Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ევროპაში კავშირების განმტკიცებას შეეცდება


პრეზიდენტი ობამა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, შემდეგ მოინახულა დუბლინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე პატარა ქალაქ მანიგალი, სადიანაც მისი დიდი წინაპრები არიან. ქალაქის ერთ-ერთ ბარში, სადაც ობამამ იორლანდიული ლუდი გინესი დააგემოვნა, აშშ-ის პრეზიდენტს ოვაციებით შეხვდნენ. თუმცა, ნამდვილი ტრიუმფი ამერიკის პრეზიდენტს დუბლინში ელოდა, სადაც მას და პირველ ლედის, მიშელ ობამას ათასობით ადამიანი ელოდა. დუბლინის „კოლეჯ გრინში“ სიტყვით გამოსვლისას, ობამამ რამდენჯერემ გაუსვა ხაზი მის ირლანდიურ წარმომავლობას და ირლანდიელი ემიგრანტების როლს შეერთებული შტატების ისტორიაში.

„იმისათვის, რომ მომავალი თაობებისათვის შეექმნათ უკეთესი ცხოვრება, ირლანდიელი ემიგრანტები შეერთებულ შტატებში შრომობდნენ, იბრძოდნენ, თავს წირავდნენ და ზოგჯერ განიცდიდნენ დისკრიმინაციას, მაგრამ მათ გადასცეს თავიანთ შვილებს და შვილთა შვილების შთამომავლებს ის რწმენა, რომელსაც მეც, მათი შორეული შთამომავალიც ვატარებ.“

ევროპული ტურნეს ფარგლებში, შეერთებული შტატების პრეზიდენტის შემდეგი გაჩერება იქნება ლონდონი, სადაც ობამა სიტყვით გამოვა ბრიტანეთის პარლამენტში და, როგორც თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, ხაზს გაუსვამს „განსაკუთრებულ ურთიერთობებს“ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის, რითაც ტრადიცულად ხასიათდება ლონდონისა და ვაშინგტონის მეგობრობა.

ლონდონიდან ობამა ჩავა საფრანგეთში, სადაც 26-27 მაისს „დიდი რვიანის“ ქვეყნების - შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ბრიტანეთის, იაპონიის, იტალიის, გერმანიის, კანადისა და რუსეთის მთავრობათა მეთაურების სამიტი გაიმართება. სხვადასხვა საკითხების გარდა, ბარაკ ობამა შეეცდება ზეგავლენა მოახდინოს „დიდ რვიანზე“, რათა განვითარებულმა ეკონომიკებმა დახმარება გაუწიონ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას, სადაც სახალხო გამოსვლები ავტორიტარული ლიდერების მრავალწლიან მმართველობას უპირისპირდება. 19 მაისს გაკეთებულ განცხადებაში ბარაკ ობამამ ეგვიპტესა და ტუნისზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენ ვთხოვეთ მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს, „დიდი რვიანის“ მომდევნო კვირის სამიტისათვის შეიმუშაონ ეგვიპტისა და ტუნისის ეკონომიკების მოდერნიზებისა და სტაბილიზებისათვის საჭირო ღონისძიებათა გეგმა. ჩვენ ერთობლივად უნდა დავეხმაროთ მათ, გადალახონ დემოკრატიული ჩავარდნები, და მხარი დავუჭიროთ მთავრობებს, რომლებიც ამ წლის ბოლოსთვის უნდა აირჩიონ. ჩვენ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს, დაეხმარონ ეგვიპტესა და ტუნისს უახლოესი ფინანსური პრობლემების მოგვარებაში.“

„დიდი რვიანის“ შეხვედრების პარალელურად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, რომელთანაც, როგორც 20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ბენ როდისმა, ობამას აქვს მჭიდრო სამუშაო კავშირები“, რომლის დროსაც ფართო დღის წესრიგით განიხილება მოსკოვისა და ვაშინგტონისათვის ორმხრივ საინტერესო საკითხები - მათ შორის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება და ნატო-რუსეთის მზარდი თანამშრომლობა.

27 მაისს ობამა პოლონეთში ჩადის, სადაც იგი პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკისა და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდება. განსახილველ საკითხთა შორის იქნება ნატო, ევროპის უსაფრთხოება და ეკონომიკური თანამშრომლობა. თეთრი სახლის თანახმად, პოლონეთი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ის თეთრი სახლის უსაფრთხოების პოლიტიკის ყურადღების ცენტრში რჩება. დემოკრატიის განვითარების ფარგლებში, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას ბარაკ ობამა განიხილავს ასევე ვითარებას ბელორუსიაში, სადაც 19 დეკემბრის დემონსტრაციის შემდეგ ხელისუფლება რეპრესიებს მიმართავს პოლიტიკურ ოპონენტებზე. ევროპული მედიის თანახმად, ობამა ყურადღებას გაამახვილებს პოლონეთის ფიქლის გაზის მნიშვნელობაზე ევროპული ენერგეტიკული უსაფთხოებისათვის. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ პოლონეთში არსებული ფიქლის გაზის საბადო, წინასწარი გათვლებით, 5.3 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG