Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის ნაჭრილობევი პრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს


საუდის არაბეთის ხელისუფლების ინფორმაციით, იემენის პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰს ქირურგებმა გულმკერდიდან წარმატებით ამოუღეს ნაღმის ნამსხვრევი, რომლითაც სალეჰი სარაკეტო იერიშის შედეგად დაიჭრა საკუთარ სასახლეში. სალეჰი, რომელიც საუდის არაბეთში საოპერაციოდ 5 ივნისს გადაიყვანეს, თავს კარგად გრძნობს და, გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს. თუმცა რამდენად მოახერხებს იგი ამას, ძალიან ძნელი სათქმელია, რადგან იემენში სახალხო მღელვარება სულ უფრო და უფრო ძლიერდება.

საგეგმო კომიტეტი მოუწოდებს ყველა ეროვნულ ძალას და პოლიტიკურ პარტიას, დაიწყონ ფორმირება გარდამავალი საპრეზიდენტო საბჭოსი, რომელიც ყველა ეროვნული გაერთიანების წარმომადგენელი იქნება...

მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმებისა, 5 ივნისს ძალადობას ჰქონდა ადგილი იემენის დედაქალაქ სანაში. ხელისუფლებასთან დაპირისპირებული დისიდენტი ლიდერის, შეიხ სადიყ ალ აჰმარის ოფისის ინფორმაციით, სამი მათი მომხრე დაიღუპა დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. ორი კვირის განმავლობაში იემენში მომხდარი შეტაკებების შედეგად 200 კაცი დაიღუპა. სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა თავად ქვეყნის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი, რომელიც 3 ივნისს, ლოცვის დროს, სარაკეტო იერიშის შედეგად მკერდის არეში დაიჭრა. თავდასხმის დროს დაიღუპა სალეჰის დაცვისა და გარემოცვის 7 წევრი. რაც შეეხება თავად სალეჰს, გადატანილი ოპერაციის მერე იგი ორი კვირა დარჩება საუდის არაბეთში და შემდეგ, როგორც ოფიციოზი იუწყება, მოვალეობის შესასრულებლად უკან დაბრუნდება. თუმცა მტკიცე ოპოზიციამ, შესაძლოა, სალეჰის უკან დაბრუნებას ხელი შეუშალოს.

დაჭრილი სალეჰის საუდის არაბეთში გამგზავრება სანაში ზეიმით აღნიშნეს. ამ ფაქტს ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი სიხარულით აღნიშნავდა, როგორც ქვეყანაში პოსტსალეჰის ერის დადგომას.

ანტისამთავრობო გამოსვლები იემენში იანვრიდან გრძელდება ერთი უმთავრესი მოთხოვნით, გადადგეს სალეჰი, რომელიც არაბული სამყაროს უღარიბეს ქვეყანას 33 წელია მართავს.
5 ივნისს სანაში გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ვასემ ალ გორაშიმ, მნიშვნელოვანი ისტორიული დღე უწოდა საუდის არაბეთში სალეჰის წასვლას და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, ძალაუფლების ხელში ასაღებად მოემზადონ:

„საგეგმო კომიტეტი მოუწოდებს ყველა ეროვნულ ძალას და პოლიტიკურ პარტიას, დაიწყონ ფორმირება გარდამავალი საპრეზიდენტო საბჭოსი, რომელიც ყველა ეროვნული გაერთიანების წარმომადგენელი იქნება. ეს საბჭო შექმნის გარდამავალ მთავრობას და ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომელიც რეალობად აქცევს იემენელი ხალხის თავისუფლებისა და კეთილდღეობის მოთხოვნებს.“

სალეჰის საქციელმა აღაშფოთა ამერიკის შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი - ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში მტკიცედ უჭერდნენ მხარს მას, როგორც იემენში მოქმედი „ალ ყაიდის“ წინააღმდეგ მოკავშირეს. მას შემდეგ, რაც სალეჰი საუდის არაბეთში გაემგზავრა, ვაშინგტონი გამოვიდა მოწოდებით, „იემენში ძალაუფლების მშვიდობიანი და კანონიერი გადაცემა მოხდეს“. სალეჰის ნებაყოფლობას ცდილობს, თავის მხრივ, საუდის არაბეთი, რომელიც ესწრაფვის შეზღუდოს ანტისამთავრობო გამოსვლების ტალღა არაბულ სამყაროში. თუმცა სალეჰი ძალაუფლებას ებღაუჭება და, როგორც მისი ოფისი აცხადებს, ოპერაციის შემდეგ კვლავ აპირებს დაბრუნდეს იემენში, სადაც მრავალი მისი გენერალი და ელჩი ოპოზიციის მხარეს გადასვლას განაგრძობს. არსებობს საშიშროება, რომ სალეჰმა ხელისუფლება გადააბაროს თავის უფროს შვილს, აჰმედს, რომელიც გავლენიან რესპუბლიკის გვარდიას ხელმძღვანელობს და იემენის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მღელვარების დაწყებამდე ოფიციალურად დაასახელა თავის მემკვიდრედ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG