Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ბინ ლადენის გვამის ფოტო არ გამოქვეყნდება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა (მარცხნიდან მეორე) და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების წარმომადგენლებთან ერთად თვალს ადევნებენ ოსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ ოპერაციას
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა (მარცხნიდან მეორე) და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების წარმომადგენლებთან ერთად თვალს ადევნებენ ოსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ ოპერაციას
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოქვეყნდეს ოსამა ბინ ლადენის გვამის ფოტოები. პრეზიდენტი თვლის, რომ „შემზარავ“ ფოტოებს შეიძლება ამერიკელების წინააღმდეგ ძალადობის მატება მოჰყვეს ან ისინი „პროპაგანდის საშუალებად“ გამოიყენონ.

ტელეკომპანია სი-ბი-ესისთვის მიცებულ ინტერვიუში ობამამ თქვა, დნმ-ის ტესტმა ეჭვის საფუძველი არ დატოვა, რომ აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში 2 მაისს მოკლული კაცი მართლა ბინ ლადენი იყოო.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მან ეროვნული უშიშროების გუნდის წევრებთან - მათ შორის, თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსთან და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან - იმსჯელა ფოტოების გამოქვეყნების მიზანშეწონილობის შესახებ. როგორც იუწყებიან, ფოტოები „ძალიან შემზარავია“ - მათზე აღბეჭდილია ბინ-ლადენი მას შემდეგ, რაც მას თავში ესროლეს. ობამას თქმით, დისკუსიის შედეგად გადაწყდა, რომ ფოტოების გამოქვეყნება ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნიდა საფრთხეს. ჩვენ ასეთ რამეებს ნაალაფევად არ წარმოვაჩენთო, განაცხადა პრეზიდენტმა.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჯეი კარნიმ ობამას მიერ სი-ბი-ესისთვის გაცემული ერთ-ერთი პასუხი წაიკითხა. პრეზიდენტს ჟურნალისტმა იმ სკეპტიკოსებზე დაუსვა შეკითხვა, ვისაც არ სჯერა, რომ ბინ ლადენი მართლა მკვდარია: „ჩვენ თვალს ვადევნებთ მსოფლიოს რეაქციას. ეჭვგარეშეა, რომ ბინ ლადენი მკვდარია. ამაში ნამდვილად არ ეპარებათ ეჭვი „ალ-ყაიდის“ წევრებს. ჩვენ არ ვთვლით, რომ ერთ ფოტოს, როგორც ასეთს, რაიმეს შეცვლა შეუძლია. ყოველთვის იქნება ხალხი, ვინც ამას უარყოფს. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ბინ ლადენს არაფერი გააცოცხლებს.“

საუბარია ადამიანზე, რომლის მიმართაც სამართალი აღსრულდაო, - დასძინა ობამამ.

ამ განცხადებამდე ბევრი ვარაუდობდა, რომ ბინ ლადენის ფოტოს გამოაქვეყნებდნენ - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, ლეონ პანეტამ თქვა, სულ მცირე, ერთი ფოტო საჯაროდ გავრცელდებაო.

კარნის თქმით, გადაწყვეტილება, რომ ფოტომასალა არ გამოქვეყნდება, იმ შესაძლო ვიდეოფირსაც მოიცავს, რომელიც ბინ ლადენის ზღვაში დაკრძალვისას გაკეთდა: „ეს შემზარავი ფოტოებია ადამიანისა, რომელსაც სახეში - უფრო სწორად, თავში - აქვს ნასროლი. და ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის ეს ფოტოები ვაქციოთ ანტიამერიკული განცდების ხელშემწყობ სიმბოლოებად, როგორც წარსულში მომხდარა. პრეზიდენტის ნომერ პირველ პრიორიტეტს ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოება წარმოადგენს, შინაც და საზღვარგარეთაც. ოსამა ბინ ლადენის იდენტობის დასადგენად ამ ფოტოების გამოქვეყნება აუცილებელი არ არის. პრეზიდენტმა კი მათი გამოქვეყნებისთვის სხვა დამაჯერებელი მიზეზი ვერ დაინახა.“

თუმცა ფოტოების საიდუმლოდ დატოვების შესახებ თეთრი სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დისკუსია შეიძლება არ დამთავრდეს. ინფორმაციის თავისუფლების აქტის ექსპერტების თქმით, თუკი რომელიმე გარეშე ძალა - მაგალითად, გაზეთი - მთავრობას ოფიციალური მოთხოვნით მიმართავს, ფოტოები შეიძლება მაინც იქცეს საჯაროდ.

ამ კანონის თანახმად, აშშ-ის სამთავრობო სააგენტოები, რომელთა შორის თეთრი სახლი არ შედის, შეიძლება აიძულონ გამოაქვეყნონ ფოტოები, ვიდეოჩანაწერები ან დოკუმენტები, თუკი ამ ნაბიჯით რომელიმე კანონი არ ირღვევა. ამერიკელი ჟურნალისტები ამ კანონს ხშირად იყენებენ სხვაგვარად ხელმიუწვდომელი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

ექსპერტების თქმით, თუ ბინ ლადენის გვამს ფოტოები აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა გადაუღო, - რაზმისა, რომელმაც განახორციელა რეიდი, - შესაძლოა, ფოტოები სამთავრობო სააგენტოს ეკუთვნოდეს, ვთქვათ, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, ან თავდაცვის სამინისტროს. ამ შემთხვევაში ამ ფოტოებზე ინფორმაციის თავისუფლების აქტი გავრცელდება და, მოთხოვნის შემთხვევაში, ფოტოები, როგორც ვთქვით, მაინც შეიძლება საჯარო გახდეს.
XS
SM
MD
LG