Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდების მწვერვალიდან დაცემა


დომინიკ სტროს კანი მანჰეტენის სასამართლოში
დომინიკ სტროს კანი მანჰეტენის სასამართლოში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, დომინიკ სტროს-კანმა პირველი ღამე გაატარა ნიუ-იორკის ცნობილ ციხეში, „რაიკერს აილენდში“ მას შემდეგ, რაც მოსამართლემ უარი თქვა მის თავდებით გათავისუფლებაზე. 62 წლის სტროს-კანი, როგორც ცნობილია, ნიუ-იორკშივე დააპატიმრეს სასტუმროს მოსამსახურე ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით.

დომინიკ სტროს-კანის დაპატიმრება, შეიძლება ითქვას, დიდების მწვერვალიდან დაცემას ნიშნავს კაცისათვის, რომელიც ქებას იყო მიჩვეული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის რანგში და თან პრეზიდენტობის ყველაზე პერსპექტიულ კანდიდატად ითვლებოდა მშობლიურ საფრანგეთში. ახლა სტროს-კანს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება კრიმინალური სექსუალური აქტის ჩადენაში, ადამიანის დაკავებაში, გაუპატიურების მცდელობაში და კიდევ რამდენიმე სხვა მძიმე კანონდარღვევაში ბრალდების საფუძველზე. ის ბრალდებებს უარყოფს.

სკანდალს მეტად არასახარბიელო დატვირთვა აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის მას შემდეგ, რაც ლმობიერება გამოიჩინეს სტროს-კანის მიმართ. ორიოდე წლის წინ სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის გაფრთხილებით შემოიფარგლნენ, როცა გასკდა ამბავი ხელქვეით თანამშრომელ ქალთან მისი განსაკუთრებით ახლო ურთიერთობის შესახებ... საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ საბჭოს ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა სტროს-კანის გადაყენებას.

ტელეკადრები, როგორ მიჰყავთ ხელბორკილიანი სტროს-კანი პოლიციელებს, შოკისმომგვრელი იყო ბევრისთვის საფრანგეთშიც, მათ შორის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარის, მარტინ ობრისთვის. „მინდა, რომ პატივისცემით მოეკიდონ ამ ახალგაზრდა ქალს და მინდა, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ამ კადრებმა შოკი მომგვარა. საბედნიეროდ, ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც 2000 წელს გიგუს კანონის ამოქმედების შემდეგ არა გვაქვს ადამიანის ხელბორკილით ჩვენების უფლება“, ამბობს ობრი, რომელსაც სჯერა, რომ „ არ შეიძლება, შეარცხვინო ადამიანი, რომლისთვისაც ჯერ არ გამოუტანიათ განაჩენი.“

იქვე სოციალისტების ლიდერმა თანაპარტიელებს მოუწოდა, „საბრძოლო სულისკვეთებით“ გაერთიანებულებმა გააგრძელონ მზადება მომავალი წლის არჩევნებისათვის. სოციალისტებს 24 წელია, აღარ გაუმარჯვიათ საპრეზიდენტო არჩევნებში და იმედს ახლა სწორედ დომინიკ სტროს-კანზე ამყარებდნენ. მას, მართალია, ოფიციალურად ჯერ არ ჰქონდა წამოყენებული საკუთარი კანდიდატურა, მაგრამ აშკარა ფავორიტად იყო აღიარებული. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, სტროს-კანს პირველი ადგილი ეკუთვნოდა მაშინ, როცა ამჟამინდელი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი მესამეზე იყო სტროს-კანისა და ულტრამემარჯვენეების ლიდერის, მარინ ლე პენის შემდეგ.

თითქოს ნიუ-იორკის სკანდალი საკმარისი არ იყო, ორშაბათს სტროს-კანს ახალი თავსატეხი დაემატა ინფორმაციით, რომ მას, შესაძლოა, ფრანგმა მწერალმა ტრისტან ბანონმა უჩივლოს 2002 წლის ამბის გამო. საქმე ამ შემთხვევაშიც სექსუალური ძალადობის ბრალდებას ეხება. ტრისტან ბანონის დედამ, ანა მანსურემ კვირას, საფრანგეთის ტელევიზიაში გამოსვლისას გაიხსენა, რა გადახდა მის ქალიშვილს. ჩემმა ქალიშვილმა თვითონ მითხრა, რაც მოხდაო, თქვა მან და განაგრძო: „მითხრა, რომ სტროს-კანი მას დაახტა - ეს სიტყვა იხმარა! ჩემი ქალიშვილი რომ ვნახე, ჯინსების შესაკრავი გახეული ჰქონდა, ერთი ფეხსაცმლის ქუსლი - მომძვრალი. ის მართლა ძალიან შეშინებული იყო, გაკვირვებული, შოკირებული“.

სხვათა შორის, ანა მანსურე დომინიკ სტროს-კანის თანაპარტიელი და მეგობარია. მანსურე იმასაც ამბობს, რომ 2002 წელს თვითონ ურჩია ქალიშვილს, არ ეჩივლა მოძალადისათვს და რომ ახლა ძალიან ნანობს მაშინდელ გადაწყვეტილებას.

რამდენად დაამძიმებს ეს ბრალდება დომინიკ სტროს-კანის მდგომარეობას, დროთა განმავლობაში გამოჩნდება. ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე გამოცხადება მას ისევ მოუწევს პარასკევს, 20 მაისს.
XS
SM
MD
LG