Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 მაისს აშშ-ის საელჩოსთან აქციას გამართავს "ქართული პარტია"


"ქართულმა პარტიამ" დღეს დაადასტურა, რომ 16 მაისს თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან გამართავს საპროტესტო აქციას. გასულ ღამით, ტელეკომპანია ”მაესტროსთან” ინტერვიუში ქართული პარტიის თანათავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა პროტესტის მიზეზად დაასახელა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერით ”საქართველოში დემოკრატიის დასამარება და ქვეყნისთვის თავისუფლების წართმევა.” თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა გაიმეორა ირაკლი ოქრუაშვილის მოსაზრება, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები წაართვა, აშშ-მა კი, სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერით - არჩევანის თავისუფლება. ”ქართული პარტიის ლიდერებს არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ ე.წ. ცეკას ინსტრუქტორები შეიცვალონ სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქტორებით”, - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა. მან ქართული პარტიის პოზიციით უკმაყოფილო პოლიტიკურ ძალებს ურჩია, დაინტერესდნენ, თუ რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერაზე.
XS
SM
MD
LG