Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უშველა ბახმა მარეი პერაიას


პიანისტი მარეი პერაია
პიანისტი მარეი პერაია
როცა ძალიან გიჭირს და დახმარებას ეძებ, ცდილობ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს მიმართო. ასე მოიქცა პიანისტი მარეი პერაიაც, როცა სრულიად უწყინარი ჭრილობა ისე გაურთულდა, რომ დაკვრაზე უარის თქმა აიძულა. სასოწარკვეთილმა მუსიკოსმა თავი ინუგეშა იოჰან სებასტიან ბახის მუსიკით - ბახის მუშაობისა და სწავლების სტილის, მისი ნაწარმოებების საფუძვლიანად გაცნობით. რამდენიმე წლისა და რამდენიმე რთული ოპერაციის შემდეგ ის ისევ დაუბრუნდა ფორტეპიანოს. უდიდესი წარმატებით. მაგალითად, „გოლდბერგის ვარიაციებს“, რომელიც მარეი პერაიამ ავადმყოფობის შემდეგ ჩაწერა, ბახის ამ ნაწარმოების ერთ-ერთ საუკეთესო შესრულებად აღიარებენ.

„ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობდა ბახი თავის მოსწავლეებთან. ეს იყო ძალიან მრავალმხრივი, მრავლისმომცველი მუშაობა, მოითხოვდა პოლიფონიის წესების, კონტრაპუნქტის დასაუფლებელ ვარჯიშებს, დისონანსის გადაწყვეტის შესწავლას. რაღაცნაირად ვგრძნობ, რომ ამის შესწავლის იგნორირება არ შეიძლება - რაღაცას დაგაკლებს, როგორც მუსიკოსს. საჭიროა ფიქრი. ეს არ გამორიცხავს ინსტინქტს. ინსტინქტი მუდმივად იღებს გადაწყვეტილებებს“, - ამბობს მუსიკოსი.

მარეი პერაია 1947 წელს დაიბადა ნიუ-იორკში, ებრაელთა ოჯახში, რომელიც 1935 წელს გადასახლდა საბერძნეთიდან შეერთებულ შტატებში. ბავშვმა ადრევე გამოამჟღავნა მუსიკალური ნიჭი და ოთხი წლის ასაკში შეუდგა ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლას. თუმცა, სერიოზული ინტერესი და მონდომება 15 წლის ასაკამდე არ გამოუვლენია. აი, 15 წლისას რა დამემართა, მე თვითონ არ ვიციო, ამბობს მუსიკოსი. ამ მოტივაციის წყალობით, პერაიამ მალე მიაღწია წარმატებებს ჯერ შეერთებულ შტატებში, 25 წლის ასაკში კი უკვე საერთაშორისო სარბიელზეც. 1972 წელს გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა ლიდსის საფორტეპიანო კონკურსში. ამის შემდეგ პერაია კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს შორის აღმოჩნდა, თანამშრომლობდა ბრიტანელ კომპოზიტორ ბენჯამინ ბრიტენთან, რუმინელ პიანისტ რადუ ლუპუსთან, ლეგენდარულ ვლადიმირ ჰოროვიცთან, ხმის ჩამწერ წამყვან კომპანიებთან. განსაკუთრებულ წარმატებად არის აღიარებული მოცარტისა და ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტები, რომლებიც პერაიამ ინგლისის კამერულ ორკესტრთან და ნიდერლანდის სამეფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერა 70-იან და 80-იან წლებში.

აი, ასეთ კარიერას მოუღო ბოლო ერთმა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივმა შემთხვევამ: 1990 წელს პერაიამ თითი გაიჭრა ქაღალდით. მარჯვენა ხელის ცერა თითი. მაგრამ, საუბედუროდ, ჭრილობა გაურთულდა. მას ანტიბიოტიკებით მკურნალობა დასჭირდა, რამაც ცუდად იმოქმედა, ზოგადად, ჯანმრთელობაზე. 1992 წელს მძიმე ანთებითი პროცესის გამო პერაია, ფაქტობრივად, ვეღარ ხმარობდა მარჯვენა ხელს. პიანისტის კარიერასთან გამოთხოვებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მას რთული ოპერაციები სჭირდებოდა.

ასეთ მძიმე ვითარებაში „უშველა“ პერაიას იოჰან სებასტიან ბახმა... რახან დაკვრა აღარ შეეძლო, პერაია ნაწარმოებებს უსმენდა, თეორიულ ცოდნას იმდიდრებდა.

„ეს არ არის მხოლოდ მშვენიერი მელოდიები, ან კეთილხმოვანი ჰარმონია“, - ამბობს პიანისტი და განაგრძობს - „ აქ არის კონტრაპუნქტი. კონტრაპუნქტი ძალიან რთული თემაა. კონტრაპუნქტი ნიშნავს რამდენიმე ხმას ერთდროულად. თითოეულს აქვს თავისი ინდივიდუალობა და, ამავე დროს, ყველა მონაწილეობს რაღაც უფრო დიდში, ვიდრე თვითონაა, მონაწილეობს რაღაც მთლიანში. და ბახმა რაღაცნაირად იცის ცალკეული ხმებისა და მათი შერწყმის საიდუმლო: ის ქმნის განწყობებს, ატმოსფეროს, სათქმელს, რომელიც ცდება ყველაფერს, რასაც მანამდე უარსებია და, გარკვეულწილად, უფრო ღრმაა, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი, რაც შემდეგ გაკეთებულა“.

ბახისადმი ამ განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, მარეი პერაია, რომელიც 1997 წელს დაუბრუნდა საკონცერტო დარბაზებს, ცხადია, არა მარტო კონტრაპუნქტის ოსტატის ნაწარმოებებს ასრულებს. 2003 წელს მას გრემის პრემია ერგო შოპენის ეტიუდების ჩანაწერისთვის. წელს კი დაჯილდოვდება პრემიით, რომლის ლაურეატსაც სამი ქვეყნის - გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის წარმომადგენელი კრიტიკოსები ირჩევენ კლასიკური მუსიკის საუკეთესო შემსრულებლებს შორის. ამ შემსრულებლებს უდავოდ მიეკუთვნება მარეი პერაია.
XS
SM
MD
LG