Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ოპოზიციური რვიანი” იწყებს ახალ მოძრაობას


”ოპოზიციური რვიანი” საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ახალ მოძრაობას იწყებს. დეტალებზე სასაუბროდ ”რვიანის” ლიდერები საზოგადოების წარმომადგენლებს დღეს თბილისში შეხვდნენ დახურულ კარს მიღმა. მანამდე 8 პარტიამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ხელისუფლებას შარშან, ნოემბერში წარუდგინეს წინადადებები სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელი ცვლილებებისთვის და ურთიერთკომპრომისები შესთავაზეს, თუმცა, შეთანხმების გზა ხელისუფლებას დღემდე არ აურჩევია. ამ ვითარებაში ”ოპოზიციური რვიანი” გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკურ პროცესებში მისი მთავარი მონაწილის, ხალხის უშუალოდ ჩართვას და აქტიურობას. ”სამართლიანი არჩევნებისთვის მშვიდობიანი, კონსტიტუციური და მასშტაბური სამოქალაქო მოძრაობა წარიმართება სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მოქალაქეების თანამონაწილეობით. ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე საზოგადოების მხარდაჭერას დავაფიქსირებთ საერთო სახალხო გამოკითხვის ჩატარებითაც. ჩვენი ამოცანაა ხალხს მივცეთ ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შესაძლებლობა, რაც უნდა განხორციელდეს თავისუფალი არჩევნების ჩატარებით, ან გაყალბების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების არცნობის გზით”, - ნათქვამია ”ოპოზიციური რვიანის” დღევანდელ განცხადებაში. 8 პარტია ამ ამოცანების შესრულების გზად ასახელებს საკუთარი უფლებების დასაცავად მობილიზებული მოქალაქეების აქტიურობას დღეიდან არჩევნებამდე და 3 500-ივე საარჩევნო უბანზე, ასევე საერთაშორისო, დემოკრატიული თანამეგობრობის მხარდაჭერას. ”რვიანი” ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას რჩება ერთიანი პოზიციის მქონე მხარედ და თუ ხელისუფლება მზად იქნება კონკრეტულ საკითხებზე ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღოს, მათ მომზადებაში ჩაერთვება.
XS
SM
MD
LG