Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისევ პროტესტი და რეპრესიები ბელორუსიაში


მინსკი. 29 ივნისის საპროტესტო აქციაზე
მინსკი. 29 ივნისის საპროტესტო აქციაზე
ბელორუსიაში პროტესტი და რეპრესიები გრძელდება. ოთხშაბათს 150-მდე ადამიანი დააკავეს მინსკში გამართულ აქციაზე, რომლის მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამდნენ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ.

მინსკში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე კრიტიკულ შეფასებებს - გამოსვლებს, ან ლოზუნგებს ვერ მოისმენდით. 1000-მდე დემონსტრანტი ნელა მიაბიჯებდა ქალაქის ქუჩებში, პროტესტს კი ირონიული ჟესტით გამოხატავდა - აპლოდისმენტებით, რასაც მანქანების პიპინი უერთდებოდა.
პოლიციამ მაინც მკაცრ ზომებს მიმართა- აქციის მონაწილეებს გზა გადაუკეტა, ათობით მათგანი დააკავა და მიკროავტობუსებით წაიყვანა. ასეთივე, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბის სცენები განმეორდა ბელორუსიის რამდენიმე სხვა ქალაქშიც.
იქნებოდა, ალბათ 1000-ზე ნაკლები ადამიანი, ვინც ამ აქციაში მიიღო მონაწილეობა...

ბელორუსიაში ზედიზედ მეხუთე კვირაა, იმართება დემონსტრაციები. მათი ორგანიზატორები თანამოაზრეებს მოუწოდებენ, ყოველ ოთხშაბათს საღამოს გავიდნენ მშვიდობიან აქციებზე პრეზიდენტ ლუკაშენკოს ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. მასშტაბურ დემონსტრაციას მოელიან კვირასაც, 3 ივლისს - ბელორუსიის დემოუკიდებლობის დღეს.

პროტესტსა და რეპრესიებს ბელორუსიაში ბოლო არ უჩანს მას შემდეგ, რაც მთავრობამ მკაცრი ზომებით უპასუხა დემონსტრაციებს, რომლებიც მოჰყვა 2010 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს. ოპოზიცია და დამოუკიდებელი მეთვალყურეები აცხადებენ, რომ არჩევნებმა სერიოზული დარღვევებით ჩაიარა. მოგვიანებით დააპატიმრეს და გაასამართლეს პრეზიდენტობის რამდენიმე ოპოზიციონერი კანდიდატი.

პოლიტიკურ დაძაბულობას ემატება მწვავე ეკონომიკური კრიზისი: ეროვნული ვალუტის კურსის დაცემით შეშფოთებული ბელორუსები უცხოურ ვალუტასა და კვების პროდუქტებს იმარაგებენ. ოთხშაბათს ბელორუსიას მეზობელმა რუსეთმა შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება 43 მილიონი დოლარის მოთხოვნით, რომელიც მინსკს მართებს რამდენიმე თვეში მიღებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ.
ეს ყველაფერი ნახევარი საათი თუ გაგრძელდა, მერე დამთავრდა და ხალხი ისევ ყოველდღიურობას დაუბრუნდა...

თუმცა, მინსკში ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ჯეიმი კირჩიკი იუწყება, საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი ჩანდა და არა ხალხი, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკური ვითარებით არის უკმაყოფილო.

„იქნებოდა, ალბათ 1000-ზე ნაკლები ადამიანი, ვინც ამ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ბევრი ხალხი მოდიოდა ქუჩაში, აქციის მონაწილეებს ხედავდა და მათ არ უერთდებოდა. რა თქმა უნდა მხარდაჭერა მაინც იყო: ბევრი მანქანას აპიპინებდა და კიდევ რას არ აკეთებდა. მაგრამ ეს ყველაფერი ნახევარი საათი თუ გაგრძელდა, მერე დამთავრდა და ხალხი ისევ ყოველდღიურობას დაუბრუნდა“, - იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი მინსკიდან.
XS
SM
MD
LG