Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 28 ივნისი, 2011


ფილიპოვების ისტორიით დავიწყოთ. ამ ოჯახმა სახელმწიფოსთვის, საერთო ჯამში, 65 წელი ფრონტზე გაატარაო, - წერს „ნოვაია გაზეტას“ ავტორი ელვირა გოლუხინა, - მეორე მსოფლიო ომით დაწყებული, ავღანეთით დამთავრებული… ოჯახის ქალბატონი წევრებიც კი ყოფილან ფრონტზე… მშვიდობის მოსვლის შემდეგ, ოჯახი დღემდე სახლში წვიმას ტაშტებით აგროვებს… მოკლედ, რაღაც მომენტში ჩინოვნიკური ფენის გარღვევა ვერ შეძლეს და გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვან, ეს არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცავდითო, განუცხადებიათ ძმებ ფილიპოვებს და მამის დედის სახელით მუნდირები, ზედ მიმაგრებული ჩინ-მედლებით სისტემისთვის უკან დაუბრუნებიათ… ვიღაც ჩინოვნიკისთვის მიუციათ პრეზიდენტისთვის გადასაცემად… ჩინოვნიკს უკითხავს, იქნებ რაიმე სხვა ფორმა მოვძებნოთო… დღეს რაიმე სხვა ფორმა, ათწლეულების იგნორირების შემდეგ?... არაო, წერს ავტორი, ძმებს ასწავლეს, რომ არ უნდა ეშინოდეთ… ჰოდა, ძმები სისტემას მედლებს მტკიცედ იმ დღეს უბრუნებენ, როცა გარშემო ხალხი გამარჯვების აღლუმის ეიფორიითაა გაბრუებული… 24 ივნისის ზეიმი…

ძალა არაპროპორციულიაო, - წერს სტატიის ავტორი. - ერთი მხრივ, ძლევამოსილი სისტემა, საკუთარი ბიუროკრატიულ მრავალშრიანობით და, მეორე მხრივ, ერთეული ინდივიდები, რომელთაც თავზე გახვრეტილი სახურავი აქვთო… თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ძმებმა თავისი თქვეს…

ვლადიმირ პუტინი და საერთო რუსული ეროვნული ფრონტი საკუთარ რიგებში ორგანიზაციათა გაწევრიანებას მათი თანხმობის გარეშე ახდენს, თუმცა არა ყოველთვის წარმატებით. საერთო რუსულ იდეას არქიტექტორების ჯგუფმა გაუწია წინააღმდეგობა და განაცხადა, რომ არ სურთ მკვდარ ორგანიზაციულ სტრუქტურაში ყოფნა, არქიტექტორებმა საკუთარი ჯგუფი საერთო რუსული ეროვნული ფრონტის რიგებიდან ამოაშლევინეს… „ვედომოსტის“ სტატიაში ფონდის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ არანაირი სანქცია ამას არ მოჰყვება, ისინი შემოქმედებითი ხალხია და ფონდში გაწევრიანება ნებაყოფლობითიაო…

შეიძლება ითქვას, ძალიან საინტერესო სტატიაა „ნოვაია გაზეტაში“, რომელიც გაფორმებულია ნახატით: დათვი წყალში დგას და ზურგზე თეთრებში გამოწყობილი გოგონა აწევს… გააძევებენ თუ არა რუსეთს ევროსაბჭოდან… ასეთია მთავარი შეკითხვა სტატიის და მასში საუბარია სახელმწიფო „დუმაში“ გასულ ახალ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი იტოვებს უფლებას ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნითი სიტყვა რუსეთის ფედერაციამ თქვას, ანუ გადაწყვიტოს, რას ეთანხმება და რას არა. კიდევ უფრო მარტივად: რაც უნდა, შეასრულოს, და რაც არ უნდა, არა… „დუმაში“, მოგეხსენებათ, უმრავლესობა მმართველი პარტიის წევრია და ამიტომ შესული კანონები ბეჭედდარტყმული გამოდის ხოლმე, როგორც წესი… თუმცა ჯერ კანონის ეს საინტერესო პროექტი ბოლომდე არ გასულა. „ნოავაია გაზეტაში“ ბრიუსელელი კორესპონდენტი ალექსანდრ მინეევი კრიტიკული მიდგომით ფაქტებს ალაგებს, თუ რა და როგორ მოხდა რუსეთსა და ევროსაბჭოს შორის. მინეევი იხსენებს, როგორ გარბოდნენ ქვეყნები ევროსაბჭოში საბჭოეთის დაშლის შემდეგ და როგორ უმტკიცებდნენ, დემოკრატიულები გავხდებითო. საბჭოც ფიქრობდა, ფესვები აქვთ ევროპული და თავისით მივლენ დემოკრატიულ ღირებულებებამდეო… აქ კი მინეევი დიდ კითხვის ნიშანს სვამს და შეგვახსენებს, რა მოხდა სინამდვილეში. მოხდა ის, რომ შეიღება ფასადი, მომზადდა ნიღაბი, ფორმა... ევროსაბჭო რუსეთის ელიტისთვის იყო სტატუსის ნაწილი, როგორც ბინა რუბლოვკაზეო. შინაარსი არ ყოფილა მნიშვნელოვანი, მთავარი იყო იმიჯი. ამიტომაც ყოველ ჯერზე, როცა რუსეთის ელიტის ფულადი ნაკადების გაკონტროლებას ცდილობდა ევროპა, სახელმწიფო დონეზე დიდი წინააღმდეგობა ხვდებოდაო, სხვაგვარად ოქსფორდ სტრიტზე შოპინგს ვერ შეძლებდნენო… ევროპაც იყო ჩუმად, თუნდაც ჩეჩნეთის დროს, თავში რუსული გაზის ფაქტორი ჰქონდაო…
თუ მსგავსი კანონი რუსეთში გავიდა, ევროპის საბჭომ შესაძლოა რუსეთს წევრობა შეუჩეროსო, ამბობს ავტორი და მოჰყავს სტრასბურგელი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტთა მოსაზრებები… ამავე დროს, ავტორი საუბრობს რუსეთში ანტიდასავლური დისკურსის გაძლიერებასა და იმ უფსკურლზე, რომელიც სულ უფრო იზრდება პრეზიდენტ მედვედევის ღიად გამოხატულ რიტორიკასა და სახელმწიფო დონეზე რეალურ ქმედებებს შორის… თუმცა მინეევი იმასაც ამბობს, ძალიანაც კარგი, თუ გააძევებენო… მაშინ ხელს აღარაფერი შეუშლით დაბლოკონ ჩინოვნიკების ფულადი ანგარიშებიო… უბრალოდ, პრობლემა, მინეევის აზრით, შესაძლოა გახდეს ის, რომ ამ გზით სისტემის მსახურებზე მეტად დაზარალდება ქვეყანაში ახლად აღმოცენებული დემოკრატიული იმპულსები და ის ხალხი, ვინც ღირებულებებს არა ფორმის, არამედ შინაარსის დონეზე მისდევს…
XS
SM
MD
LG