიდან ხალხის კეთილდღეობისათვის წინგადადგმული ნაბიჯები - ასე შეიძლება დავახასიათოთ დალია გრიბაუსკაიტეს მიერ საერთაშორისო აეროპორტში, წითელ ხალიჩაზე გაკეთებული კომენტარი.

”ჩვენ მხარს ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ საქართველოს ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისათვის, ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მე საქართველოში ჩამოვედი როგორც პრეზიდენტი და როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. ჩვენი სურვილია გამოირიცხოს ყოველგვარი შეიარაღებული დაპირისპირება. ეს არავის სურს”, - აღნიშნავს ლიტვის პრეზიდენტი.

ლიტვა არის პატარა სახელმწიფო და, მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერს საქართველოს, მას არ გააჩნია სხვა ბერკეტი იმისა, რომ რუსეთზე ზემოქმედება მოახდინოს...
რაც შეეხება ეუთოს მისიას საქართველოში, პრობლემა ორი წლის წინ - უფრო ზუსტად კი, აგვისტოს ომის შემდეგ - გამწვავდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა 2-ჯერ დაადო ვეტო ორგანიზაციის მისიის საქართველოში საქმიანობის პერსპექტივას და ის საბოლოოდ დაბლოკა კიდეც 2009 წლის ზაფხულში.

რამდენად აქვს ამჯერად შანსი ლიტვას, წინა თავმჯდომარე ქვეყნების, საბერძნეთისა და ყაზახეთისგან განსხვავებით, რომ ეუთოს მისიის დაბრუნების საკითხი საქართველოს სასარგებლოდ მოატრიალოს? რადიო თავისუფლებას ამ კითხვაზე პასუხს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში პაატა გაფრინდაშვილი აძლევს:

”სამწუხაროდ, რუსეთის პოზიციაა, რომ არ შემოუშვას არც ეუთო და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რუსეთი საბოლოოდ დაემორჩილოს საერთაშორისო თანამეგობრობას და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ჩემს აზრს გეტყვით: მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც იტყვიან, Soon or Later (ადრე თუ გვიან) ეს მოხდება. თუ როდის ან ლიტვის თავმჯდომარეობის დროს მოხდება თუ არა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ ეს არის პროცესი, თუმცა არა უსასრულო პროცესი.”

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ, მიუხედავად ლიტვის სურვილისა, ეუთოს ლიტვის თავმჯდომარეობის დროსაც გაუჭირდება მისიის საქართველოში დაბრუნების პრობლემის გადაჭრა:

”ლიტვა არის პატარა სახელმწიფო და, მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერს საქართველოს, მას არ გააჩნია სხვა ბერკეტი იმისა, რომ რუსეთზე ზემოქმედება მოახდინოს. ლიტვას, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანას, შეუძლია დღის წესრიგში შეიტანოს ეს საკითხები და იყოს უფრო აქტიური, მაგრამ შედეგზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვერ იქნება.”
XS
SM
MD
LG