Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა თომას ჰამარბერგის ანგარიში საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ


საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და ამ სისტემის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის გაზრდის აუცილებლობაზეა საუბარი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე. თომას ჰამარბერგის მოხსენება აპრილში, საქართველოში მისი ვიზიტის შედეგად მომზადდა და ფოკუსირებულია სასამართლო სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე. კომისარი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა თუმცა, “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა გრძელვადიანი პატიმრობის მეშვეობით ვრცელდება მსუბუქ დანაშაულზე, რაც დამაფიქრებელია სასჯელის პროპორციულობის თვალსაზრისით. თომას ჰამარბერგი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა უფრო ჰუმანური უნდა იყოს და კონცენტრირებული აღდგენით და არა სადამსჯელო სამართლის პრინციპებზე. ასევე, ნაბიჯები უნდა გადაიდგას წინასწარი პატიმრობის გამოყენების და არასრულწლოვანთათვის თავისუფლების აღკვეთის შესამცირებლად. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაზრდისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, საჭიროა შემდგომი მოქმედება, არამართლზომიერი ჩარევისგან სასამართლოს დასაცავად. ამ მხრივ, ჰამარბერგის რეკომენდაციები შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე პოლიტიკური ზეგავლენის თავიდან აცილებას და მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის დაცვას.
XS
SM
MD
LG